ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...

AutoSharing Option
უკრაინული ინტერნეტგამოცემა ua-football.com გვთავაზობს ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუს დასკვნით ნაწილს. პირველი ნაწილის თარგმანს მკითხველი მანამდე გაეცნო და იქვე შეგპირდით, რომ ინტერვიუს სრულად ამ კვირის დასაწყისისთვის შემოგთავაზებდით...

იხილეთ პირველი ნაწილი:
- ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

გადაცმული ჩივაძე
- ქართველმა ჟურნალისტმა გოჩა თანდარაშვილმა გვითხრა, რომ ბოლო 36 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მხოლოდ ერთი დღესასწაულია - 13 მაისი, როცა "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო...
- მართალი უთქვამს, სამწუხაროდ, ასეა. ეგ არის, ჩვენ ზეიმი დავიწყეთ არა 13, არამედ 15 მაისს, როცა მოსკოვში
ჩავფრინდით. დიუსელდორფში, სადაც ფინალი გაიმართა, არანაირი გართობა არ ყოფილა. ჩვენ მალევე უნდა გავფრენილიყავით ფრანკფურტში და მხოლოდ ამის შემდეგ - მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში. თბილისში პირდაპირი რეისი არ იყო. ჩაფრენამდე ნოდარ ახალკაცმა მითხრა, რომ საქართველოს "ცეკას" მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ჩარტერული თვითმფრინავი გამოგვიგზავნა.

"როცა შერემეტიევოში" ვიქნებით, გადაიტანეთ ბარგი და რამდენიმე საათში თბილისში გავფრინდებითო", - აგვიხსნა ნოდარმა.

ოღონდ მანამდე, როგორც ახალკაცმა გვითხრა, თასით ხალხში უნდა გავსულიყავით. თურმე, აეროპორტთან ათი ათასამდე მოსკოველი ქართველი გველოდებოდა... თბილისში კი მთელი ქალაქი დაგვხვდა. ჯერ ოფიციალურ პირებთან იყო მიღება, მე თასი საიმედო ხელს ჩავაბარე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. მთელი საათის განმავლობაში მისასალმებელი სიტყვები ისმოდა, მერე დავლიეთ თითო ბოკალი შამპანური და... ამ დროს შემოდის მინისტრის მოადგილე და თითქმის ყვირის - თასი წაიღეთ, მე არ ვარ პასუხისმგებელიო!

"საშა, წაიღე შინ" - დამავალა ახალკაცმა და ასეც მოვიქეცი - გადავიცვი და ისე გავიარე გულშემატკივრებს შორის, რომ ვერავინ მიცნო. დილას მივედი შინ. მშობლებს და ცოლს ვუსაყვედურე, ყველას დახვდნენ, მხოლოდ მე ვიყავი მარტო-მეთქი. დედამ ამიხსნა - აეროპორტში მივდიოდით, მაგრამ ყველა გზა გადაკეტილი იყოო. როგორც აღმოჩნდა, "გაის" ინსპექტორი არ უშვებდა. დედაჩემი ეუბნება ინსპექტორს - ჩივაძის დედა ვარო! კი მაგრამ, რამდენი დედა ჰყავს ჩივაძესო? როგორც ჩანს, ამით ბევრს უსარგებლია.

დედამ მითხრა, მესიამოვნა, მაგრამ გადარწმუნება არ მიცდია, შინ დავბრუნდითო...

კინაღამ ფინალი გამოვტოვე...
- იცით, რამ გამაკვირვა ყველაზე მეტად დიუსელდორფის ფინალის ყურებისას? იმან, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა რეაგირება არ მოახდინეს გერჰარდ ჰოპეს ცნობილ ჟესტზე...
- ჰოპეს გაუმართლა, რომ ჩვენ მისი ჟესტი ვერ შევამჩნიეთ (იცინის). ისე გამოვიდა, რომ რევანში მხოლოდ გატანილი გოლებითა და თამაშით ავიღეთ.

უნდა გითხრათ, რომ შეიძლებოდა, ფინალური მატჩი გამომეტოვებინა. თამაშამდე ერთი დღით ადრე ვარჯიში უკვე დასრულებული იყო, როცა მინდვრის კიდეზე ვესაუბრებოდი ვიღაცას და... ამ დროს სახეში ბურთი მომხვდა. დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, წამით გონებაც კი დავკარგე, სისხლდენა ვერაფრით შემიჩერეს... ჩვენი გუნდის ექიმმა ზაქარია თელიამ, გაანათლოს ღმერთმა მისი სული, მინდორზე დამაწვინა. სასტუმროში მოვედით და აღმოჩნდა, რომ ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია. წამლების მიღება არ შეიძლებოდა, დოპინგში ჩათვლიდნენ. სიცხე ხალხური საშუალებით დავიგდე - მაგარი ჩაი დავლიე. ბოლომდე მაინც ვერ მიშველეს და რჩებოდა რისკი, რომ ვერ შევძლებდი თამაშს...

ბოლოს ჟინის ხარჯზე ვითამაშე. ეს მდგომარეობა უფრო მანერვიულებდა, ვიდრე წინასამატჩო ემოციები. მართალია, 100 პროცენტით არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ თასი ჩვენ დაგვრჩებოდა, მაგრამ გამარჯვების რწმენა ნამდვილად გვქონდა. იქამდე ხომ გრანდები გვყავდა დამარცხებული - "ინტერი", "ნაპოლი", "ლივერპული"...

- ამ გამარჯვების შემდეგ თანდათან დაღმასვლა დაიწყო...
- სასწაულები არ ხდება. გუნდმა თავის პიკს მიაღწია და ასეთ დროს ჩავარდნა გარდაუვალია. გუნდზე ცუდად იმოქმედა ვიტალი დარასელიას დაღუპვამაც, ვერ მოიძებნენ ყიფიანისა და ხინჩაგაშვილის სრულფასოვანი შემცვლელები... მოკლედ, დაიწყო თაობათა ცვლა...

ბელგიასთან წაგებაში მსაჯი დაგვეხმარა!
- საშინაო არენაზე "დინამოს" მთავარი მეტოქე "არარატი" იყო?
- ჩვენს გულშემატკივრებს უნდოდათ, რომ ასე ყოფილიყო... საერთოდ, თბილისში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს. ასე რომ, ხალხისთვის ეს შეხვედრები განსაკუთრებული იყო.

მახსოვს, 70-იანი წლების შუახანებში ჩვენი გუნდის მძღოლად ერთი თბილისელი სომეხი მუშაობდა. მას ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 1976 წლის თასის ფინალის წინ თქვა: ბიჭებო, მუდამ თქვენი ქომაგი ვარ, მაგრამ ახლა არაო. ვაწყენინეთ იმ კაცს: 3:0 მოვუგეთ "არარატს".

- ...და ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ თქვენთვის მეორე მუნდიალზე ითამაშეთ, ოღონდ მაშინ ისე ხშირად აღარ თამაშობდით, როგორც ადრე...
- 1986 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ ედუარდ მალოფეევის მწვრთნელობის დროს, ლას პალმასის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. გაზაფხულის დასაწყისში კლუბში დავბრუნდი. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ტრავმა მივიღე და თითქმის ორი თვე მოვუნდი აღდგენას.

- შეკრებების სპეციფიკამ ხომ არ იმოქმედა? ცოტა ხნის წინ ოლეგ კუზნეცოვმა ასეთი ისტორია მოჰყვა - "კანარებზე შეკრება კი არა, კურორტია, ჩაატარებ მატჩს და ისევ პლაჟზე წევხარ. რაღაც ტურნირი ვითამაშეთ და ვერც კი მოვიგეთ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ წარმატების ფუნდამენტს კი არ ვყრიდით, არამედ შვებულებას ვაგრძელებდით"...
- არ ვიცი, რამ მოახდინა გავლენა. სწორედ იმ ტურნირზე გავხდი საუკეთესო, რომელიც ოლეგმა გაიხსენა. მალოფეევის გადადგომაში ის თავადვე იყო დამნაშავე. მოსამზადებელი პერიოდისას ხშირად ვაგებდით, ეს მისთვის განზრახ არავის გაუკეთებია, ვიღაცამ გამოიგონა ეს ისტორია, რომელიც არ ყოფილა...

და მაინც, მაისის დასაწყისში, როცა თასების თასზე გამარჯვებული კიეველები, ჩერნობილის აფეთქების გამო, სამშობლოში კი არა, მოსკოვში დაბრუნდნენ, რეკავს ლობანოვსკი და მეუბნება, რომ ჩემი იმედი აქვს. ის მალოფეევის ადგილზე დანიშნეს.

მოსამზადებელი ციკლის ბოლო პერიოდში ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდი. ჩავფრინდით მექსიკაში და სასტარტო მატჩამდე ოთხი დღით ადრე ლობანოვსკი მეკითხება: შეძლებ თუ არა მთელი ძალით თამაშსო? დარწმუნებით ვუპასუხე, რომ შევძლებდი, მაგრამ თამაშამდე ტრავმამ თავი კიდევ შემახსენა. შინ დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ლობანოვსკიმ დარჩენაზე დამითანხმა. ჯგუფის სამ შეხვედრაში არ მითამაშია. ინდივიდუალურად დავრბოდი.

ბელგიელებთან მერვედფინალური მატჩის წინ ლობანოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა. ჩემთან მოდის ცხონებული კოტე მახარაძე და მეუბნება - ლობანოვსკიმ თქვა, ჩივაძე ითამაშებსო.

ძალიან გამიკვირდა. არადა, დილით ნიკიტა სიმონიანი შემოვიდა ჩემთან და მითხრა - ეს ჯგუფური ეტაპი აღარ არის, მერვედფინალია, წაგებული ვარდება და თამაშის დასაწყისში რომ დაიმტვრე, ტრაგედია იქნება, მზად ხარ, თადარიგში დარჩეო? ვუთხარი, რომ თუ საჭირო იქნებოდა, დავრჩებოდი. მითხრა, ცოტა კიდევ გამოჯანმრთელდები, დანიელები ესპანელებს მოუგებენ და მათთან მეოთხედფინალში ითამაშებო.

რა გამოვიდა? დანიას ლამის მარტომ მოუგო ბუტრაგენიომ, ჩვენ კი ბელგიასთან წაგებაში მსაჯი დაგვეხმარა. თამაშის შემდეგ ლობანოვსკი ცუდად გახდა, გასახდელში ექიმებმა მოიყვანეს გონზე...

Sportall.Ge

გადადებული ქორწილი
- მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული უსიამოვნებები რომ გვერდზე გადავდოთ, კარიერაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
- ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვერ შევძელი თამაში. რა თქმა უნდა, იყო წინადადებები, მაგრამ ჩემნაირ ფეხბურთელს არავინ გაუშვებდა თუნდაც მხოლოდ იდეოლოგიური მოსაზრებების გამო. თუ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი და ნაკრების წევრი მიდის საზღვარგარეთ, გამოდის, რომ მას თავის ქვეყანაში თამაში არ აძლევს ხელს. მაშინ ამას არავინ დაუშვებდა.

- ბედის ირონიით, საბჭოთა ნაკრებში ბოლო მატჩი თბილისში ჩაატარეთ. შვედებთან 1:3 წაგების შემდეგ თქვენ წითელი ფორმით სათამაშოდ აღარ გასულხართ მოედანზე, 1987 წელს კი საერთოდ დაასრულეთ კარიერა...
- მაშინ ასეთი დრო იყო. პარტიულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თბილისის "დინამოში" სამწვრთნელო მუშაობაზე უნდა გამეკეთებინა კონცენტრაცია... იყო ნიუანსები, რაზეც ახლა არ ღირს ლაპარაკი, არ მინდა, ზოგიერთი გავანაწყენო... არადა, ლობანოვსკი მირეკავდა და დარჩენას მთხოვდა. მე ხომ მხოლოდ 32 წლის ვიყავი. მას ჩემი იმედი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე...

- როგორ შეეჩვიეთ აზრს, რომ აქტიური ფეხბურთელი აღარ იყავით?
- რთულად, ძალიან რთულად... თან პერიოდიც ძალიან რთული იყო. ოჯახი ბოლომდე დამიდგა გვერდით... მეუღლეს ყოველთვის ესმოდა ჩემი. 1981-ში დავქორწინდით, მანამდე ერთ ეზოში გავიზარდეთ...

ჩვენი ქორწილი წინასწარ დაინიშნა ჩემპიონატის ბოლო მატჩის დასრულებისთანავე. ამ დროს ნაკრებიდან მივიღე მოწვევა. ამერიკულ ტურნეში უნდა გვეთამაშა ბრაზილიისა და არგენტინის წინააღმდეგ. შინ 25 დეკემბერს დავბრუნდი. "დინამოს" შვებულება დამთავრებული ჰქონდა და ქორწილის დრო აღარ იყო. თუმცა ახალკაცს მაინც ვთხოვე - ცოლის მოყვანა მინდა-მეთქი. 3 იანვარს გვქონდა ქორწილი და შემდეგ, მთელი სამი დღით, წავედით საქორწინო მოგზაურობაში სოჭში, იქიდან კი პირდაპირ ლესელიძეში უნდა წავსულიყავი შეკრებაზე...

კარიერა რომ დავასრულე, პრაქტიკულად შევიცვალე ცხოვრების წესი. ფეხბურთელობისას თითქმის არ მქონდა თავისუფალი დრო. სულ ვმოგზაურობდით, მწვრთნელიც ყოველთვის გუნდთან ერთადაა, მაგრამ ეს ცოტა სხვა მომენტია...

ეს იყო საუკეთესო საშუალება, გვეთამაშა დიდ ფორუმზე...
- 1992 წელს თქვენ საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელი გახდით...
- ცუდია, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთს, არ მოგვცეს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება. ჩვენ კარგა ხანს მხოლოდ თამაშისთვის ვთამაშობდით. და სათამაშოც არავისთან იყო, რადგან ამხანაგური მატჩების კალენდარი კარგა ხნით ადრე დგებოდა. მეორე მხრივ, თითქმის ყველა ფეხბურთელი თვალწინ მყავდა, საზღვარგარეთ მხოლოდ კახა ცხადაძე და თემურ ქეცბაია თამაშობდნენ...

- ახრიკ ცვეიბას თუ დაუძახეთ კიევის "დინამოდან"?
- არა, მაშინ ის "ესენგეს" ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ახრიკს დიდ პატივს ვცემ. ის მოსკოვში ცხოვრობს, ხშირად ჩამოდის თბილისში. როცა ვხვდებით, კარგად ვსაუბრობთ...

- ...და პირველი შესარჩევი ციკლი...
- შეიძლება, ჩვენ საუკეთესო შესარჩევი ციკლიც კი ჩავატარეთ. ორჯერ მოვუგეთ უელსს, შინ ვძლიეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტს, ძალიან ძლიერ ბულგარეთს, ჩვენ შეგვეძლო პლეი ოფში გასვლა, რომ არა - საშინაო მარცხი მოლდოვასთან...

საწყენია, რადგან ეს ჩვენთვის საუკეთესო საშუალება იყო, დიდ ფორუმზე გვეთამაშა. მერეც გვყავდა კარგი გუნდები, მაგალითად, როცა კახა კალაძე "მილანში" თამაშობდა, ლევან კობიაშვილი "შალკეში", ლევან ცქიტიშვილი და ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგში", მაგრამ... ბედი არ იყო.

ახლა დიდ ტურნირზე მოხვედრა უფრო ძნელია, სადღა გვყავს ტოპ-ჩემპიონატებში ამხელა წარმომადგენლობა?!.

ნაკრებიდან წნეხის გამო წავედი...
- თქვენი პირველი ყოფნა ნაკრებში ინგლისთან თბილისური წაგებით დასრულდა. თუ არ ვცდები, პოსტი ტრიბუნებიდან გადაჭარბებული ობსტრუქციის გამო დატოვეთ...
- არა, მედიისგან წამოსული წნეხის გამო. ისეთები დაწერეს მაშინ ჩვენმა გაზეთებმა, ვეღარ გავუძელი.

ახლა ჩვენს გუნდს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. სერბეთთან წაგების შემდეგ თქვა - ნახეთ, სერბები რა კლუბებში თამაშობენ და სად - ქართველებიო. მაშინ, 1996 წლის ნოემბერში, მე რა უნდა მეთქვა ინგლისის ნაკრების ფონზე (იცინის)?

- ამის შემდეგ ჟურნალისტებზე გაბრაზდით?
- არა, ბევრი კრიტიკოსი შემდეგ მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ არ იყვნენ მართლები.

- საქართველოში კაცის სიტყვა კანონია?
- გააჩნია. ჩვენთან ქალსაც არ აქვს ნაკლები წონა. უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენთან პატრიარქატი არ არის. ჩემს ოჯახში სწორედ ასეა. ალბათ, ამიტომაც ვცხოვრობ ასე ბედნიერად თითქმის 40 წელიწადი მზიასთან ერთად. გვყავს ორი ვაჟი, გოგონა, ოთხი შვილიშვილი... ყველა ახლოს ცხოვრობს, ერთმანეთს ყოველდღე ვხედავთ...

- საკუთარი სახლი გაქვთ?
- გვაქვს აგარაკი, ისე კი, მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობთ... ზაფხული ახლოვდება და მალე ყველანი აგარაკზე ვიქნებით. დიდი ბედნიერებაა, როცა ერთად ვიკრიბებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
djer erti chivadze ar iyo centraluri mcveli is iyo libero anu tavisufali mcveli magitomac sheedzlo egre tavisuflad wasuliyo shetevashi da tan etamasha dazgveveze mcvelebis ...libero ukve gaqra egre mashinac ki tamashobda lobanovski da evropis umetesoba ukve totalur fexburtze iyo aqcenti....spartaks yavda xidiatulini kievi egre ar tamashobda ese igi sssr lobanavskis dros da tvit chivadze yvelaze warmatebulad Chediam chaanacvla ....ase rom chamorchenebi mashinac gvqonda 5-7 wlit da axla ki 50-70 wlit chamovrchit aq iyo statia gorel mwvrtnelze romelmac tqva simartle daingra sssr-s droindeli sistema mashindeli inerciit iyvnen arveladzeebi kinkladze da sxvebi imave inerciis bolo nayofebi iyvnen kaladze kobiashvili xizana deme da vsio matarabeli gacherda samudamod ...ai awi unda daiwyon ara nolidan aramed minusebidan ...
Auee
18:05 14-10-2017
0
საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ქართულმა ფეხბურთმა ცოტა ხანი ინერციით იცოცხლა და მიიცვალა. დღეს რამე სერიოზულზე ფიქრიც ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ჩვენ ვერ მოვესწრებით რამის მოგებას კი არა ჯგუფიდან გასვლასაც კი. თავს ნუ იწუხებთ და ნერვებს ნუ იშლით უქომაგეთ რაგბის და კალათბურთის ნაკრებებს
ზურა
01:36 31-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული