შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა...
ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი:
"20 კლუბს შევხვდით და ის ცვლილებები გავაცანით, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის განვითარების ფონდთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე რომ დამტკიცდა. კლუბებს ავუხსენით, თანხები საბოლოოდ როგორ გადანაწილდება".
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ამ კორექტივებით იცვლება არა ჯამი, არამედ პროპორციები - კლუბებს მეტი მოტივაცია
"კარგია, ცვლილებაზე განმარტების გაკეთების საშუალება რომ გვეძლევა. წინა კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში მოხდა ცვლილება და მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ კლუბებმა დამოუკიდებლობისკენ მეტი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მათმა მმართველებმა გამოიმუშაონ ის უნარები, ევროპული მართვის სტილზე გადასვლაში რომ დაეხმარებათ.
ჩვენი მიზანია, მათ კერძო სექტორიდან მეტი თანხები მოიზიდონ, ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. ფონდი კი ასეთ ქმედებებს წაახალისებს და დააფინანსებს", - ეს კი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზაზა დოლიძის სიტყვებია.
მან კონკრეტული ცვლილებების დეტალები დაასახელა:
"2017 წელს კლუბი საბაზისოდ მილიონ ლარს იღებდა. 100-ათასიანი სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან ერთი ამდენი კიდევ ემატებოდა, ანუ 100-ით 200 ათასს შოულობდა. სტიმულირების ფონდიდან დასარიცხი ფულის მაქსიმუმი 500 ათას ლარს შეადგენდა. 2018 წლიდან საბაზისო თანხა 900 ათასი გახდება, სამაგიეროდ, სტიმულირების ფონდი 600 ათასამდე გაიზრდება. ამან კლუბები ეტაპობრივად კომერციულ კალაპოტში უნდა გადაიყვანოს.
როგორ შოულობენ კლუბები ევროპაში ფულს? ტრანსფერებით, სატელევიზიო უფლებებით, სპონსორებით, ბილეთებისა და ატრიბუტიკის ვაჭრობით... ჩვენი მიზანია, ამისკენ წავიდეთ. ამიტომაა აუცილებელი, რომ გარანტირებული თანხები შემცირდეს, კლუბების ბიუჯეტებში კი მათი მოზიდული შემოსავლების წილი გაიზარდოს.
ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამას კიდევ ერთწლიანი დაფინანსება დაემატა, რომელიც ადრე 2020 წლამდე იყო გათვალისწინებული, ახლა კი მისი 2021 წლამდე გაგრძელება გადაწყდა".
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება რომ აუცილებელი იყო, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ყველაზე მეტ გაუგებრობას ეს იწვევს - რატომ არ შენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო:
"ეს პროექტი ფონდის აქტივობებში არ წერია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონები უახლოეს 5 წელიწადში 100 მილიონ ლარამდე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს.
სპორტის სამინისტრომ 10 მოედანი თავის ტრიბუნებით უნდა ააშენოს. ძალიან სერიოზული წინსვლა იქნება ბათუმში მოსამზადებელი ცენტრის გახსნა. ჯამში, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გათვალისწინებული სახსრები კი არ მცირდება, არამედ 315 მილიონ ლარამდე იზრდება. ანუ თანხის ნაწილი კლუბებს, ჩემპიონატს და მის განვითარებას მოხმარდება, ნაწილიც ახალი მოედნებისა და სტადიონების მოწყობას".
ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის აზრით, ამ ყველაფრის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტიც დაფინანსდება:
"უპრეცედენტო მოცულობით იქნება მხარდაჭერილი მწვრთნელთა განათლება, მათ შორის, ფიზმომზადების სპეციალისტების გადამზადება და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაც, რაც ფეხბურთის საფუძველია. ამ მიმართულებით 2017-21 წლებში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამოყვარულო ლიგაში 400-ზე მეტი გუნდი და 8 ათასზე მეტი ფეხბურთელია. რეგიონებში საფეხბურთო ზეიმია, სოფელი სოფელს და რაიონი რაიონს ეთამაშება, საბოლოოდ კი ქვეყნის გამარჯვებული გამოვლინდება".
დოლიძემ განმარტა, თუ როდის მიიღებენ კლუბები პრემიალურ თანხებს:
"ამ მიზნით, ორივე ეროვნული ლიგისთვის 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. მთავარ ლიგაში მოგება 20 ათასი ლარით ფასდება, ხოლო მესამედით - ქულა. ეს თანხა ეროვნულ ლიგა 2-ში, შესაბამისად, 10 ათასს და მის მესამედს შეადგენს. მეორე წრე 21 ივნისს დასრულდება და გუნდებს გამომუშავებული თანხები ივნისის ბოლომდე დაერიცხებათ.
ადრე პრემიალურებს მხოლოდ ჩემპიონები, პრიზიორები, თასის გამარჯვებული და ფინალისტი იღებდნენ. ჩემპიონატის გარდა, წლევანდელი წლიდან თასის 1/8-ფინალიდან ყველა შემდგომი ეტაპის გადალახვაზე გუნდი 10 ათას ლარს გამოიმუშავებს, ფინალისტი - 40 ათასს, ხოლო მფლობელი - 100 ათასს.
ჩემპიონატში პრემიალურების მეორე ნაწილს გუნდები დეკემბერში მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, ეს სისტემა უმოტივაციო თამაშების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი შე 3 კლასი განათლების მქონევ შენა :) სასაცილო ხარ ,სასტიკად მეცოდები ასე მწირი აზროვნების გამო. ყველასათვის ერთნაირი პირობები და ერთდროულად რომ დაეყენებინათ გასხვისების საკითხი, ტორპედოში მრავალ მილიონსაც აიღებდნენ პირველსავე აუქციონზე ,ისევ როგორც ბათუმი, სამტრედია,ჩიხურაშიც,მაგარმ შენ ამდენს რომ მიხვდე ამის ნიჭი ვინ მოგცა შეს უბადრუკო ა?