თბილისელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და კუთხურიც ჩამოაწოდეს. ირაკლი აზაროვმა შორიდან დაარტყა, ბურთი კი ოდნავ აცდა კრასნოდარელთა კარს.
"დინამომ" თავისი სათამაშო უპირატესობა მეათე წუთზე გატანილ გოლში ასახა. გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა და 1:0. შეხვედრის მე- 18 წუთზე ჩხეტიანი ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს კრასნოდარელთა კარში, თუმცა მეკარემ მოიგერია დარტყმული, საპასუხო შეტევაში კი პოპოვი გავიდა ხარშილაძესთან პირისპირ და ანგარიში გაათანაბრა.
ცოტახანში ბაბლუანი ემუქრებოდა
შეხვედრის 46- ე წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა შედეგიანი გამოდგა. შეტევის მარცხენა ფრთიდან აზაროვი შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი ბაბლუანს გადააწოდა, მისი დარტყმული კი ზუსტი გამოდგა და ბორის გონჩაროვის გუნდი ისევ დაწინაურდა. ჩვენი გუნდი უფრო გააქტიურდა და მეტოქის მეკარეს არაერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა. ბარდიშმა სიჭინავას საკმაოდ რთული დარტყმა კუთხურზე უკუაგდო.
56- ე წუთზე ბარდიში შეცდა და ჩხეტიანს მართებდა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ცარიელ კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ დინამოელებმა არ დათმეს უპირატესობა და გადამწყვეტი შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე 2:1.
გიორგი აბუაშვილი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ანატოლი ბანიშევსკის სახელობის პრიზი გადაეცა. (აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მცველის პრიზი ჩვენი გუნდის ლეგენდარული კაპიტნის- ალექსანდრე ჩივაძის სახელობის გახლდათ და იგი ორგანიზატორებმა ნეფთჩის ფეხბურთელს ახმეტოვს გადასცეს)
ბორის გონჩაროვის შეგირდებმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მთავარი პრიზიც დამსახურებულად მოიპოვეს.
თბილისელებმა ყველა შეხვედრაში იმარჯვეს. შეგახსენებთ ტურნირის ფინალამდე განვლილ გზას. ჯგუფში დინამოელებმა ბაქოს ნეფთჩი 5:1 დაჯაბნეს, მასპინძლებს- ანჟის 2:1 მოუგეს, ხოლო ვლადიკავკაზის იუნოსტი 4:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში კი ჩვენმა გუნდმა როსტოვს 1:0 მოუგო.
U14 დინამო 2:1 კრასნოდარი
გოლი: 1:0 აბუაშვილი 10" 1:1 პოპოვი 18" 2:1 ბაბლუანი 46"
U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა (ქემოკლიძე 53), სიხარულაშვილი (ფაილაძე 57), გაგნიძე, ბაბლუანი (იობაშვილი 47), აბუაშილი, ჩხეტიანი (მელაძე 60)
U14 კრასნოდარი: ბარდიში, დოცენკო, კლიუშკინი, კომარნიცკი, გომზარი, კოროვინი, ბერზიკოვი (სვინცოვი 51), ბუხაროვი (შეპიტი 40), მაქსიმოვი, კომროვი (ბაბინკოვი 59), პოპოვი
მსაჯი: ფ. შეკირხანოვი
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით