ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიულ ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში, გაიმართა ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. თავიანთ მეტოქეებს ელოდნენ ქართული კლუბებიც: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია", ხოლო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა"...

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე პოლონური "იაგელონია" იქნება. "დინამო" პოლონელებს 29 ივნისს სტუმრად დაუპირისპირდება, 6 ივლისს კი (დიდი ალბათობით) ქუთაისში უმასპინძლებს,
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პოლონურ ბარიერს დაძლევენ, მათ ჩვენი ძველი ნაცნობი "გაბალა" გამოსცდის.

იაგელონია
ბიალისტოკი, პოლონეთი
დაარსდა 1920 წელს
სტადიონი: "ბიალისტოკ სიტი" (22 372)
მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი

ვერ ვიტყვით, რომ გაგვიმართლა - ეს გუნდი ბოლომდე ინარჩუნებდა ექსტრაკლასას მოგების შანსს, თუმცა არც მეორე ადგილია წარუმატებლობა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან წავიდა მიხალ პრობიერჟი და ახლა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ირენეუშ მამროტი ასრულებს.

Sportall.Ge

"იაგას" (ასე ეძახიან პოლონელები შემოკლებით) ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ ამ კლუბის ყვითელ-წითელი მაისურით ერთბაშად ორი ქართველი ირჯებოდა - გიორგი ფოფხაძე და ნიკა ძალამიძე, რომლებმაც "იაგელონიასთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგეს...

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ამ დროისთვის "იაგელონიაში" ორი ქართველი ირიცხება და ორივე - ლუკა: მეკარე გუგეშაშვილი და მცველი ასათიანი, რომლებიც ძირითადი გუნდის ფეხბურთელები არიან.

Sportall.Ge

"იაგელონია" ტიტულებით ვერ დაიკვეხნის. გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი ახლახან დასრულებულ სეზონში აჩვენა (II ადგილი), 2010 წელს კი ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

გუნდში რამდენიმე ძალიან კარგი პოლონელი ფეხბურთელია. ლეგიონერებიდან კი გამოვარჩევთ ესტონელ კონსტანტინ ვასილიევს. საქართველოს ნაკრების მცველებს ტალინური ამხანაგური მატჩიდან (რომელიც 0:3 წავაგეთ) კარგად ემახსოვრებათ 32 წლის ნახევარმცველი, რომელმაც პირდაპირ სისხლი გაგვიშრო. ცნობისთვის, ვასილიევს ესტონეთის ნაკრებში 95 მატჩი აქვს ჩატარებული.

გუნდს ახლახან შეუერთდა 24 წლის შოტლანდიელი მცველი ზიგი გორდონი. 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ტარას რომანჩუკი კლუბში 2014 წლიდან თამაშობს. უკრაინელია ასევე 25 წლის შუახაზელი დმიტრო კომჩენოვსკი. ის ბოლოს ესპანურ "პონფერადინაში" თამაშობდა, მანამდე კი "ზორიას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

აქ არის 26 წლის ხორვატი ივან რუნიეც, რომელიც ბოლოს კვიპროსულ "ომონიაში" იყო, ხოლო უფრო ადრე დანიური "ნორდსიელანდის" დაცვას ადუღაბებდა.

24 წლისაა ბრაზილიელი მცველი გუტი. გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენს 28 წლის ირლანდიელი ფორვარდი კილიან შერიდანი. ცოტა ხნის წინ ის აპოელ-ისა და "ომონიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება. უთამაშია "სელტიკშიც".

გუნდის ძირითადი მეკარე კი ესპანეთში გამობრძმედილი სლოვაკი, 37 წლის მარიან კელემანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია გასვლით მატჩებს ანახებენ ქართული არხები და სჰინ მატჩებს წარმატებები ქარტულ გუნდებს ვუსურვებ მოგებას
gura
13:05 21-06-2017
0
ნეტა სამივე თამაში ანახონ ტორპედოს გასვლითი მატჩი
gura
13:32 21-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული