[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ 35 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ის სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტია.

ქართულ საფეხბურთო რეალობაში ხიზანიშვილი არასოდეს ყოფილა რიგითი მოთამაშე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 93 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
სხვადასხვა დროს მან ითამაშა თბილისის "დინამოში", "ლოკომოტივში", "დანდიში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლში", "რედინგში", "ქაისერისფორში", "სამტრედიასა" და ბაქოს "ინტერში".

რომ არა რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებისა, შეიძლებოდა, ხიზანიშვილს გაცილებით წარმატებული კარიერა ჰქონოდა, მაგრამ რაც
ითამაშა, გემრიელად ითამაშა და მისი ფეხბურთი ყოველთვის მიმზიდველი იყო საფეხბურთო გურმანებისთვის.

გავკადნიერდები და იმასაც დავწერ, რომ "ხიზანას" მიერ ჩატარებული ზოგიერთი მატჩი მართლაც რომ მსოფლიო დონის ფეხბურთის ნიმუში იყო, მათ შორის - სანაკრებო დონეზეც.

რბილი სათამაშო მანერის, ძალიან ტექნიკური მცველი ყოველთვის რთულად გადასალახავი ბარიერი იყო მეტოქეთათვის. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას მხოლოდ ცენტრალურ მცველად არ უთამაშია - ის ჩვენ საყრდენადაც გვინახავს და თავი არც ამ ამპლუაში შეურცხვენია...

ფაქტია - ქართულ სამწვრთნელო სკოლას ძალიან საინტერესო, თვითმყოფადი წევრი შეემატა, პროფესიონალურად განვლილი საფეხბურთო გზითა და ბევრისთვის მისაბაძი წარსულით.

"ლელო" ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრა...

საკუთარ თავს ამისთვის ვამზადებდი!
- არ არსებობს მსოფლიოში ფეხბურთელი, რომელიც იოლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. შენ ხომ მთელ შენს ცხოვრებას ცვლი... უბრალოდ, ზოგს იოლად გადააქვს ეს მომენტი, ზოგს - შედარებით რთულად.

სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ქვეცნობიერად ვამზადებდი იმისთვის, რომ მოვიდოდა დრო, როცა უნდა დამემთავრებინა საფეხბურთო კარიერა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დავაკელი საქმეს იმ გუნდში, სადაც ვთამაშობდი, თუნდაც, ბაქოს "ინტერში". კლუბს სურდა ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ მე შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. სურვილი დიდი იყო, მით უმეტეს, "ინტერი" ევროთასებზე გავიდა, მაგრამ ასე გადავწყვიტე.

ჩემი აზრით, პერსპექტივა უფრო მწვრთნელობაში მაქვს, ვიდრე იმ შემთხვევაში მექნებოდა, კიდევ რომ გამეგრძელებინა კარიერა... მოკლედ, ჩავთვალე, რომ უნდა დამემთავრებინა.

გავიღვიძე და...
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ძნელია, როცა იღვიძებ ერთ დღეს და შენში შემოდის შეგნება, რომ აღარ გააკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარდა და რომელსაც მთელი ცხოვრება აკეთებდი.

ეს მომენტი იმანაც გაამარტივა, რომ არ დავრჩენილვარ ფეხბურთს მიღმა. პრაქტიკულად, მეორე დღესვე ჩავერთე სამწვრთნელო საქმეში. შეიცვალა ის, რომ თუ ადრე მე ვუსმენდი მწვრთნელს, ახლა ფეხბურთელი მე მისმენს და ვგრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს.

Sportall.Ge

უკვე ბევრი ვისწავლე...
- ჯერ ცოტა ხანია, რაც გია გეგუჩაძესთან ვმუშაობ და მისგან უკვე ბევრი რამ ვისწავლე. გიას ჩემს კარიერაში განსაკუთრებული როლი აქვს ნათამაშები. როცა იოჰან ბოსკამპმა სულ ახალგაზრდა გამომიძახა ეროვნულ გუნდში, გეგუჩაძეც იყო მაშინ ნაკრებში. მე მას ჩემს უფროს მეგობრად ვთვლი...

მოგეხსენებათ, ჩერნოგორიასა და ბულგარეთთან ვითამაშეთ ამხანაგურად. ორივეში დავმარცხდით, მაგრამ უდავოდ სასარგებლო მატჩები იყო. არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო. ახალგაზრდულიდან სამი მოთამაშე ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული.

მიმაჩნია, რომ პერსპექტიული თაობაა. მთავარია, იყოს ოპტიმალური შემადგენლობა, თავიდან ავიცილოთ ტრავმები, თუნდაც - შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში, რომელშიც პოლონეთს ვმასპინძლობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იყოს. ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, ვთქვათ, დაგვაკლდეს ფეხბურთელთა ჯგუფი და მათი ჩანაცვლება უპრობლემოდ მოვახერხოთ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესარჩევ ციკლში წარმატებით ვითამაშოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ყველა ფეხბურთელს ბოლომდე აქვს შეგნებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ღირსების დაცვის დროს აკისრია.

რას ნიშნავს ხიზანიშვილის ფეხბურთი?
- "ხიზანიშვილის ფეხბურთი"? მე ბოლომდე არ მესმის ამ ფრაზის არსი - "ამა თუ იმ მწვრთნელის ფეხბურთი".

არიან მწვრთნელები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ ცვლიან ტაქტიკურ სქემას. მიუხედავად იმისა, აგებენ თუ იგებენ, რომელ გუნდს ეთამაშებიან - კედელთან ხარ მიყენებული ან მოგება გინდა, თუ, ვთქვათ, ფრეც გაძლევს ხელს?

ჩემი აზრით, მწვრთნელმა მოწინააღმდეგიდან გამომდინარე უნდა აარჩიოს სათამაშო ტაქტიკა. რა თქმა უნდა, გუნდი ზოგადად მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული...

Sportall.Ge

ვისგან რა დამრჩა...
- ბავშვობიდანვე გამიმართლა მწვრთნელებში. ბოლოს და ბოლოს, ვახტანგ კოპალეიშვილი და რეზო გაგუა მავარჯიშებდნენ. მერე იყო იოჰან ბოსკამპი, რომელმაც სულ ახალგაზრდას მომცა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი და ეს არასოდეს დამავიწყდება. ეს იმდენად მოულოდნელი და ემოციური იყო ჩემთვის, თამაშის წინაღამეს ტემპერატურამ ამიწია...

თქვენის ნებართვით, არ შევაფასებ იმ მწვრთნელებს, რომლებთანაც ოც წლამდე ვიმუშავე. ისინი შესანიშნავი სპეციალისტები იყვნენ, უბრალოდ, მე არ მეყოფა კომპეტენცია მათ შესაფასებლად... იმ პერიოდში ცოტა სხვა თვალით ვუყურებდი ფეხბურთს და ეს არ იყო პროფესიონალის თვალი, უფრო ემოციური ხედვა იყო. მწვრთნელი რომ სკამზე დამსვამდა, გული მწყდებოდა. მერე მივხვდი, რომ ეს არ იყო სწორი მიდგომა.

იმათგან კი, ვისთანაც მოწიფულობის ასაკში ვიმუშავე, უნდა გამოვარჩიო ალექს მაკლიში, "რეინჯერსის" მწვრთნელი, ყველაზე მეტად კი - მარკ ჰიუზი, რომელიც "ბლექბერნის" მწვრთნელი იყო, როცა ამ გუნდში ვთამაშობდი. რაღაც სხვანაირად ვაჟკაცური ხალხია უელსელები და ჰიუზიც სწორედ ასეთია...

ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, ვის ვეთამაშებოდით... მგონი, "ნიუკასლი" იყო. ვაგებდით, როცა კაცი გაგვიგდეს. ჰიუზმა თავდამსხმელი შემოიყვანა და გათანაბრდა ანგარიში. ფრეზე ვინ უსაყვედურებდა, მაგრამ ადგა და სამ ფორვარდზე გადააწყო გუნდი. და მოხდა სასწაული: ის თამაში მოვიგეთ!

მწვრთნელი უშიშარი უნდა იყოს. როცა მთელ გუნდს შენი იმედი აქვს, როგა გულშემატკივრები რწმენით გიყურებენ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიხევ უკან. ბოლომდე უნდა შეინარჩუნო რწმენა, არ გაქვს იმის უფლება, რომ სისუსტე გამოავლინო. არ უნდა დანებდე!

Sportall.Ge

ბიჭობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ...
- მეც შემხვედრია ბევრი მწვრთნელი, ყველაფერს რომ აკონსპექტებს. ქვეცნობიერად, სულ მინდოდა მწვრთნელობა და ყველაფერს ვისრუტავდი. რატომღაც, ბიჭობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ - რასაც ლაპარაკობენ, კი არ ვიწერ, ვიმახსოვრებ. არადა, რომ ვუყურებ, ჩაწერა ჯობია. ვიწერდი მხოლოდ იმას, რასაც ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ვიზუალური ეფექტი შეიძლებოდა, გამქრალიყო.

ჯერ კიდევ "დანდის" დროიდან თუ მომეწონებოდა რაიმე კომბინაცია, მის დინამიკას ვხაზავდი ფურცელზე. მერე ცოტა ხანს მივივიწყე ეს ჩვევა და არცთუ დიდი ხნის წინ, ოჯახთან ერთად რომ ვალაგებდი სახლს, ვნახე ეს ჩემი ჩანაწერები და თავიდან ჩავუჯექი...

საერთოდ, ყველა მწვრთნელს ვაკვირდებოდი, ვისთანაც მუშაობა მიწევდა. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი მესწავლა მათგან. ზოგადად, გამიმართლა იმაში, რომ სხვადასხვა საფეხბურთო გემოვნების სპეციალისტებთან ვიმუშავე. თითოეულმა მათგანმა კონკრეტული რაღაც შემძინა, გაამდიდრა ჩემი საფეხბურთო ცოდნა...

რაზე მწყდება გული...
- ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენჯერ მეცვა ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურა, ამდენჯერ ვიდექი მის ჰიმნზე და ვგრძნობდი განუმეორებელ ბედნიერებას, რასაც ვერ აღვწერ, სიტყვები არ მეყოფა...

გული სამ რამეზე მწყდება. პირველი ისაა, რომ ჩვენ ვერ შევძელით რომელიმე დიდ ტურნირზე გასვლა. არადა, თაობა იყო ისეთი, რომ რეალურად შეეძლო ქართველი გულშემატკივრების გახარება...

მეორე არის ჩაშლილი ტრანსფერი "არსენალში". თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ლონდონელებს ვაინტერესებდი, მაგრამ რომ ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რეალური იყო. ბოლო წამს ჩაშალეს ეს ტრანსფერი... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. წარსულია და აღარ ღირს. ისე კი "არსენალი" მართლაც განსაკუთრებული გამოწვევა იყო. მაშინ "ლოკომოტივში" ვთამაშობდი...

და მესამე - გულდასაწყვეტია, ფეხბურთს თავი რომ დავანებე, მაგრამ ეს გარდაუვალია. ყველასთვის დგება წასვლის დრო და არც მე ვარ გამონაკლისი...

Sportall.Ge

გზა მთავარ მწვრთნელობამდე
- ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის სამუშაო, რომელსაც დღეს ვასრულებ. გეგუჩაძემ და ჭიაბრიშვილმა ადაპტაცია გამიადვილეს. ახლა გავდივარ A ლიცენზიის კურსებს. მინდა, რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს ჩემი ცოდნა.

ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი ასისტენტობა და როდის დამიდგება სამწვრთნელო ასპარეზზე დამოუკიდებლად გასვლის დღე...

ზოგადად, მწვრთნელის ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. მახარებს, რომ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა, რომლებისაც მესმის და რომელთაც ჩემი ესმით ერთი კი არა, ნახევარი სიტყვით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზურა, ნამდვილად ერუდირებული კაცი ხარ. თუ გულით მიუდგები და არ იჩქარებ, დარწმუნებული ვარ შესანიშნავი მწვრთნელი დადგები! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
fan
01 ივლისი 2017 13:01
0
არადა როგორ დაიწყო? ყველა ვფიქრობდით, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნებოდა..! სჩანს, ნოდარის (მამის) "ჟილკა" არ გამოჰყვა (აი, რთულად გადასალახავი ბარიერი ნამდვილად ის იყო)! მაგრამ ჩვენს სინამდვილეში რიგითი, მაინც არ ყოფილა! მადლობა ზურას და წარმატებები მომავალში, სამწვრთნელო ასპარეზზე!
jiji
01 ივლისი 2017 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული