- ტრენჩინი VS ტორპედო - სტუმრად ცუდ მასპინძლებთან
- ჩიხურა VS ალტახი - ჩვენც გვაქვს კოზირები
- დინამო (ბთ) VS იაგელონია - დაივიწყეთ ყველა წარუმატებლობა!
"ლელომ" აზრი ჰკითხა საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ლადო ბურდულს, ვინც საინტერესოდ ილაპარაკა კარსმომდგარი დაპირისპირებების წინ...
ტორპედო-ტრენჩინი
- აბსოლუტურად თანაბარი წყვილია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კომპონენტში "ტრენჩინი" ფავორიტია. თავად ვიყავი ცოტა ხნის მომწონს სამწვრთნელო შტაბი, რომელიც გუნდში შეიკრიბა - კახა ჩხეტიანი, ვასო გიგიაძე, მიხეილ აშვეთია... "ტორპედო" ყველა ეპიზოდში ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს. დავამატოთ ამას ისიც, რომ კარგ ფორმაშია როგორც გუნდი, ისე ცალკეული შემსრულებლებიც.
რაც შეეხება "ტრენჩინს", რაც მე მაქვს ინფორმაცია, საჩემპიონო სეზონების შემდეგ ამ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ისევ რჩება ძალიან მებრძოლ კოლექტივად, რომელიც ყველანაირად ცდილობს, კარგი ფეხბურთი ითამაშოს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს...
ჩიხურა-ალტახი
- ჩემი აზრით, "ალტახი" უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე "ტრენჩინი". ავსტრიული ბუნდესლიგა მაღალი დონის შეჯიბრებაა და იქიდან ევროასპარეზზე გასვლა იოლი საქმე სულაც არ არის. მეორე მხრივ, "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონატში ისე სტაბილურად ვეღარ თამაშობს, როგორც, თუნდაც, წინა სეზონში, მაგრამ შემადგენლობის მხრივ საჩხერულ კლუბში ბევრი არაფერი შეცვლილა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული გუნდი წარმატებით ითამაშებს. სოსო ფრუიძე უაღრესად გამოცდილი მწვრთნელია და მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოამზადოს გუნდი კონკრეტული შეხვედრებისთვის.
აუცილებელია, საშინაო შეხვედრაში "ჩიხურამ" კარი "მშრალად" შეინახოს. საბოლოო შედეგისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დინამო (ბთ)-იაგელონია
- პოლონურ გუნდებს ძალიან კარგად ვიცნობ. მათ წინააღმდეგ ფეხბურთელობის დროსაც არაერთხელ მითამაშია და მაშინაც, როცა ბოლნისის "სიონში" ვმუშაობდი. მათი საერთო მახასიათებელია სიხისტის ზღვარზე, ხშირად უხეში თამაშიც კი და ბოლომდე ბრძოლა. ბათუმელები ისე ვერ თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატში, როგორც თავად ისურვებდნენ. მათ შეცვალეს მთავარი მწვრთნელი. ჩემი აზრით, კონსტანტინ ფროლოვი ძალიან კარგი სპეციალისტია. უბრალოდ, მას დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გუნდი თავის თარგზე მოჭრას...
რა თქმა უნდა, "იაგელონია" ფავორიტის სტატუსით ეგებება ამ მატჩს, მაგრამ მჯერა, პოლონელებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ იოლი გასეირნება. "დინამოს" ჰყავს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მათ შორის - ჩემი მეგობარი დავით კვირკველია. ოთარ მარცვალაძეც დაიმატეს...
აქაც იგივე უნდა ვთქვა, რაც - "ჩიხურას" შემთხვევაში: ბათუმელებმა როგორმე გოლი არ უნდა გაუშვან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"