დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდებიდან ყველაზე რთული მეტოქე ბათუმის "დინამოს" ერგო. პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი ბიალისტოკის "იაგელონია" თავიდანვე წყვილის ფავორიტად მოინათლა. პოლონელები არ მალავდნენ, რომ ქუთაისში ისეთი შედეგის დაფიქსირებას შეეცდებოდნენ, საპასუხო შეხვედრაში მშვიდად ყოფნის საშუალებას რომ მისცემდათ. ასეც მოხდა, სტუმრებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და ახლა საპასუხო მატჩისთვის ნამდვილად მშვიდად მოემზადებიან...

ბათუმელებიც არ იყვნენ უიმედოდ. თან, მათ დასაკარგიც არაფერი ჰქონდათ - ზღვისპირელები ქომაგებს ბოლომდე ბრძოლასა და მაქსიმუმის გაღებას ჰპირდებოდნენ. "დინამოს" საქომაგოდ ბათუმიდან საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა, 50-მდე ფანი ახლდა "იაგელონიას". შეხვედრამ ქუთაისელი
გულშემატკივრის დიდი ინტერესიც გამოიწვია და "რამაზ შენგელიაზე" 5000-მდე მაყურებელი შეგროვდა...

სტუმრის სტატუსის მიუხედავად, პოლონელებმა შემტევი ტაქტიკა აირჩიეს და დებიუტშივე შეეცადნენ მეტოქის შევიწროებას. შეეძლოთ კიდეც დაწინაურება, როცა მე-15 წუთზე მირზა ფარტენაძემ იაცეკ გორალსკი საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და ბელგიელმა არბიტრმა ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი "იაგელონიას" ირლანდიელმა ლეგიონერმა სილიან შერიდანმა შეასრულა, მაგრამ ჩვენდა გასახარად, დარტყმა ანატოლი ტიმოფეევმა მოიგერია.

ბათუმელთა უკრაინელმა კიპერმა პირველ ტაიმში გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა აშკარა გოლისგან, როცა არვიდას ნოვიკოვასის ძალზე სახიფათო დარტყმა მოიგერია.

პოლონელებს, რომლებიც თამაშის სადავეებს ფლობდნენ, ამ მომენტამდეც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ ტარას რომანჩუკმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა.

ბათუმელები მონდომების ხარჯზე ცდილობდნენ ტრიბუნების აყოლიებას, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, თან ხშირად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

შესვენებამდე მასპინძელთა ყველაზე სახიფათო იერიში ანზორ სუხიაშვილის ფლანგურ გადაცემას მოჰყვა, რომელსაც იაროსლავ კვასოვი აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და ზღვისპირელები მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ.

პირველ ტაიმში ვერგატანილი პენალტისა და გამოუყენებელი საგოლე მომენტების გამო მოსალოდნელი იყო, რომ პოლონელები ფსიქოლოგიურ წნეხში აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ სტუმრებმა თამაშის განახლებიდან მალევე შეძლეს გოლის გატანა - კუთხურის შემდეგ ტანმაღალმა პოლონელებმა ორჯერ მოიგეს საჰაერო დუელი, რომანჩუკისა და ივან რუნიეს თავური გადაცემების შემდეგ შერიდანმა შეცდომა გამოასწორა და ახლო მანძილიდან ტიმოფეევს შანსი აღარ დაუტოვა.

გოლის შემდეგ "დინამო" კი გააქტიურდა, მაგრამ სახიფათო მომენტები მაინც ტიმოფეევის კართან იქმნებოდა. პოლონელებს არც საჯარიმოში შეღწევა უჭირდათ და შორიდანაც ძალზე სახიფათოდ ურტყამდნენ. ანგარიშის გაზრდა შეეძლო ფიოდორ ჩერნიხს, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად ვერ დაარტყა.

სახიფათო იყო ნოვიკოვასისა და შერიდანის ორსვლიანი კომბინაცია, მაგრამ ბათუმელთა ბედად, პოლონელებმა ეს მომენტიც ვერ გამოიყენეს. მატჩის მიწურულს კი შერიდანმა ძელიც შეაზანზარა. შეცვლაზე შესული ლუკაშ სეკულსკის დარტყმა კი მეკარემ მოიგერია...

რამდენიმე დღის წინ "დინამომ" გამოცდილი თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე დაიმატა, რომელსაც, თითქოს, არ უნდა ეთამაშა პირველ შეხვედრაში, თუმცა ბათუმელებმა მისი განაცხადში შეყვანა მოასწრეს და 82-ე წუთზე კონსტანტინ ფროლოვმა მასაც უხმო მინდორზე.

მარცვალაძის გამოჩენას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ბათუმელებიც ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ როცა მეტოქე კლასით ერთი თავით მაღლა დგას, რთულია მხოლოდ მონდომების ხარჯზე ფონს გასვლა. დავით კვირკველიას სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, აქტიურად თამაშის მიუხედავად, ზღვისპირელებს მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონიათ. კვასოვის მიერ გატანილი გოლი კი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მატჩის შემდეგ
ირენეუშ მამროტი (იაგელონია):
"მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, შედეგით კმაყოფილი ვარ. მადლობა მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩვენ საქომაგოდ დიდი გზა გამოიარეს.

დაძაბული შეხვედრა გამოდგა. "დინამო" საკმაოდ კარგი გუნდია. ბათუმელებს ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ამიტომ საპასუხო შეხვედრასაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ".

კონსტანტინ ფროლოვი (დინამო ბთ):
"სამწუხაროდ, საშინაო მატჩში დავმარცხდით, რაც კარგი შედეგი არ არის. "იაგელონია" ჩვენზე გამოცდილი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და დღეს დამსახურებულად გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, მოედნის ცენტრში ვერ დავალაგეთ თამაში და სტუმრებს უპირატესობა დავუთმეთ. შედეგზე იმანაც იმოქმედა, რომ მეორე ტაიმში მალევე გავუშვით გოლი.

ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ანგარიში სახარბიელო არ არის, მაგრამ უშანსოდ არ ვართ. წინ საპასუხო მატჩია და შანსები 60/40-ზე იქნება პოლონელების სასარგებლოდ. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
29.06. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1
გოლი: 0:1 შერიდანი (50)
დინამო (4-1-4-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - თარხნიშვილი - ქავთარაძე (78. გორელიშვილი), შონია, თევდორაძე (65. ტვილდიანი), გრიგალაშვილი (82. მარცვალაძე) - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, მგელაძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
იაგელონია (4-3-3): კემელენი - ბურლიგა, რუნიე ტომელინი, ტომასიკი (50. სიტია) - გორალსკი, რომანჩუკი, ჩერნიხი (84. მისტკოვსკი) - ნოვიკოვასი (74. შეკულსკი), ხომჩენოვსკი, შერიდანი.
სათადარიგოები: ვენგლაჟი, გორდონი, შიმონოვიჩი, ჟიმანსკი
მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი
გაფრთხილება: გრიგალაშვილი (22), გორალსკი (30), თედორაძე (42), რომანჩუკი (68), შერიდანი (87), ტვილდიანი (89), სეკულსკი (90)
გამოუყენებელი პენალტი: შერიდანი (16)
არბიტრი: ე. ლამბერტსი (ბელგია).

სხვა მატჩები
- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმელი ვარ და ბათუმის დინამოს ქომაგი მაგრამ ასეთი უუნარო და გაუბედურებული არასდროს არ ყოფილა, შეცვალეთ ეს ...... მმართველები ბათუმში, დაეხმარეთ ერთადერთ გუნდს არ დაკარგოს ამბიციური და ერთგული გულშემატკივარი რომელიც სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად მოდის და ნახულობს რაგაც საცოდავობას, ისე თამაშობენ შეგეცოდება გუნდის სახელი.
რბ
14:59 04-07-2017
0
ვინ დაინახა დინამოს მონდომება საინტერესოა.ისეტი სჰტაბეცჰტილება დამრცჰა,ტიტქოს იზულებიტ ატამასჰებდატ ვინმე.
giorgi
11:21 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული