10:05 30-06-2017
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
AutoSharing Option
ერთხელაც დადასტურდა, რომ საფეხბურთო მატჩი 35 კი არა, 90 წუთს გრძელდება...
თუ სლოვაკებმა (რომელთა შორის ძირითადში იყო ჩვენებური შემტევი გიორგი ბერიძე) ამ შეხვედრისათვის 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩიეს, კახა ჩხეტიანმა 4-5-1 განლაგებას მიანიჭა უპირატესობა. შექმნილ სიტუაციაში, საგარეო შეხვედრის გათვალისწინებით, ეს, ალბათ, ოპტიმალური არჩევანი იყო ტორპედოელთა დამრიგებლის მხრიდან, თუმცა, საბოლოოდ, თამაშს ფეხბურთელთა გარჯა იგებს და არა - ტაქტიკური სქემა.
...არადა, "ტორპედოსთვის" თამაში შესანიშნავად დაიწყო. გიორგი ქიმაძის წინააღმდეგ სლოვაკებმა თამაშის წესი დაარღვიეს. "სტანდარტული" გრიგოლ დოლიძემ შეასრულა, შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გურულმა მეურვე საჰაერო ორთაბრძოლაში დაჩაგრა და მოხდენილი თავურით გახსნა ანგარიში.
საერთოდ, ქუთათურებმა კარგად დაიწყეს თამაში. მეტოქე ჩვენს კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. პირველი ნახევარმომენტი "ტრენჩინს" მე-20 წუთზე ჰქონდა, თუმცა მანსეს თავური არაზუსტი აღმოჩნდა...
25-ე წუთზე "ტორპედოს" უპირატესობის გაზრდა შეეძლო. ბექა ტუღუშმა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი. თორნიკე კაპანაძე მეურვეზე მაღლა ახტა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთი სულ მცირე მანძილით ასცდა "ტრენჩინის" კარს.
მალე 100-პროცენტიანი შანსიც გავანიავეთ. ქიმაძემ კარგად შენიშნა მეტოქის კარის შორეულ კუთხესთან გახსნილი დოლიძე, რომელმაც ცარიელი კუთხე კი "ჩაკეტა", მაგრამ... ოდნავ დააგვიანა და სლოვაკები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
იქვე გონგმა ვერ გამოიყენა კარგი შანსი, თორემ გაფუჭებული შანსისთვის უსათუოდ დაგვსჯიდა...
მასპინძლები თანდათან გამოფხიზლდნენ. 35-ე წუთზე როინ კვასხვაძემ ურთულესი ბურთი აუღო ნიგერიელ ზუბაირუს, მაგრამ მალევე გაგვიტანა მანსემ.
სლოვაკებმა შეატყვეს, რომ მეტოქე დაიბნა, შეტევებს უმატეს და ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც. იმ ეპიზოდში სლოვაკებს ზედმეტი თავისუფლება მივეცით საჯარიმო მოედანში... შეუჩერებელმა მანსემ კიდევ ერთხელ სცადა გატანა. მისი დარტყმული ქუთათურთა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, თორემ გოლი გარდაუვალი იყო. მერე კი, ბერიძის პასით, იმავე მანსემ კინაღამ ერთხელაც დაგვსაჯა.
ტაიმი ორი მონაკვეთისგან შედგებოდა. თუ მისი პირველი ნახევარი ქუთაისელებმა კარგად ჩაატარეს, მეორე ნაწილი, უფრო ზუსტად - დასკვნითი 15 წუთი, "ტორპედომ" აშკარად ჩააგდო.
მეორე ტაიმი ჩხეტიანმა ცვლილებით დაიწყო - მინდორზე გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილი გამოჩნდა. მწვრთნელის ჩანაფიქრით, მას შუა ხაზში თამაში უნდა დაელაგებინა, რაც ვეტერანს აშკარად შეუძლია, მაგრამ... ამჯერად მეორე ტაიმი იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, თან ერთი ფეხბურთელიც ვერაფერს შეცვლიდა...
58-ე წუთზე ორჯერ გადავრჩით. ჯერ პაურის დარტყმული ბურთი მოიგერია კვასხვაძემ, მერე კი მანსემ ახლო მანძილიდან გადააცილა ქართველთა კარს. რამდენიმე წუთში კი დოლიძის მწვავე გადაცემას დროულად ვერ გამოეხმაურა კაპანაძე.
მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე სლოვაკთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ქუთაისელებმა ბურთის "ამოტანა" დააგვიანეს და შეცვლაზე შესულმა ჰამზა ჩატაკოვიჩმა "ტრენჩინის" უპირატესობა უფრო ხელშესახები გახადა. ერთ წუთში იმავე ჩატაკოვიჩს კვასხვაძემ არ გაატანინა.
ჩატაკოვიჩის კიდევ ერთი შანსი. მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ქუთაისელ ფეხბურთელს ხვდება და კუთხურზე გადადის. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გამანადგურებელი ხდება - ამჯერად, პაურს გააქვს.
სლოვაკთა მეხუთე გოლი კი ბერიძემ შეაგდო - "ბორჯომას" ხელი არავინ შეუშალა ახლო მანძილიდან ზუსტად დარტყმაში. დარჩენილ რამდენიმე წუთში დოლიძემ ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი და თამაშიც მალევე მორჩა.
მოკლედ, გავნადგურდით სლოვაკეთში, საშუალოზე საშუალო გუნდთან, იქაური ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანთან. რასაც ფეხბურთი ჰქვია, ვითამაშეთ მხოლოდ საწყის 35 წუთში, მერე კი "ტორპედო" მინდორზე საერთოდ აღარ იყო.
ისმის კითხვა - რაში უხდის სახელმწიფო ქართულ კლუბებს ფულს? ან ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი?
- კახა ჩხეტიანი: გვინდა, ქუთაისში მატჩის შემდეგ მოედანი ღირსეულად დავტოვოთ
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
29.06. ტრენჩინი. "ნა სიჰოტი"
ტრენჩინი-ტორპედო 5:1
გოლები: 0:1 გურული (10). 1:1 მანსე (36), 2:1 მანსე (40), 3:1 ჩატაკოვიჩი (75), 4:1 პაური (81), 5:1 ბერიძე (87)
ტრენჩინი (4-3-3): ჩოვანი - შულეკი, კლეშჩიკი, ლოურენსი, სკოვაისა - პაური (84. ელმაჰდაუი), ზუბაირუ, უბინკი - გონგი (65. კვოჩერა), მანსე (74. ჩატაკოვიჩი), ბერიძე.
სათადარიგოები: მ. კლოსტერი, რ. კლოსტერი, სერმინეკი, უდე
მწვრთნელი: მარტინ საველა
ტორპედო (4-4-1-1): კვასხვაძე - ხურცილავა, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე - დოლიძე, გიგაური, მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი), ტუღუში (67. კვირკვია) - კუხიანიძე (82. ხურციძე) - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, კუჭუხიძე, ტაბატაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: გიგაური (38), შულეკი (64), მანსე (67)
არბიტრი: ტ. მარშალი (ჩრ. ირლანდია).
სხვა მატჩები
- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მესმის რომ არაა პროფეისონალი ფეხბურთელისათვის საკმარისი 2-3000 ლარი.მაგრამ თუ არაა საკმარისი ნუ ისახიჩრებ ბიძია თავს,დაანებე თავი და სხვა რაიმე აკეთე, ან საზღვარგარეთ წადი.ხომხ ედავ რომსახელწმფიოს მეტი არ სეუძლია, კერძო კლუბები კი ცოტაა და არ არიან მდიდრები?