სტადიონის სარემონტო სამუშაობის წარმოებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნიუ ქონსთრაქშენთან" 2013 წლის ოქტომბერში გააფორმა. სამუშაოები იმავე წელს, 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. კომპანია ვალდებულებას იღებდა,
ამ სამუშაოების ღირებულება 2,3 მილიონ ლარად შეფასდა. ხსენებულმა კომპანიამ ავანსად თანხის პირველი ნაწილი მიიღო, თუმცა აღნიშნულ ვადაში ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2014 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გაწყდა.
თითქმის ერთი წელი სამუშაოები შეჩერებული იყო და მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში განახლდა, ახალი ტენდერის გამარჯვებული კი კომპანია "ხიდი" გახდა. მან ავანსად 500 ათასი ლარი მიიღო და სამუშაოები 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულების პირდაპირი გაწყვეტისგან თავი შეიკავა და ვადები მას რამდენჯერმე გადაუწია, თუმცა... 2015 წლის აგვისტოს ბოლოს განშორება კვლავ გარდაუვალი გახდა...
ორი ტენდერის და ორი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის მიუხედავად, სამუშაობის დაწყებიდან 4 წელიწადში ფოთის "ფაზისი" შემოუღობავია და საფეხბურთო მოედანი გავერანდა, ხოლო დანგრეული ტრიბუნების ნაცვლად ჯერ მხოლოდ ბეტონის კედლებია ამოყვანილი.
ცნობილია, რომ ფოთის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ და პირობის დამრღვევ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და ვადაზე ადრე გაწყვეტაში ადანაშაულებს. მერია კი ფირმას ავანსის სახით მიცემული თანხის დაბრუნებას სთხოვს.
მაგრამ გაუგებარია, სად გაქრა ასობით ათასი ლარი. ფაქტი ისაა, რომ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, საქმე კი არ გაკეთდა, საფეხბურთო სამყარო და ფოთის "კოლხეთი" მოტყუებულები დარჩნენ და არარსებული ინფრასტრუქტურის გამო, თამაშების გამართვა ლანჩხუთის, ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე უწევს.
ჩვენი კი, მტყუან-მართლის გარკვევაზე მეტად, "ქართული ფეხბურთის აკვანში" ახალი სტადიონის აშენებას ველოდებით.
ამასობაში, ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებისთვის უცნობი ფაქტი გააჟღერა - თურმე სტადიონის მშენებლობაზე მესამე ტენდერი ჩატარდა.
"ახლახან მესამე ტენდერი ჩატარდა, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. არადა, ჩემი ინფორმაციით, სერიოზულმა კომპანიამ გაიმარჯვა და აპირებს, დასავლეთ ტრიბუნის დასრულებას, გასახდელების, საშხაპეების, პრეს და ვიპ-ლოჟების მოწყობას. როგორც ვიცი, გამარჯვებული კომპანიის ვინაობა რამდენიმე დღეში გამოცხადდება", - ამბობს ბარქაია.
ვნახოთ. მესამე (ტენდერი) და სამართალი?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"