10:10 07-07-2017
ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]
AutoSharing Option
- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 4:0 უნდა დაემარცხებინათ მეტოქე. პირველ მატჩში გუნდის ფიასკო, დიდწილად, 16-საათიან მგზავრობას დაბრალდა და საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა დასვენებული "ტორპედო" საკუთარი ქომაგის თვალწინ სასწაულის მოხდენას...
პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივრები "ტორპედოს" ბოლომდე გვერდით დაუდგნენ და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სანახევროდ მაინც შეავსეს.
სამწუხაროდ, ქუთაისელი ქომაგი საპასუხო შეხვედრაშიც იმედგაცრუებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ. საბოლოოდ, ტორპედოელები "ტრენჩინთან" გვარიანად შერცხვნენ.
სტუმრებმა გაცილებით ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. მათ მარტივი, კომბინაციური ფეხბურთით შეძლეს ქუთაისელთა სისუსტეების გამოყენება და ორი მატჩის ჯამში 8:1(!) გაიმარჯვეს. სლოვაკების ორ-სამსვლიანი მარტივი, მაგრამ სწრაფი კომბინაციების შედეგად "ტორპედოს" დაცვა ჰაერივით გამჭვირვალე ხდებოდა. ამას მასპინძელთა ბავშვური შეცდომებიც დაემატა და ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი შავი ფურცელი შეემატა...
არადა, "ტორპედომ" შეხვედრა რიხით დაიწყო. მე-9 წუთზე გრიგოლ დილიძის ტექნიკური დარტყმა სლოვაკთა მეკარე ადრიან ჩოვანმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდს ქუთაისელთა ზედიზედ სამი კუთხური მოჰყვა და სამივე საკმაოდ მწვავე დარტყმით დასრულდა.
შემდეგ გიორგი ქიმაძეს არ გაუმართლა, როცა მარცხენა ფლანგზე დრიბლინგს კარგი დარტყმაც მიაყოლა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.
გამოუყენებელი მომენტების გამო "ტორპედო" დაისაჯა: 21-ე წუთზე "ტრენჩინის" ნიგერიელმა მარჯვენაფლანგელმა ჰილარი გონგიმ მასპინძელთა მცველებს ჩაუქროლა და ზუსტი დარტყმით სლოვაკები დააწინაურა - 0:1.
ამ გოლის შემდეგ გონს რომ მოეგნენ, ტორპედოელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და ახლოსაც იყვნენ მიზანთან: 34-ე წუთზე დოლიძემ კუთხურიდან პირდაპირ კარისკენ ჩაახვია ბურთი, რომელიც მეკარემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი თორნიკე კაპანაძემ ვერ ივარგა.
შეტევაზე გადართულ ქუთათურებს უკან სივრცეები ღიად რჩებოდათ, რითიც სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევების წამოწყების საშუალება ეძლეოდათ. გოლის გატანასთან ახლოს იყო ანტონიო მანცე, მაგრამ მასპინძლები როინ კვასხვაძის დამაჯერებელმა თამაშმა იხსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, მარჯვენა ფლანგზე როდნი კლოსტერის აქტიურობის შემდეგ, ტორპედოელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს, რითიც კარგად ისარგებლა გიორგი ბერიძემ და მეორე მატჩის დიდი ანგარიშით წაგებაც რეალური გახდა - 0:2.
მალევე, მასპინძლები კიდევ ორ ეპიზოდში გადაურჩნენ აშკარა გოლს - კლოსტერის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კი ქუთაისელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს.
სლოვაკებმა მალე მაინც იხეირეს - გონგიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და მასპინძლების წვალებას წერტილი დაუსვა - 0:3.
აღსანიშნავია, რომ დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ოვაციებით გააცილეს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მხარდასაჭერად მის სახელსაც სკანდირებდნენ...
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
06.07. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ტრენჩინი 0:3
გოლები: 0:1 გონგი (21), 0:2 ბერიძე (48), 0:3 გონგი (64)
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა (65. ადამაძე), გურული, ქიმაძე - დოლიძე, გიგაური, ხურციძე (46. მამასახლისი), კუხიანიძე, ტუღუში (57. კვირკვია) - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ტრენჩინი (4-1-4-1): ჩოვანი - რ. კლოსტერი (76. შულეკი), კლეშჩიკი, ლორენცი (81. ჯულიენი), სკოვაისა - ელმაჰდაუი - ზუბაირუ, გონგი, უბინკი, ბერიძე - მანცე (68. ჩატაკოვიჩი).
სათადარიგოები: სერმინეკი, მ. კლოსტერი, ჰალგოში, კვოცერა
მწვრთნელი: მარტინ შეველა
გაფრთხილება: მანცე (42), დოლიძე (85), ბერიძე (88), გონგი (90)
არბიტრი: მ. ზებეცი (ხორვატია).
მარტინ შეველა (ტრენჩინი):
"რთული თამაშის მოლოდინში ვიყავით. პირველი ტაიმი ნამდვილად არ იყო ადვილი. მეტოქე აქტიურ პრესინგს თამაშობდა, უპირატესობასაც ფლობდა და სახიფათოდაც გვიტევდა, მაგრამ, როგორც კი მოგვეცა შანსი, საგოლე მომენტი გამოვიყენეთ. მან უკეთეს პოზიციაში ჩაგვაყენა.
მეორე ტაიმში შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც გაამართლა. მოვიგეთ თამაში და შედეგით ძალიან კმაყოფილნი ვართ. მადლობას ვუხდი "ტორპედოს" კარგი მასპინძლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ".
კახა ჩხეტიანი (ტორპედო):
"მარცხს პირადად ჩემს თავზე ვიღებ. თავიდან იყო ისეთი მომენტები, რომ გაგვეტანა, შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი და ამან ფსიქოლოგიურად მთლიანად მოგვშალა. ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ, ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე ვართ, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენს გუნდს შესწევს ამის ძალა.
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც დღეს დამწუხრებული გამოვედით მოედნიდან, ასეთი რამ აღარ განმეორდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კიდევ რომ იძახიან დასკვნებს გამოვიტანთო როდემდე 15-20 წელია დასკვნებში ვართ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
0
0
erti ram ver gavige,he kargo adamiano hxetians mivmartav tu xels gihlian ar gadzleven sahualebas fexb.daimato,scori seleqcia da samuhao haataro datove dzmao gundi ras alandzgieb am nalxs tavs.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული