აქტუალურ თემაზე: ჩვენი პრობლემა დილეტანტიზმია

AutoSharing Option
როდესაც "სამტრედია" აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" საპასუხო მატჩში შეხვდა და ისევ დამარცხდა, სტადიონზე ემოციებიც აღარ იყო. 3-4 ათასამდე ქართველი შინისკენ ისე გაბრუნდა, ერთი ექსცესიც არ მომხდარა.

ადრე ამ დროს ფეხბურთელებს შეაგინებდნენ, გაიხსენებდნენ, ვინ დაღუპა ქართული ფეხბურთი, იქვე მუშტაიდში ან ვერის პარკში კამათი გვიან ღამემდე გაგრძელდებოდა, ზოგჯერ გაწევ-გამოწევამდეც მიდიოდა საქმე.

ახლა არა, სტადიონზე სიჩუმე სუფევდა - ძალიან უსიამოვნო, გლოვისმაგვარი და სულისშემძვრელი.

ჩვენ სტადიონზე ქართულ ფეხბურთს ვგლოვობდით, რომელიც ადრე უზომოდ გვახარებ
და, სიცოცხლეს გვიხალისებდა და მომავლის იმედს გვიძლიერებდა. ახლა სხვაგვარადაა: უზომოდ გულს გვტკენს, სიცოცხლეს გვიმწარებს და მომავლის იმედს გვიკლავს...

...მაგრამ ახლა საქმეს გლოვა არ უშველის - წლევანდელ ევროთასებზე ძველი ქართული ფეხბურთი დაიმარხა - ის თავიდან უნდა დაიბადოს.

უბრალოდ, უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა ქართული ფეხბურთში 90-იან წლებში, რომელმაც ის წელში გაწყვიტა. ეს ძალიან არაფხიზელი პერიოდი იყო, ფეხბურთელებიც ამან დაღუპა და ხელმძღვანელებიც და სიკეთე არც ერთს მოუტანა და არც - ფეხბურთს. მერე კიდევ არაერთი მიზეზი იყო, რამაც ამ დღემდე მოგვიყვანა.

ბოლო დღეებია სულ ამაზე ვფიქრობთ საქართველოს ის ნაწილი (არც ისე ცოტა, ბევრს რომ ჰგონია) - ვისთვისაც ფეხბურთი ბევრს ნიშნავს და მისთვის ხაზის გადასმა არ შეგვიძლია.

საინტერესო პასუხი პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილმა გენმდივანმა, პაატა ბურჯალიანმა თქვა - მიზეზი არაპროფესიონალიზმია.

"აკაკი ბაქრაძე ამბობდა, რომ სტაბილური ერი არ ვართ. ამაში ბევრი რამ იგულისხმება, რაც წარმატებაში ხელს გვიშლის. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ზედგამოჭრილ დიაგნოზს ლეგენდარული ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძიძე სვამს. მისი თქმით, ჩვენი პრობლემა დილეტანტიზმშია.

ეს არის საუკუნის შეფასება და ეს ჩანაწერი ხშირად უნდა აჩვენონ ტელევიზიებმა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ დაფიქრდეს და მიხვდეს, რა გზით არ უნდა ვიაროთ და უფრო გავიზრდებით როგორც ერი. გადახედეთ საერთო სურათს - საქართველოში მხოლოდ 3 ნორმალური ბაზაა, ორიოდე გამართული სკოლაა, ორიოდე ნორმალური მწვრთნელი, ხელმძღვანელი, პროფესიონალი ფეხბურთელების ნაკლებობაც აშკარაა.

ყველაფერს სანახევროდ ვაკეთებთ, რამაზ ჩხიკვაძე სწორედ ამაზე წუხდა. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს ბურჯალიანი.

ცნობილ ინტერვიუში "ქართველების შესახებ" რამაზ ჩხიკვაძე ისეთ დეტალებზე ლაპარაკობს, რაც დღევანდელ საქართველოში და მათ შორის, ფეხბურთშიც დიდი პრობლემაა.

"ჩვენ ნიჭიერები როგორ არ გვყავს. ბევრი უდავოდ ნიჭიერი ადამიანი იბადება. მაგრამ იცით, რა გვღუპავს? დილეტანტიზმი. პროფესიას ბოლომდე არ მივყვებით და იმ დონის პროფესიონალები ვერ ვხდებით, რომელიც ამა თუ იმ საქმეს სჭირდება.

ყველაფერში ასე ვართ. მაგალითად, პოლიტიკაში დილეტანტის მეტი რა არის? ყველა პოლიტიკოსია.

ყველა გამოდის და იცის, როგორ მართოს ქვეყანა, ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი. მაგრამ საიდან იცი, ეს ხომ რთული საქმეა, არ შეიძლება ყველამ იცოდეს. ვინა ვართ ჩვენ ეს ქართველები, რომ ყველამ ყველაფერი იცის? ცოტა რომ ვიცით, ეს გვყოფნის, ღრმად აღარ გვინდა ჩავიხედოთ და ამით ვკმაყოფილდებით.

სადღაც მოსმენილსა და წაკითხულს ისე ვლაპარაკობთ, როგორც დიდი მცოდნეები. არადა, ესაა დილეტანტიზმი. აბა, წარმოიდგნეთ დილეტანტი ექიმი, რომელიც ოპერაციას აკეთებს ან ასეთივე მფრინავი, რომელმაც არ იცის, როგორ დასვას თვითმფრინავი. ასეთ დროს დილეტანტების გვეშინია, რადგან მასთან მკურნალობა თუ რეისზე გამგზავრება საშიშია. იმიტომ, რომ იქ ჩვენი თავის და სიკვდილის გვეშინია. მაგრამ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში ასეთის არ გვეშინია და უკვე შეიძლება, რადგან მისი არასწორი ლაპარაკისა და არჩევანის გამო არ მოკვდები, არ წაიქცევი და თავი არ გაგიტყდება. მაგრამ უარესი ხდება, რადგან ცხვირს სხვის საქმეში ყოფს.

მე ჩემს პროფესიაში პროფესიონალების აზრს ვითვალისწინებდი. მაგრამ არიან მსახიობები, 1-2 როლი ითამაშეს, სპექტაკლის დადგმა მოისურვეს და რაღაც გამოუვიდათ. მაგრამ ეს დილეტანტიზმია და ისეთი სპექტაკლი არ გამოგივა, როგორც პროფესიონალს. მის დარ გამოსავალს ვერ იპოვი, ის კი - იპოვის.

ასეთი დილეტანტები ჩვენ ყველა საქმეში გვყავს. ზარმაცი ხალხიც ვართ და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გვიყვარს. ამის გამოა, ფეხსაცმელს ბოლომდე კარგად რომ ვერ ვკერავთ და ჩვენთან ყველაფერი საშუალოდ არის.

ვშრომობთ, ვწვალობთ, მაგრამ საქმეს რაღაც მაინც აკლია. უცხოეთიდან ჩამოსული საქონელი კი იმიტომ მოგვწონს, რომ ის პროფესიონალის დამზადებულია. დანარჩენი მან არაფერი იცის.

პოლიტიკაში ჩვენსავით ერკვევა, მაგრამ მას დიდ დროს არ უთმობს და მასში არ ერევა. მთავარ დროს თავის საქმეს ანდომებს და დღედაღამე იმაზე ფიქრობს, უკეთესი საქონელი როგორ შეკეროს, რადან ხვალ შესაძლოა სხვამ აჯობოს და მისი პროდუქცია არ გასაღდება. ამის შიში ჩვენ არ გვაქვს. არადა, დღეს უკვე სხვა დრო დადგა და ვხედავთ, რომ დილეტანტიზმი ყველა საქმეში ხელს გვიშლის და კვანტი გვედება, ფეხზე კი ვერა და ვერ დავდექით", - ამბობდა ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე.

ასეთი მაგარი ახსნა იმისა, თუ რა გვჭირს, ბევრი არ მოიძებნება. დილეტანტიზმი გვღუპავს და ამიტომ ვისჯებით.

მაგალითი თბილისის "დინამოა", რომელიც უნიჭიერესი ფეხბურთელების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა და ნაკრებში ფეხბურთელებიც სულ ჰყავდა, მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში წარმატებებს ვერ აღწევდა.

როგორც კი ნოდარ ახალკაცი გამოჩნდა, საქმე უცებ დალაგდა, რადგან პროფესიონალი იყო, უმკაცრესი დისციპლინა დაამყარა და მთელი ეპოქა შექმნა, რომელსაც დღემდე მივსტირით.

მაგრამ წარსულზე ტირილს სჯობია ის საფუძველი ჩავყაროთ, რომელიც მსგავს ეპოქას მოიტანს და სიხარულს გაგვახსენებს, გულში დაგროვებულ დარდსა და ტკივილს კი წარსულად აქცევს.

საქართველოში ფეხბურთი აღარ არის, თორემ მისი რესურსი არსებობს - ეს საქმისთვის ბევრს ნიშნავს. არის ქვეყნები, ამის ნახევარი პოტენციალი არ აქვთ და ფეხბურთი კი გააჩნიათ. და თუ რესურსს მეტ პროფესიონალიზმსა და გულს დავამატებთ, საქმეს აუცილებლად ეშველება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
19-წლამდელთა ამ ნაკრებში მართლაც არიან იმედისმომცემი ფეხბურთელები, მაგრამ თუ სწორად არ გაირჩევა მათი შესაძლებლობები, თითოეულ თამაშში, თითოეულ მომენტში დაშვებული შეცდომები და არ გაანალიზდება სამწვრთნელო შტაბის შეცდომები, ისევ ასეთ შედეგს მივიღებთ მომავალი ნაკრებისგანაც.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მწვრთნელების დილეტანტიზმი,ანალიზის უუნარობა და არაადეკვატური სელექცია.

სანამ ამ კითხვებზე დეტალური პასუხი არ გაიცემა, უსასრულოდ გაგრძელდება ყოველი ციკლის შემდგომ ვაი-ვიშის და „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით" ძახილი.
koka
22 ივლისი 2017 15:23
0
სულ დამავიწყდა. ბატონო giorgi აი მასე, თქვენსავით უაზროდ, უკრიტიკოდ გვქონდა ხან დევდარიანის ბიჭების იმედი და ხან 17-ანების (გვარი გადამვარდდა, აი მე-4 რომ აიღეს) იმედი. სად არიან ეხლა? ავშენდით?
აი ეს იცის უკრიტიკობამ. ვაღიაროთ რომ 19-ანები თამაშობდნენ დრომოჭმულ ფეხბურთს და ფონს ინდივიდუალურად გადიოდნენ. შვედებსაც ის ფატალური შეცდომა რომ არ დაეშვათ ან მოიგებდნენ ან არა. გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძე ჩაიკეტა. არაბიძე თამაშობდა ბაბუაჩემის დროინდელ ფეხბურთს. ასე რომ მედალს ორი მხარე აქვს.
haha
22 ივლისი 2017 11:37
0
გიორგი შენ კი ამბობ 19 წლამდელებმა კარგი თამაში აჩვენეს და პოტენციალი არისო , არ გეთანხმები კარგი თამაში კი არა შედეგი უნდა იყოს შედეგი, ხოლო ამ შედეგს ვერ მივიღებთ მარტო ნიჭიერი ბიჭებით, ამ ნიჭიერ ბიჭებს უნდა ძალიან გამოცდილი მწვრთნელთა გუნდი, კარგი ბაზა და კარგი ბიუჯეტი ხო ხო კარგი ბიუჯეტი, რაც შეეხება მწვრთნელებს მე ვთვლი ესენი თითქმის ყველა ვიგინდარები არიან.
ფეოლა
22 ივლისი 2017 11:35
0
დილეტანტიზმი - უცოდინარობის სინონიმია. რა თქმა უნდა გეთანხმებით. ქართული ფეხბურთი უვიცობამ დაღუპა. საყვედურს კიდე ბურჯალიანის ნათქვამზე ვიტყვი. ფეხბურთელი იზრდება მოედანზე და არა სტადიონზე. მეორე, ბავშვები უნდა შეხვდნენ უცხოელებს. წავიდნენ ტურნირებზე აქაც მოაწყონ. უნდა გამოარჩიონ დამწყები ტრენერებინ მთელი საქართველოს მასტაბით და დაუწყონ ნელ ნელა აღზრდა. პრაქტიკული პლიუს ტეორიული, თან იმუშაონ თან ისწავლონ. ესეც უნდა დაფინანსდეს. უნდა ჩაუტარონ ტრეინინგები ჟურნალისტებს. ვწუხვარ, მაგრამ მათი შეფასებები, თამაშის გარჩევა არის დილეტანტური. კლუბების დაფინანსება უნდა შეწყდეს-თითის განძრევა არ უნდათ. მოკლედ ეს სია უსასრულოდ გრძელია.
haha
22 ივლისი 2017 11:31
0
აი ხომ წააგეს და გამოვარდნენ ჯგუფიდან 19 წლამდელები, მაგრამ ამ ბიჭებმა ისეთი თამაში აჩვენეს მე პირადად სხვა არცერთი გუნდის თამაში ასე არ მომწონებია, აქედან ჩანს რომ პოტენციალი საქართველოში საჭიროზე მეტია, რადგან თუ ასეთი ნიჭიერი ბავშვები ამ პირობებში გვეზრდება ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება როცა ყველაფერი დალაგდება, დილეტანტიზმი სამწუხაროდ აქაც გამოჩნდა და მიუხედავად კარგი თამაშIსა მე მაინც სამწვრთნელო შტაბს დავადანაშაულებდი, აქ ისეთი რესურსი იყო ჩემპიონობაც კი შეიძლებოდა.
giorgi
22 ივლისი 2017 10:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული