რეკორდი ქართულ ფეხბურთში - დავით კირკიტაძის გოლი და წამები [VIDEO]

AutoSharing Option
ფეხბურთელს მშრალი სტატისტიკით ვერ შეაფასებთ. მაგალითისთვის ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე დავით კირკიტაძე იკმარებს: ერთი შეხედვით, 9 თამაშში 2 გოლი თავდამსხმელისთვის ვერაფერი მაჩვენებელია, მაგრამ ვისაც გიორგი დარასელიას გაწვრთნილი "ტორპედოს" თამაშები უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ასეთი სასარგებლო, მწვავე და აგრესიული თავდამსხმელი საქართველოში ბევრი არ გვყავს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მას ძალიან დიდი სისწრაფე გამოარჩევს, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ფასობს.

"ლელო" უკვე წერდა, რომ ლანჩხუთის "გურიასთან" ბოლო ტურის შეხვედრაში კირკიტაძე საოცარი მოვლენის მთავარი გმირი გახდა - მან მასპინძელთა კარში გოლი... მე-8 წამზე (!) გაიტანა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არა, ბატონო, რეალურად, დათომ გოლი მე-7 წამზე გაიტანა. წამმზომი ჩართული მქონდა და ეს კარგად დავაფიქსირე. მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციიდან რევაზ შენგელია დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს საქართველოს რეკორდია!

რეზო გამოცდილი და მცოდნე კაცია, ეროვნული ჩემპიონატის სტატისტიკა პირველივე დღიდან აქვს და მიმაჩნია, რომ მას დაეჯერება", - ამბობს "ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძე.

ცხადია, კირკიტაძე ისტორიული ფაქტით გახარებულია:

"ჯერ ის არის მნიშვნელოვანი, რომ გასვლაზე გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დავეხმარე. მერე აღმოჩნდა, რომ "გურიას" შინ წაგებული საერთოდ არ ჰქონდა და ეს პირველად "ტორპედომ" მოახერხა.

და, რაც მთავარია - თურმე, საქართველოს ჩემპიონატებში ყველაზე სწრაფი გოლი გამიტანია! რაც ვიცი, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სერბეთის ჩემპიონატშია დაფიქსირებული, სადაც გოლი თამაშის დაწყებისთანავე, მე-3 წამზე, მოედნის ცენტრიდან გაიტანეს.

ისტორიაში მოხვედრა ყველას ოცნებაა და, რა თქმა უნდა, რეკორდმა ძალიან გამახარა. სხვათა შორის, გოლი ზაზა ჭელიძის დამსახურებაა, რომელმაც შორიდან ბურთი ფეხზე "დამასვა".

თამაშის დასაწყისში გოლი იშვიათობაა - მცველების შეცდომასა და უყურადღებობასაც ამას მივაწერ, თორემ, "გურია" კარგი გუნდია და საკმაოდ ძლიერი უკანახაზელებიც ჰყავს".

კირკიტაძე ამბობს, რომ გუნდს კარგად მოერგო:

"ტორპედოში" ჩემი ადგილი ვიპოვე, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. გიორგი დარასელიამ ჯერ კიდევ "ზუგდიდში" მუშაობის დროს მიმიწვია და მას შემდეგ ვგრძნობ, რომ მენდობა.

ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშითა და შრომით ვერ "გაიხსნება" - მას მწვრთნელი უნდა ენდოს და თავის გამოჩენის შანსი მისცეს. დარასელია ასეც მომექცა და მისმა ნდობამ "გამხსნა". ხელს თანაგუნდელებიც მიწყობენ".

საგაზაფხულო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ" აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და რეალურად, დარასელიას გუნდმა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა. 22 წლის ფლანგის თავდამსხმელის აზრით, გუნდში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა:

"თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, რადგან შეუთამაშებლობა ხელს გვიშლიდა, მაგრამ დარასელიამ კარგი მოთამაშეები შეკრიბა და ბოლოს გუნდმა შესაძლებლობა მაინც გამოავლინა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჩემპიონატში "ტორპედოს" ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს, განსაკუთრებით - შეტევის ხაზი: ნებისმიერ ქართულ გუნდს გააძლიერებდნენ საბანაძე, ზივზივაძე, ტუღუში, კვერნაძე, კვარაცხელია, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი...

ახლა კი დუბლებიდან კიდევ ერთი პერსპექტიული ფორვარდი, გოგუაძე გამოჩნდა".

ქუთაისელთა თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ "ტორპედო" მომავალ სეზონში უფრო წარმატებით ითამაშებს:

"ბიჭები ერთმანეთს შევეჩვიეთ და გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობას ბევრის მიღწევა შეუძლია. ყველას გვჯერა, რომ მომავალ სეზონში სამეულისთვის მაინც ვიბრძოლებთ.

რაც მთავარია, ქუთაისში ფეხბურთი ხალხს ძალიან უყვარს, მაგრამ წარუმატებლობის გამო გუნდს ზურგი აქციეს. ბოლო დროს კი, გულშემატკივრები სტადიონისკენ ნელ-ნელა შემოვაბრუნეთ. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".

კირკიტაძე პირად მიზნებზეც გველაპარაკა:

"რეჟიმს სულ ვიცავდი, რადგან მამაჩემი მოჭიდავე იყო და მეც სპორტულად მზრდიდა. ახლა ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ბავშვობიდან მკაცრად და პროფესიონალად მზრდიდა და ეს ძვალსა და რბილში გამიჯდა.

მიხარია, რომ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდში ვთამაშობ, მაგრამ მხოლოდ ეს არ მაკმაყოფილებს. რამდენიმე შეხვედრაში თავის გამოჩენას, მთელი სეზონის სტაბილურად ჩატარება და გუნდის დახმარება მირჩევნია. მერე კი იქნებ ნაკრებშიც მოვხვდე.

მართალია, ახალგაზრდულშიც იშვიათად მათამაშებდნენ, მაგრამ ჩემი მიზანი ეროვნულ გუნდში მოხვედრაა. მჯერა, შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება".

მისი თქმით, ისრაელში ნახევარი წლით თამაშიც ძალიან წაადგა:

"ჩემს კარიერაში რამდენიმე კარგი მწვრთნელი შემხვდა, რომლებთან მუშაობა განსაკუთრებით წამადგა. ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი დარასელიაა. მასთან თანამშრომლობა მიხარია. მკაცრიცაა, მაგრამ მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა ეხერხება.

ისრაელის პირველი ლიგის "ირონი ტიბერიასში" ყოფნაც გამომადგა. ერთი შეხედვით, ნახევარი წელი ფეხბურთელის კარიერაში არაფერია, მაგრამ ვერც წარმოიდგენთ, ამ მცირე პერიოდში რამდენი ვისწავლე. ბოლოს იქ მწვრთნელად დამინიშნეს კაცი, რომელიც თავად იყო ფლანგის თავდამსხმელი და მასწავლა დროული გახსნა, სწორი მოძრაობა, ტაქტიკურ საკითხებში გამარკვია და მიმაჩნია, რომ ახლა თუ ავთამაშდი, ისრაელში თამაშის დამსახურებაცაა".

კირკიტაძემ წლევანდელი ჩემპიონატის ფავორიტებზეც ილაპარაკა:

"ახლანდელი ჩემპიონატი წინაზე გაცილებით საინტერესოა, ფეხბურთი კი - უფრო სანახაობრივი. ისიც ბევრზე მეტყველებს, რომ ჩემპიონატის ლიდერებში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამოა". მიმაჩნია, რომ გულშემატკივრებს ასეთი ტრადიციული გუნდების ბრძოლა იზიდავს.

დარჩენილ ტურებში კიდევ უფრო დაძაბულ თამაშებს ველი. კაციშვილმა არ იცის, ჩემპიონი ვინ გახდება. ბათუმის "დინამოს" ოქროს მედლების მოპოვება გაუჭირდება, "დილას" უკეთესი კალენდარი აქვს, მაგრამ თბილისის "დინამო" რამეს დათმობს?

ფავორიტის დასახელება 6 ტურით ადრეც რომ გვიჭირს, ეს ჩემპიონატს დიდ ინტერესს მატებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დავიტ კარგი კაცი ხარ მაგრამ ის მცვრტნელები ნუ დაგავიცკდება ვინცბავშობაში გასცავლიდა აი კაცი მარტლა მერე იკნები
daviti
19:00 22-04-2015
0
მე მეორე დღესვე დავწერე, რომ გოლი გავიდა მე-7 წამზე (ეს შეიძლება გადამოწმდეს ვიდეოს ქრონომეტრაჟით) და ისიც ავღნიშნე, რომ ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ვერ გავიგე, რათ უნდა ამის დადასტურებას რამდენიმე დღე?!
pele
17:03 22-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული