პროვინციული ამბავი

AutoSharing Option
უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის `დინამოს~ მეტოქე ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი კლუბი (დაარსდა 1909 წელს) `შტურმი~ (გრაცი) არასდროს მიეკუთვნებოდა თავისი ქვეყნის გრანდთა რიცხვს. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიაში ტიტულებით `რაპიდთან~ და `აუსტრიასთან~ დიდი ხნის განმავლობაში ახლოს ვერავინ მივა, შემდეგ უკვე `ტიროლი~, `ადმირა~, `ვიენა~ და ამ ბოლო დროს მოძლიერებული `ზალბურგი~ მოდიან. ანუ, ისე გამოდის, რომ ტიტულების რაოდენობით `შტურმს~ მხოლოდ მეშვიდე შედეგი აქვს, მაგრამ დღესდღეობით ავსტრიის მეოთხე-მეხუთე გუნდად უნდა მივიჩნიოთ.

... გასული საუკუნის 80-იან წლებამდე `შტურმის~ მიღწევად ავსტრიის თასის ფინალში ორჯერ (1948, 1975) გასვლა
და ჩემპიონატში რამდენიმეჯერ მესამე ადგილის დაკავება იყო. 1980 წელს `შტურმის~ მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი ოტო ბარიჩი დაინიშნა და გუნდის `პირველი გამონათებაც~ ამ პერიოდს უკავშირდება: `შტურმმა~ თავის ისტორიაში პირველად შესძლო ავსტრიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლა. ამას გარდა, ბარიჩის ხელმძღვანელობით საკმაოდ წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზეც: უეფას თასზე სამი ეტაპი გაიარა და მეოთხედფინალში ინგლისურ `ნოტინგემთან~ მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა. თუმცა, `შტურმის~ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად ცნობილი ბოსნიელი სპეციალისტი ივიცა ოსიმი მიიჩნევა. `შტურმში~ მისვლამდე და შემდეგაც, ოსიმს საკლუბო დონეზე სადაც კი უმუშავია (`ჟელეზნიჩარი~, `პარტიზანი~, `პანათინაიკოსი~, `იჩიხარა~), ყველგან სერიოზული მიღწევები ჰქონდა; იმავეს ვიტყოდით იუგოსლავიისა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებთან მუშაობის დროსაც, თუმცა `შტურმში~ გატარებული რვა სეზონი მაინც განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებული, უპირველეს ყოვლისა, ავსტრიული კლუბისთვის, იმ პერიოდში თავის ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ რომ მიიჩნეოდა! თავად განსაჯეთ: ოსიმის ხელმძღვანელობით `შტურმი~ ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონი გახდა (1997, 1998 წლებში), ოთხჯერ ავსტრიის თასი მოიპოვა, სამჯერ _ სუპერთასი, ოთხჯერ მეორე ადგილზე გავიდა და ორჯერაც თასის ფინალში იასპარეზა. ანუ, ფაქტობრივად, იმ რვა წლის განმავლობაში `შტურმს~ ყოველ სეზონში `რაიმე~ ტიტული უნდა მოეპოვებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი პირველი წარმატება იყო _ როცა 1998 წლის გაზაფხულზე `შტურმი~ ავსტრიის ჩემპიონი გახდა; თანაც, ქვეყნის რეკორდიც დაამყარა მოგროვილი ქულებითაც და იმითაც, რომ უახლოეს მდევარს ლამის ოცი ქულით გაუსწრო. ოსიმთან ერთად ამ წარმატების შემოქმედთ, გუნდის `მაგიური სამკუთხედის~ წევრებსაც მიიჩნევდნენ: მარიო ჰაასს, ჰანს რაინმაიერსა და ივიცა ვასტიჩს. საერთოდაც, ჰაასი და ვასტიჩი `შტურმის~ ისტორიაშიც საუკეთესო ფეხბურთელებად მიიჩნევიან და წლების განმავლობაში ავსტრიის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები იყვნენ. ამათ გარდა, ოსიმის ხელმძღვანელობით `შტურმში~ არაერთ ცნობილ ფეხბურთელსაც უთამაშია და კვალიფიციურ მწვრთნელთან ერთად იმათი დიდი დამსახურებაც იყო ამ პროვინციული ავსტრიული კლუბის აღმავლობა: ჯუზეპე ჯანინის (იტალია), ფილიპ დე ვილდეს (ბელგია), დარკო მილანიჩს (სლოვენია), მერდად მინავანდს (ირანი), ფრანსისკო როხასს (ჩილე), სერგეი იურანს (რუსეთი) და... დავით მუჯირს (საქართველო); აი, ეს ფაქტი კი მართლაც სასიამოვნოა, რამეთუ ოთხი სეზონის განმავლობაში დავით მუჯირი `შტურმის~ ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. იმავეს თქმა შეიძლება კიდევ ორ ჩვენს თანამემამულეზეც, `შტურმში~ მოგვიანებით რომ ჩაირიცხნენ: გიორგი შაშიაშვილსა და ილია კანდელაკზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, `შტურმი~ ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე ორივეჯერ წარმატებით იასპარეზა. აბა, სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ პროვინციული გუნდის გამოსვლას, როცა ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა!
1997 წელს `შტურმში~ გერმანელი მცველი ფრანკო ფოდა ჩაირიცხა, რომელსაც სხვადასხვა გერმანულ კლუბებში (`ლევერკუზენი~, `შტუტგარტი~, `კაიზერსლაუტერნი~, `საარბრიუკენი~, `არმინია~) სამასზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. 35 წლის ასაკში თავისი ხანგრძლივი კარიერა ფოდამ სწორედ `შტურმში~ დაამთავრა და იქვე დაიწყო მწვრთნელად მუშაობა ოღონდ, ჯერ `შტურმის~ ჭაბუკთა გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი ოვიცის ნაცვლად მოსული ჟილბერ გრესის თანაშემწე იყო. 2003 წელს, მცირე ხნით, `შტურმის~ მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, თუმცა ამ პოსტზე მიხაილო პეტროვიჩმა შეცვალა და თვითონ ისევ ჭაბუკთა გუნდს დაუბრუნდა. აი, 2006 წლიდან კი კვლავაც `შტურმის~ მთავარი მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში ორ მიღწევითაც მოიწონებს თავს. 2009-10 წლების ევროპის ლიგის გათამაშებაში `შტურმმა~ წარმატებით გადალახა სამი ეტაპი და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა; ამას გარდა, ამ გაზაფხულზე, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ `შტურმმა~ ავსტრიის თასი მოიპოვა.

ახლა კი, `შტურმის~ დღევანდელ შემადგენლობას გავეცნოთ. ძირითადი მეკარეა 28 წლის კრისტიან გრატცეი, რომელსაც ავსტრიის ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. მის დუბლიორებად ითვლებიან 33 წლის ხორვატი სილვიე კავლინა და 20 წლის დანიელ ბარტოში.
ფრანკო ფოდა დაცვაში ძირითადად ამ ოთხეულს ეყრდნობა: 22 წლის დომენიკ პიურხერს, 30 წლის ფერდინანდ ფელდჰოფერს, 25 წლის გორდონ შილდენფელდსა და 30 წლის იოახიმ შტანდფესტს. ამ უკანასკნელს ავსტრიის ნაკრებში 34 მატჩი აქვ ჩატარებული, ფელდჰოფერს _ 13, ხოლო შილდენფელდს ხორვატიის ნაკრებში _ სამი. უფრო ეპიზოდურად უწევთ თამაში 27 წლის მარტინ ერენრაიხსა და 30 წლის ტანმაღალ მცველს თომას ბურგშტალერს.

ნახევარდაცვში ყველაზე ცნობილი ფიგურა ბოსნიელი სამირ მურატოვიჩია _ 34 წლის გამოცდილ ფეხბურთელს სხვადასხვა ჩემპიონატში (თურქეთი, გერმანია, რუსეთი) არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და თავისი ქვეყნის ნაკრების წევრიც გახლავთ. ასაკის გამო, მურატოვიჩი ამ ბოლო დროს შეცვლებზე შემოდის ხოლმე, ძირითადში კი ნახევარდაცვის ხაზში ეს ოთხი მოთამაშე ასპარეზობს: 25 წლის მანუელ ვებერი, 22 წლის ჰარის ბუკვა, 25 წლის ანდრეას ჰიოლცლი და 27 წლის მარიო კინცლი. ამათ გარდა, `შტურმის~ ნახევარდაცვაში თამაშობენ: 21 წლის დანიელ ბაიხლერი, 26 წლის კლაუს ზალმუტერი, 19 წლის კრისტიან კლემი და 17 წლის ფლორიან კაინცი. ცალკე უნდა აღვნიშნოთ `შტურმის~ 20 წლის ნახევარმცველი სანდრო ფოდა, მთავარი მწვრთნელის ვაჟი, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. `შტურმის~ ნახერვამცველებიდან ავსტრიის ნაკრებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ან დღესაც თამაშობენ: ანდრეა ჰიოლცლი, მარიო კინცლი, დანიელ ბაიხლერი და კლაუს ზალმუტერი.

წლების განმავლობაში `შტურმის~ მთავარი დამრტყმელი ძალა ავსტრიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი მარიო ჰაასი გახლდათ, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ჰაასი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა `შტურმში~ და შვიდი სეზონი გუნდის ლიდერიც იყო; მერე უცხოეთში მოსინჯა ძალები (`სტრასბური~, `შტუტგარტი~, `იჩიხარა~), 2005 წელს კი ისევ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და 34 წლის ასაკში კვლავაც `შტურმის~ სიმბოლოდ მიიჩნევა. ოღონდ, ასპარეზობა უფრო იშვიათად უწევს. `შტურმს~ თავდასხმაში მართლაც მრისხანე `დუეტი~ ჰყავს: რომან კინასტი და იმრე საბიჩი. 26 წლის კინასტი ავსტრიის ნაკრების წევრია და რამდენიმე წლის წინათ თბილისშიც აქვს ნათამაშები, როცა `რაპიდის~ ღირსებას იცავდა. ასევე საკმაოდ ცნობილი ფორვარდია 29 წლის იმრე საბიჩიც _ უნგრეთის ნაკრების თავდამსხმელს სხვადასხვა დროს საკმაოდ წარმატებით უასპარეზია `შტუტგარტში~, `კიოლნში~, `მაინცსა~ და `აუგსბურგში~. ამათ გარდა, `შტურმს~ თავდასხმაში ჰყავს 29 წლის დომენიკ ჰესლერი და 21 წლის მარვინ ვაინბერგერი.
ავსტრიის ჩემპიონატი ორი კვირაა, რაც დაიწყო და `შტურმს~ მაქსიმალური შედეგი აქვს: ჯერ სტუმრად აჯობა `რიდს~ (3:0), შაბათს კი თავის `UPჩ არენაზე~ 11000 ერთგული ქომაგის თვალწინ `კაპფენბერგს~ ასევე მშრალი ანგარიშით (2:0) მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფრანკო ფოდამ ორივე მატჩში ერთი და იმავე შემადგენლობა ათამაშა: გრატცეი _ შტანდფესტი, შილდენფელდი, ფელდჰოფერი, პიურხერი _ ჰიოლცლი, ვებერი, კინცლი, ბუკვა _ საბიჩი, კინასტი. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პირველ მატჩში შეცვლაზე შემოვიდნენ მურატოვიჩი, სანდრო ფოდა და ერენრაიხი, მეორე შეხვედრაში კი _ კვლავაც მურატოვიჩი, ფოდა და ვეტერანი ჰაასი. საერთოდ კი, `შტურმის~ ფორვარდები ამჟამად ჩინებულ ფორმაში არიან: `კაპფენბერგთან~ `დუბლი~ კინასტმა შეასრულა, `რიდსთან~ კი _ საბიჩმა...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული