დიდი ათაინის თასი "ნორჩ დინამოელს"

AutoSharing Option
18 ივნისს ყველა დროის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს დავით ყიფიანს 60 წელი შეუსრულდებოდა და გუშინ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე "ღია სახალისო ფეხბურთის" პროგრამის ხელმძღვანელების (ვალერი ჩოლარია, ბადრი ქარქაშაძე, კოორდინატორი ბადრი მაჭავარიანი), დავით ყიფიანის სახელობის ფონდისა და ჟურნალ "ათიანის" ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა ოთხი გუნდი - "ნორჩი დინამოელი", "ავაზა-ვისოლი", 35-ე საფეხბურთო სკოლა და "ოლიმპი 2" მონაწილეობდნენ.

"ავაზა-ვისოლმა" "ოლიმპი 2"-ს 2:1 სძლია, "ნორჩმა დინამოელმა" 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელები 4:1 დაამარცხა. მატჩი მესამე ადგილისთვის "ოლიმპი 2"-სა და
35-ე საფეხბურთო სკოლას შორის ფრედ დასრულდა - 3:3. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ორივე გუნდს მესამე ადგილი მიეკუთვნა. ფინალური შეხვედრის მსაჯობა, ტრადიციისამებრ, ვეტერან მსაჯს ანატოლი მილჩენკოს დაევალა. "ნორჩმა დინამოელმა" "ავაზა-ვისოლს" 5:2 მოუგო და დავით ყიფიანის თასის მფლობელიც გახდა.

გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესონიც: მეკარე ლაშა გურგენიძე ("ოლიმპი 2"), მცველი ნიკა ნინუა ("ნორჩი დინამოელი"). ფინალის საუკეთესო გოლის ავტორად "ავაზა-ვისოლის" ფეხბურთელი მათე მინდიაშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთეს ფეხბურთელად "ნორჩი დინამოელის" ათი ნომერი გიორგი ჭანკვეტაძე დასახელდნენ. ჭანკვეტაძეს თბილისის "დინამოს" ახალი ათნომრიანი მაისურაც უსახსოვრეს.

ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდს სამახსოვრო საჩუქრები, მედლები და თასები გადაეცათ.

ლევან ყიფიანი: "მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, ტურნირი ყოველწლიურად მისი დაბადების დღეს იმართება. მოზარდთა ასეთი შეჯიბრებები მათაც წაადგებათ და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც დიდ სამსახურს გაუწევს. ვიმედოვნებ, მომავალში უფრო მასშტაბური გახდება".

ბადრი მაჭავარიანი: "მეოთხე წელია, რაც ეს ტურნირი ტარდება. წლეულს გუნდებმა საუკეთესო შემადგენლობები გამოიყვანეს. საპრიზო ადგილებისა და საჩუქრების გარეშე არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული