დღეს ზესტაფონი საქართველოა!

AutoSharing Option
დღეს, "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში მოლდოვის ჩემპიონს, "დაჩიას" უმასპინძლებს. მოლდოველები ორი დღეა საქართველოში იმყოფებიან და 30-მდე გულშემატკივარიც ახლავთ.

გუშინ, 12 ივლისს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ორივე დებიუტანტმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშები ჩაატარეს. პირველად სტადიონი მასპინძელთა გუნდს დაეთმო. ვარჯიშის დაწყებამდე "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და მათ კითხვებს უპასუხა.

- როგორი განწყობით ხვდება "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრას?
- რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე საგრძნობლად
გაძლიერდა. ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ და შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვლილია. ერთის მხრივ, ეს შესაძლოა, ჩვენთვის კარგი იყოს. ახალი ფეხბურთელები სათანადოდ ვერ მოასწრებდნენ შეთამაშებას და ამ მხრივ პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ.

სამაგიეროდ, მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს და ყოველი მათგანი ეცდება, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს და მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ.

ჩვენ პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ვეცდებით, მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. თუ ყველა ფეხბურთელი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს და მაღალი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველ შედეგსაც მივიღებთ. მთავარია, ფეხბურთელებმა თავიანთი ძალების ირწმუნონ და მაქსიმალურად კონცენტრირებულად ითამაშონ.

- დაჩიას რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევდით. ვისგან ელით ყველაზე დიდ საფრთხეს?
- "დაჩიას" თამაშის ამსახველი რამდენიმე ვიდეოფირი ვნახე, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით შუა ხაზსა და შემტევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასვლითი შეხვედრა აქვთ და სავარაუდოდ კონტრშეტევებზე ააგებენ თამაშს, თუმცა ჩვენ ყველანაირი სიურპრიზისთვის მზად ვართ.

- "ზესტაფონის" რომელიმე ფეხბურთელს ტრავმა ხომ არ აქვს?
- მიკროტრავმები არის, მაგრამ ვფიქრობ, ვინც განაცხადში გვყავს, ხვალინდელი თამაშისთვის ყველა მზად იქნება.

- გულშემატკივართა ფაქტორზე რას იტყვით?
- იმედია, ხვალინდელ მატჩზე ანშლაგი იქნება. მაყურებლების გვერდშიდგომის იმედი გვაქვს. "ზესტაფონი" რომ გაჩემპიონდა, ამაში გულშემატკივარმა დიდი წვლილი შეიტანა. მაყურებლების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა თუ იქნება, ჩვენს თამაშსაც დადებითი მუხტი ექნება.

- თქვენი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში...
- ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისთვის ორივე შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

პრესკონფერენციის შემდეგ გეგუჩაძემ გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. მოთელვების შემდეგ ფიზმომზადების მწვრთნელმა ივან ვუჩეტიჩმა ფეხბურთელები სპეციალურ ბარიერებზე ავარჯიშა. ამას კი ერთი შეხებით თამაში, საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანა, შეტევების სწაფი განვითარება და კარში დარტყმები მოჰყვა.

ზესტაფონელები მხნედ გამოიყურებოდნენ და ხალისიანად ვარჯიშობდნენ. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიტვირთა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არავის ჰქონია. 50-მდე გულშემატკივარი კი, რომლებიც საკუთარი გუნდის ვარჯიშს ადევნებდნენ თვალს, იმედს გამოთქვამდნენ, რომ "ზესტაფონი" მოლდოვური ბარიერის გადალახვას შეძლებს.

"დაჩია" სულაც არ არის ჩია...
ზესტაფონელებს ჯერ ვარჯიში არ ჰქონდათ დამთავრებული, როცა "დავით აბაშიძეზე" მოლდოველებიც გამოჩნდნენ. "დაჩიას" მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- როგორ შეაფასებდით "ზესტაფონის" წინააღმდეგ თქვენს შანსებს?
- თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ ქართველთა მასპინძლობით ძალზედ კმაყოფილები ვართ. კარგად მიგვიღეს და პირობებიც საუკეთესო შეგვიქმნეს. რაც შეეხება შანსებს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სუსტი გუნდი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, შანსები 50/50-ზეა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ ყველაფერი მინდორზე წყდება და ამიტომ, ხვალ უკეთ დავინახავთ, რა როგორ იქნება.

- დანაკლისი ხომ არ გაქვთ?
- ჯერჯერობით განაცხადში მყოფი 22-ივე ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, პრობლემები არ გვექნება. 90%-ით უკვე ვიცი, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

- თქვენთვის რამდენად ხელსაყრელია "დაჩია" პირველ მატჩს სტუმრად რომ ატარებს?
- საერთოდ, ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მით უფრო, ასეთ ტურნირებზე, როცა გამარჯვებულის ბედი ორი მატჩის ჯამში წყდება. შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, შინ და გარეთ ერთნაირად ძლიერად უნდა ვითამაშოთ.

- ხვალინდელ შეხვედრაში ფრე თუ დაგაკმაყოფილებთ?
- სპორტში ყველა მოგებისთვის იბრძვის და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. რა გამოვა აქედან, ხვალ დავინახავთ.

- მეტოქე რამდენად გყავთ შესწავლილი?
- რამდენადაც მათ ვყავართ გაშიფრული... ჩვენ ვნახეთ "ზესტაფონის" რამდენიმე შეხვედრის ვიდეოფირი, რომელიც ქართულმა კლუბმა მოგვაწოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც-რაღაცებს არ გამოააშკარავებდნენ...

- თქვენ თუ დაუმალეთ მეტოქეს პლუს-მინუსები?
- რა გვაქვს დასამალი? როცა ვთამაშობთ, რაიმეს დამალვაზე არ ვფიქრობთ. განა "მანჩესტერ იუნაიტედი" მალავს რაიმეს?

- ალბათ, ხვალ მეორე ნომრად ითამაშებთ?
- რას ნიშნავს მეორე ნომრად ან პირველ ნომრად თამაში? გამოვალთ და ფეხბურთს ვითამაშებთ, ისე როგორც ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ.

- რამდენად მოტივირებული არიან ქართული კლუბის წინააღმდეგ "დაჩიას" ქართველი ლეგიონერები?
- სამწუხაროდ, კორღალიძეს ტრავმა აქვს და ხვალინდელ შეხვედრაში ვერ გვეხმარება. ასე, რომ "ზესტაფონთან" ერთი ქართველი გვეყოლება... გამეზარდაშვილი ადრე "ზესტაფონში" თამაშობდა და ალბათ, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოტივაციაც მეტი ექნება, თანაც მისთვის სასიამოვნოა, რომ ფაქტობრივად სახლში, ნაცნობ გარემოში მოუწევს შეხვედრის ჩატარება.

- მოლდოვიდან 30-მდე ერთგული გულშემატკივარი ჩამოგყვათ. შეძლებენ ისინი თქვენთვის სასურველი ატმოსფეროს შექმნას?
- ვფიქრობ, რომ შეძლებენ. ძალიან აქტიური გულშემატკივარი გვყავს და მათგან დიდი მხარდაჭერას ველოდებით.

- საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატებს როგორ შეადარებდით?
- ქართული ფეხბურთის სკოლა საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო,. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთი კვლავ ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოდ რჩება. რაც შეეხება ჩემპიონატების შედარებას, ეს ძალიან რთული საქმეა...

* * *
მოგვიანებით პრესკონფერენციაზე "დაჩიას" კაპიტანი გენადი ორბუ მოვიდა და ჟურნალისტები მასაც გავესაუბრეთ.

- როგორი განწყობით ხვდებით ხვალინდელ მატჩს?
- გუნდში ჩვეულებრივი, სამუშაო ვითარებაა. ყველაფერი რიგზეა და ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინში ვართ. "ზესტაფონი" ძლიერი მეტოქეა და საინტერესო თამაში იქნება. პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

- გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელიც კარიერის დასაწყისიდან დღემდე "დაჩიაში" თამაშობთ. ნუთუ სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა არასდროს გქონიათ?
- 10 წელიწადია "დაჩიაში" ვთამაშობ და ამას არც ვნანობ. ალბათ, აქ კიდევ დიდხანს ვითამაშებ...

* * *
მოლდოველებმა ვარჯიში თავიდან დაანონსებული 20.00 სათის ნაცვლად ნახევარი საათით ადრე დაიწყეს. მსუბუქი მოთელვებსა და "კვადრატს" კარში დარტყმები მოჰყვა. თვალშისაცემია მოლდოველ ფეხბურთელთა სიმაღლე და "მეორე სართულზე" კარგი თამაში. გამეზარდაშვილის მიერ თავით გატანილი გოლები საქართველოშიც არაერთი გვინახავს და ამ მხრივ "დაჩიას" სხვა მოთამაშეებიც სახიფათონი უნდა იყვნენ. ამდენად, ზესტაფონელებს "სტანდარტულებისას" დიდი ყურადღება მართებთ. თუმცა, მეტოქის პლუსები და მინუსები ჩვენზე უკეთ, გია გეგუჩაძეს ეცოდინება და იმედია, ხვალ ყოველივეს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს კი არა ზესტაფონი ყოველთვის საქართველოა და ცოტა დაუკვირდით როცა სტატიას წერთ
zukazugdidi
15:16 13-07-2011
0
zukazugdidi,
ზუსტად იგივეს სათქმელად შემოვედი.. გაიხარე, სწორი შენიშვნაა!!!
Burton
16:41 13-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული