ევროტურნირებზე გამოუცდელი გაგრელების შემდეგ ეტაპზე გასვლა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, თუმცა მათ განმეორებით შეხვედრაში რევანშისთვის და ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგისთვის მართებთ ბრძოლა.
გაგრელთა მეტოქე კი უკვე საქართველოშია. გუშინ კვიპროსელთა დელეგაცია კოპიტნარის აეროპორტში ნაშუადღევს ჩამოფრინდა. ჩარტერულ რეისს 56 მგზავრი ჩამოჰყვა, 18 ფეხბურთელი, სტაფის 11 წევრი, 4 ოფიციალური პირი, 5 ჟურნალისტი, 2 ფოტორეპორტიორი და 16 გულშემატკივარი. დელეგაციას "ანორთოსისის"
ფეხბურთელები ქუთაისში, სასტუმრო ,,ბაგრატი 1003"-ში დაბინავდნენ, გუნდის თანმხლებ პირებს კი სასტუმრო ,,ძველი ქალაქი" მასპინძლობს. დასვენების შემდეგ, 19:30-ზე კვიპროსელები ,,ტორპედოს" საწვრთნელ ბაზას ეწვივნენ სავარჯიშოდ. მათმა ბულგარელმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ნამგზავრი გუნდი დიდად არ დატვირთა. დაახლოებით 40-წუთიანი ვარჯიშისას კვიპროსელები მსუბუქი მოთელვითა და სირბილით, კვადრატებით, საჯარიმოს გარედან კარში დარტყმებით შემოიფარგლნენ.
ფამაგუსტელები კარგ ხასიათზე იყვნენ, რაც პირველი მატჩის შემდეგ ბუნებრივიცაა, ისინი ხომ ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზე არიან. თვალშისაცემი იყო კოლუმბიელი რიკარდო ლაბორდეს ტექნიკური არსენალი, რომელსაც თანაგუნდელები ამ თვისებისა, კანის ფერისა და ვარცხნილობის გამო რონალდინიოს ეძახიან. მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაღვრემილიყო, ხრისტოს მარანგოსი და კოსტას მინტიკისი, რომლებიც მინდორს მიღმა ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. როგორც ჩანს, მცირე ტრავმა აწუხებთ. თუმცა, პირველ მატჩში ორივე სათადარიგო იყო და ხუთშაბათს თავისიანებს რომც ვერ დაეხმარნონ, მათი არყოფნა კვიპროსული გუნდითვის დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს.
უეფას რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩამდელი პრესკონფერენცია დღეს, 20 ივლისს სასტუმროში გაიმართება, საღამოს კი კვიპროსელები მატჩისწინა ვარჯიშს ზესტაფონში, ,,დავით აბაშიძეზე" ჩაატარებენ.
,,გაგრამ" კი გუშინ, საღამოს 9 საათზე ზესტაფონის მთავარ არენაზე ივარჯიშა. დღევანდელი ვარჯიშიც დაახლოებით ამ დროსაა დაგეგმილი, მანამდე კი "დავით აბაშიძის" საპრესკონფერენციო დარბაზში ანატოლი პისკოვეცი პრესკონფერენციას გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"