"ზესტაფონში" ჭიაბრიშვილს ყიფიანი დაეხმარება

AutoSharing Option
გუშინ, 7 სექტემბერს "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც იმერული კლუბის ხელმძღვანელობამ "ზესტაფონის" თავკაცად ერთი კვირის წინ დანიშნა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ზესტაფონის" გამოთიშვისა და გია გეგუჩაძის გადადგომის შემდეგ ჭიაბრიშვილი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ევროპის ლიგის პლეი ოფში ,,ბრიუგესა" და ეროვნულ ჩემპიონატში ,,დინამოს" წინააღმდეგ ზესტაფონელებს სწორედ მან უთავკაცა. კლუბის ხელმძღვანელობა მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა და მოკლე ხანში ჭიაბრიშვილს დიდი ნდობაც გამოუცხადა.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა გიორგი ყიფიანი, რომელიც შარშან
ბოლნისის ,,სიონის" მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ კი ისრაელში ფეთაჰ თიკვას ,,ჰაპოელის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ,,ზესტაფონის" დუბლებში გურამ ასპინძელაშვილს შეცვლის თემურ გიორგობიანი, რომელიც ამასთანავე ,,ზესტაფონის" საფეხბურთო აკადემიის კურატორიც იქნება. ჭიაბრიშვილის მსგავსად, ყიფიანმა და გიორგობიანმა კლუბთან 3-3 წლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

გუშინ, 7 სექტემბერს ჭიაბრიშვილი მასმედიის წინაშე სწორედ თავისი ახალი გუნდით წარდა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ,, ჩემთვის დიდი პატივია ჩემპიონი გუნდის მთავარ მვრთნელად დანიშვნა. სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა გავამართლო. გია გეგუჩაძის სახით ,,ზესტაფონს" ძლიერი მწვრთნელი ჰყავდა, რომელმაც კლუბში უდიდესი სამუშაო გასწია. აწყობილი გუნდი ჩავიბარეთ, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს. მის ნამუშევარს ახალს თუ რაიმეს შევმატებთ, თორემ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. ,,ზესტაფონი" კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ჩვენს კლუბს შეუძლია, სანახაობრივი ფეხბურთით მიაღწიოს წარმატებას და ამით გულშემატკივარსაც ასიამოვნოს."

ჭიაბრიშვილის თქმით ,,ზესტაფონი" კვლავ ადგილობრივ ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს და ლეგიონერების შეძენა უახლოეს მომავალში არ იგეგმება:
,,ლეგიონერს თუ მოვიყვანთ, იგი ადგილობრივს ერთი თავით უნდა აღემატებოდეს. ასეთი ფეხბურთელები ძლიერ კლუბებში თამაშობენ და აქ არ ჩამოვლენ. თუ უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე მოვხვდებით და შევატყობთ, რომ ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია ამ დონეზე თამაში, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ ლეგიონერებით გაძლიერებაზე. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი რესურსი, უპირველესად, ადგილობრივ კადრებში უნდა ვეძებოთ.

ჩვენი მიზანი იყო საქართველოს ჩემპიონობა და გავხდით კიდეც ჩემპიონები. რატომ უნდა დავიმატოთ ლეგიონერები, როცა ამ ეტაპზე სხვა მიზანი არ გვაქვს? თანაც, გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ევროპულ გუნდებსაც გააძლიერებდნენ.

რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული გვყავს და ველოდებით მათ გამოჯანმრთელებას. მათი დაბრუნების შემდეგ კონკურენცია უფრო გაიზრდება. ისე უნდა ვიმუშაოთ, ფეხბურთელის ყიდვა კი არ გვჭირდებოდეს, აქ გაზრდილი მოთამაშეების კარგ ევროპულ გუნდებში გაშვება შეგვეძლოს. ჩვენს აკადემიაში ბევრი კარგი სპეციალისტი მუშაობს. გვაქვს საკუთარი აზრი და შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ სელექცია.

ჩემს ახალ სამწვრთნელო გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რათა გეგუჩაძის დაწყებული საქმე წარმატებით გავაგრძელო და ზესტაფონელები კვლავ გავახაროთ დიდი წარმატებებით.

გიორგი ყიფიანი: ,,შარშან ბოლნისის ,,სიონის" მთავარი მწვრთნელი ვიყავი. შემდეგ წავედი ისრაელის რამდენიმე კლუბში სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ბოლოს ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელის" სამწვთნელო შტაბში ვმუშაობდი. სწორედ იქ მივიღე ,,ზესტაფონიდან" შემოთავაზება. ჩემპიონი გუნდია, მოტივაცია დიდია და სიამოვნებით დავთანმხდი ამ წინადადებას. გიორგი ჭიაბრიშვილთან კარგა ხნის მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, ერთნაირი საფეხბურთო მსოფლმხედველობა გვაქვს და ერთად მუშაობა არ გაგვიჭირდება."

თემურ გიორგობიანი: ,,ბავშვთა ფეხბურთში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ვეცდები, რომ კლუბისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე,ღმერთმა ხელი მოგიმართოს
0

სიახლეები პოპულარული