დავით რაჟამაშვილი: მინდა "დილადან" დამშვიდებული წავიდე

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად სამართლიანად მიიჩნევენ "დილას" ნახევარმცველ დავით რაჟამაშვილს. დღესდღეობით გორელთა გუნდში ის წამყვან მობურთალთაგანია.

მას განსაკუთრებით მოედნის ხედვა, დრიბლინგი და პასის კულტურა გამოარჩევს. ცოტა ხნის წინ რაჟამაშვილის მიმართ ინტერესი მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გამოიჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა 23 წლის გორელ შუახაზელს. ეს საუბარიც დავითთან მას შემდეგ ჩავწერეთ.

- "ზესტაფონში" შენი გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა?
- დიახ, სამწლიან კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დავტოვებ "დილას".

- წლეულს განსაკუთრებით კარგი სეზონი გქონდა, ამიტომაც ბევრი ფიქრობდა, რომ "დილადან" მალე წახვიდოდი და
ეს ვარაუდი გამართლდა კიდეც. "ზესტაფონის" გარდა, სხვა კლუბიც ხომ არ ცდილობოდა შენს მიწვევას?

- იყო ლაპარაკი სხვა გუნდებზეც, ოღონდ "ზესტაფონივით" რეალურად მხოლოდ ერთი ქართული კლუბი მთავაზობდა გადასვლას. საბოლოოდ, მოქმედ ჩემპიონებთან გადასვლა ვამჯობინე. "ზესტაფონი" ჩემთვის სასურველი, შემტევი სტილის მიმდევარია. რამდენიმე წელია, ამ გუნდის თამაში მომწონს, თან, რაც უნდა იყოს, ჩემპიონია და, შესაბამისად, სულ სხვა სიმაღლეა.

- ... და სულ სხვა მოთხოვნებიც. ვგულისხმობ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის სირთულეს.
- რასაკვირველია, იქ ადგილის დამკვიდრება იოლი არ იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ხომ სერიოზული გამოწვევაცაა ჩემთვის. უნდა ვიბრძოლო, რომ მწვრთნელებმა მნიშვნელოვან მოთამაშედ მიმიჩნიონ. ახალი ასპარეზი და ევროტურნირებზე თამაშის პერსპექტივა გამიჩნდა და ამას გამოყენება უნდა.

- როგორ ფიქრობ, გორში შენი შესაძლებლობები სრულად ამოწურე?
- მშობლიურ კლუბისთვის თავი არ დამიზოგავს, დარჩენილ შეხვედრებშიც ყველანაირად ვეცდები, "დილას" ბრძოლაში, სატურნირო ცხრილში რვა საუკეთესოს შორის მოიპოვოს ადგილი, ჩემი წვლილი შევიტანო. ძალიან რთული შეხვედრები გველის ჩემპიონატში, თასზე კი შევეცდებით, რომ ნახევარფინალში გავიდეთ.

- ალბათ დამეთანხმები, სატურნირო ცხრილში არსებული ვითარების მიუხედავად, "დილაში" წლეულს არაერთი სასიამოვნოდ გასახსენებელი მატჩი ითამაშე.
- დიდი სიხარული მოგვიტანა უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად "სამტრედიასთან" ჩატარებულმა შეხვედრამ. მთელი ქალაქი ზეიმობდა მაშინ ჩვენს წარმატებას. საქართველოს თასიდან "დინამოს" გამოთიშვაც ხომ აღსანიშნავი ამბავია, ისევე, როგორც ჩემი მომავალი კლუბის "ზესტაფონის" სტუმრად დიდი ანგარიშით, 4:0 დამარცხება.

- საინტერესოა, ზესტაფონელებმა მაშინ ხომ არ დაგადგეს თვალი?
- არ ვიცი, მათთვის ამის თაობაზე არ მიკითხავს.

- როგორი იმედით და სურვილებით ტოვებ "დილას"?
- კლუბში ყველა მონდომებულია საიმისოდ, რომ შესრულდეს ამ ეტაპზე დასახული მიზანი, საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა. ახალა გამოცდილი მწვრთნელი თემურ მახარაძეც დაგვეხმარება. გარეშე თვალითაც რომ შემეძლოს შეხედვა, ვიფიქრებდი, რომ "დილას" ლიგის დატოვების საფრთხე არანაირად არ დაემუქრება. ძალიან მინდა, რომ გორიდან ჩემი წასვლისას ამ მხრივ დამშვიდებული ვიყო.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია...
megi
03:24 24-11-2011
0

სიახლეები პოპულარული