გორის სტადიონს მალე ვეღარ იცნობთ

AutoSharing Option
"დილას" ხელმძღვანელობასთან სტადიონის განახლების გეგმებზე საუბრიდან მალევე საქმეზეც მოგვიწია წერამ. ამ ორი დღის წინ გორის ცენტრალურ სტადიონზე ბალახის საფარის დაგების ამბის გასაგებად მივედით და, არათუ დასრულებული ეს საქმე, არამედ სტადიონის ტრიბუნების რეკონსტრუქციაც დაწყებული დაგვხვდა.

"მინდორი ხარისხიანი გამოვა. როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, საფარის დასაგებად ეს ყველაზე უკეთესი დროა - ფესვთა სისტემის მოქმედება ახლა შეჩერებულია და მისი ამოქმედება პირდაპირ ამ ნიადაგში მოხდება. მონტაჟდება თანამედროვე, კომპიუტერული სარწყავი სისტემა.

გარკვეული დრო, ბუნებრივია, საფარის ნიადაგთან შეხორცებასაც დასჭირდება და ჩემპიონატის განახლებას ჩვენი ფეხბურთელები შესანიშნავი მოედანით შეხვდებიან.

დაიწყო
ტრიბუნების რეკონსტრუქციაც. მალე დასრულდება დასავლეთ ტრიბუნის დემონტაჟი, ეს საქმე სანახევაროდ უკვე შესრულებულია. ამ ტრიბუნასაც განახლებულს ავაშენებთ, აქ უფრო კომფორტული და დიდი იქნება გასახდელები, საშხაპე, მსაჯთა ოთახი, საპატიო სტუმართა ლოჟა, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა. დაგეგმილია გარკვეული სამუშაოები სტადიონის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზეც", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, გორში სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ოთხი წლის წინ, "დილას" კერძო მფლობელის ხელში გადასვლის მერე, კლუბის პრეზიდენტ მიხეილ ლურსმანაშვილის დროსაც ჩატარდა. მაშინ ინდივიდუალური სკამები და ტაბლო დამონტაჟდა, შეკეთდა გასახდელები.

ეს, ცხადია, სასიკეთო საქმე იყო, თუმცა, რაც ახლა ამ არენაზე ხდება, მაშინდელს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, დაველოდოთ ჩემპიონატის განახლებას და გამოჩნდება, რა როგორ იქნება. თუ სამუშაოების ტემპს გავითვალისწინებთ, ზამთრის შესვენების შემდეგ გორის საფეხბურთო არენა გვარიანად შეცვლილი უნდა დაგვხვდეს.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული