ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქუთათურებმა შვიდი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს: დათა რიგვავა (ზუგდიდის "ბაიადან"), გიორგი ლემონჯავა (ფოთის "კოლხეთიდან"), ნიკა ფირცხალავა (თბილისის "დინამოდან"), ალექსანდრე კვახაძე (რუსთავის "მეტალურგიდან"), ვალერი ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ქუცურუა (ბოლნისის "სიონიდან").
მწვრთნელმა ახალწვეულებს "ტორპედოს" მაისურები გადასცა, პრეზიდენტმა კი გუნდის ყოფილ წევრს გია მეგრელაძეს საგანგებოდ მისთვის დამზადებული
ლევან ფხაკაძე:
- დღეს აქ არიან "ტორპედოს ძველი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ქუთაისური გუნდის მდიდარი ისტორია შექმნეს და თქვენ მათ კვალს უნდა მიჰყვეთ... "ტორპედოს" ევროპული ყაიდის კლუბად ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გუნდს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ხელმძღვანელობს და ის შედეგი, რაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ვაჩვენეთ, მის სწორ ტაქტიკაზე მეტყველებს.
კლუბს იდეალური სავარჯიში პირობები აქვს, ახალი შემადგენლობა კი დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. გუნდი თითქმის მთლიანად გაახალგაზრდავდა. გია გეგუჩაძის მხრიდან ეს ძალზე სარისკო ნაბიჯი იყო. იმ დროს, როცა ჩემპიონატში გუნდი მეორე პოზიციაზეა, გიას ადგილას ასეთ სარისკო და ამბიციურ გადაწყვეტილებას ბევრი ვერ მიიღებდა.
მწვრთნელს სრულ ნდობას ვუცხადებთ და დარწმუნებული ვართ, რომ მის მიერ დაკომპლექტებული და მომზადებული გუნდი სატურნირო ცხრილში მყარ პოზიციებს შეინარჩუნებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და, თუ საჭირო გახდა, კიდევ შეგვიძლია ახალი ფეხბურთელების დამატება.
გია გეგუჩაძე:
- მადლობას ვუხდი ვეტერან ფეხბურთელებს. მათი დამსახურებაცაა, რომ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ. ვფიქრობდით, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდებოდა და შემომატებულები მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. მათ საკმაოდ დიდი გამოცდა ელით და იმედი გვაქვს, ნდობას გაამართლებენ.
"ტორპედოს" მეორე გუნდიდანაც გადმოვიყვანეთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობენ. საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები არიან და მათი იმედიც გვაქვს. "სიონიდან" დავიბრუნეთ ლაშა კემუხტაშვილი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. სამწუხაროდ, ისევ დაგვიშავდა ვახტანგ კვარაცხელია, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსამზადებელი ეტაპი გაუცდება.
- თქვენი კონკურენტები, "დინამო" და "ზესტაფონი" საკმაოდ გაძლიერდნენ. ფეხბურთის მოყვარულები "ტორპედოსგანაც" გაცილებით სერიოზულ ტრანსფერებს ელოდნენ, თუმცა გუნდმა უმეტესად ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები დაიმატა. რამდენად შეძლებთ ამ შემადგენლობით კონკურენტებთან ბრძოლას?
- ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, გუნდი ისე უნდა დავაყენოთ ფეხზე, რომ უახლოეს მომავალში ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ არა მარტო ჩვენს ჩემპიონატში, არამედ ევროთასებზეც წარმატებით ვიასპარეზოთ. საქართველოში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება უნდა მიეცეთ და ვფიქრობ, კლუბს ისინი უფრო გამოადგებიან, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელები.
ვალერი ბოლქვაძე: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გია გეგუჩაძეს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ყველანაირად ვეცდები, ამ ნდობის გამართლებას. "ტორპედო" დიდი ისტორიის, ამბიციური კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ აქ მომიწევს თამაში".
ალექსანდრე კვახაძე: "ტორპედოს" მსგავსი წარმატებული გუნდი საქართველოში ბევრი არ არის და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ტრანსფერში მიიღო მონაწილეობა".
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს "ტორპედო" სეზონისთვის მზადებას ანთალიაში გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"