ბათუმი უმაღლესის მოლოდინშია

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ძირძველ კერას აჭარას, რამდენიმე სეზონია რაც უმაღლეს ლიგაში გუნდი აღარ ჰყავს. ეს არა მხოლოდ ფეხბურთის აქაურ ქომაგთათვის, ზოგადად ქართველი გულშემატკივარისთვის გახლავთ მტკივნეული თემა.

მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმის "დინამომ" მიზნად სწორედ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება დაისახა და ამ გზაზე წარმატებითაც მიდის. ახალგაზრდა სპეციალიტ სოსო ნასუაშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა პირველი ლიგის ა ჯგუფში გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს პირველი ადგილი.

მომდევნო ეტაპი კი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფია, რომლისთვისაც ამჟამად ბათუმელები აქტიურად ემზადებიან.

ვესაუბრებით "დინამოს" მთავარ მწვრთნელს სოსო ნასუაშვილს.

- შეკრება
8 იანვარს დავიწყეთ ბათუმში და ჯერჯერობით აქვე ვაგრძელებთ მზადებას. აუცილებლად ვგეგმავთ ე. წ. გასვლითი შეკრების მოწყობას ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქში, ან თურქეთში. დღესდღეობით სამი ვარიანტიდან ვცდილობთ შევარჩიოთ უკეთესი.

- შეკრებისთვის ქალაქს იმის მიხედვით არჩევთ, რომელიც უფრო ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება?
- ჩვენ, პირველ ყოვლისა, ის გვაინტერესებს, თუ სად უფრო უკეთესი სპარინგ მატჩების გამართვის შესაძლებლობა მოგვეცემა. დღესდღეობით თურქეთიდანაც ველოდებით გაგზავნილ შეთავაზებაზე პასუხს, თუ ჩვენთვის საინტერესო გუნდები დაგვთანხმდებიან სპარინგ-მატჩებზე, იქ წავალთ.

სავარაუდო ვარიანტად განვიხილავთ ურეკსაც, სადაც შესაძლოა თავი მოიყარონ ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბებმა. მათთან ამხანაგური შეხვედრებით კი, ცხადია, ძალიან ვართ დაინტერესებული. გამორიცხული არაა შეკრება თბილისშიც დავგეგმოთ, იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ლიგის გუნდებთან ამხანაგური თამაშების ჩატარება დედაქალაქში მოხერხდება.

- აქამდე არ გაგიმართავთ სპარინგ-მატჩები?
- ორი შეხვედრა გვქონდა. ჯერ ფოთის "კოლხეთს" ვეთამაშეთ და ძირითადი შემადგენლობით პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორეში გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი შევუშვი მოედანზე, მაგრამ 1:3 დავმარცხდით.

მათი გარჯით უკმაყოფილო დავრჩი და რვიდან შვიდი მოთამაშე დავითხოვეთ. ერთი მატჩი ჩავატარეთ აგრეთვე "გურიასთანაც", რომელიც 1:1 დასრულდა. გარდა ამისა, კიდევ ორი დაგეგმილი თამაში ჩაგვივარდა უამინდობის გამო: "მერანთან" და ისევ ფოთის "კოლხეთთან".

-გუნდში მომხდარ ცვლილებებზეც ვისაუბროთ.
- კლუბი დატოვეს სამსეიშვილმა, ჟვანიამ და გაბრიჩიძემ. დავიმატეთ მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელიც ბოლოს უზბეკეთში თამაშობდა და ახალციხის "მესხეთის" თავდამსხმელი ირაკლი ცნობილაძე. მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გაძლიერებას, რადგან, საკმარისია რაც პირველ ლიგაში ითამაშა ბათუმის "დინამომ"! ამ სეზონში ჩვენი ერთადერთი მიზანი უმაღლესში დაბრუნებაა.

მართალია კალენდრის მიხედვით პირველ ლიგაში ორი შეხვედრა კიდევ გვაქვს დარჩენილი ოზურგეთში "მერცხალთან" და შინ ხობის "კოლხეთთან", მაგრამ იქ ახალგაზრდებს მივცემთ თავის გამოჩენის შანსს. ამ მატჩებში ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში პირველი ადგილს არ ვკარგავთ.

- "დინამოში" ადგილობივი ფეხბურთელი ბევრია?
- არასოდეს არ ყოფილა ბათუმის "დინამო" ამდენი ადგილობრივი ფეხბურთელით დაკომპლექტებული, როგორც მიმდინარე სეზონშია. თავად განსაჯეთ: 26 მოთამაშიდან 22 ადგილობრივია. გვინდა, რომ სწორედ ამ გზით მოვიპოვოთ უმაღლესის საგზური.

- სტადიონის თაობაზე არის რამე სიახლე?
- აჭარის მთავრობამ გამოყო ერთი მილიონი ლარი ქობულეთის არენის გასარემონტებლად და ვიდრე ბათუმის ახალი სტადიონი აშენდება (რომლისთვისაც საკმაოდ კარგი ადგილია ბათუმში გამოყოფილი) სწორედ ქობულეთს შევეფარებით. დაახლოებით წელიწადნახევარში კი ,ალბათ, საკუთარი სტადიონიც გვექნება.

- კლუბს ფინანსური ზურგი ნორმალური აქვს?
- დღესდღეობით გუნდისთვის გამოყოფილი თანხა გათვლილია სეზონის დასრულებამდე, ანუ მაისამდე. აჭარის მთავრობა დაგვპირდა, რომ უმაღლესში აღზევების შემთხვევაში "დინამოს" ბიუჯეტი უფრო გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული