გია გეგუჩაძე: მალხაზ ასათიანი ქუთაისის "ტორპედოში"? შესაძლებელია!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და მისი ასისტენტები "ტორპედოს" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქუთაისური გუნდის ერთგულ გულშემატკივრებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო თემებზე გულახდილად ისაუბრეს.

ქომაგებს გეგუჩაძის მიმართ არაერთი კითხვა ჰქონდათ დაგროვილი და მწვრთნელმა მათი ინტერესი ბოლომდე დააკმაყოფილა. გულშემატკივრების მხრიდან იყო თამამი და მწვავე კითხვებიც, თუმცა საერთო ჯამში მწვრთნელთან შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.

კითხვა-პასუხი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენც ზოგიერთ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

- როგორც ვიცით, ანთალიაში არცთუ სახარბიელო სავარჯიშო პირობები დაგხვდათ. რა იყო ამის მიზეზი და საერთოდ, თურქეთში გავლილი
შეკრებით რამდენად კმაყოფილი დარჩით?
- საცხოვრებელი პირობები და კვება ძალიან კარგი იყო, მაგრამ მიმღებმა მხარემ კონტრაქტი დაგვირღვია. სათანადო სპარინგები არ შეგვირჩია. უშუალოდ ადგილზე მოგვიხდა მოწინაღმდეგეების მოძიება. მოედნებიც არ იყო კარგ მდგომარეობაში. კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და მომავალ წელს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ.

მთლიანობაში შეკრებით მაინც კმაყოფილი დავრჩი. იქ გამართულ ამხანაგურ მატჩებში ვნახეთ დღეს რისი პრეტენზია უნდა გვქონდეს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. გამოჩნდა, რომ ძალიან ცოტა ბურთი გაგვაქვს და ისიც თერთმეტმეტრიანებით, გაშვებით კი საკმაოდ ბევრს ვუშვებთ.

- თავდასხმაში პრობლემები რომ გვაქვს, ეს მარტვილის "მერანთან" წაგებულ (1:2) ამხანაგურ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა. დაცვა და ნახევარდაცვა, ასე თუ ისე, დაბალანსებულია, შეტევაში კი ძალიან გვიჭირს. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- შეტევაში პრობლემები რომ გვაქვს, ამაში გეთანხმებით. საჭირო და კვალიფიციურ თავდამსხმელს ვეძებთ და თუ "ტორპედოსთვის" გამოსადეგი ფორვარდი გამოჩნდება, გუნდში აუცილებლად ჩავრიცხავთ.

ვახტანგ კვარაცხელიას დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ როგორც იცით, ტრავმა მიიღო და წლეულს ვერ დაგვეხმარება. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი გუნდში ისეთ თავდამსხმელებს, როგორიც მათე ვაწაძე და ჯაბა დვალია, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასეთი მაღალი დონის ფორვარდების მოყვანა არ ხერხდება. დუბლებიდან გადმოვიყვანეთ ახალგაზრა ნიჭიერი ფორვარდი ფანცულაია, ჯერ ასაკით პატარაა, მაგრამ სამომავლოდ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ შეტევაში არა გვაქვს პრობლემები. გუნდის გარჯით უკმაყოფილო ვარ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

- გუნდის ახალწვეულებით თუ ხართ კმაყოფილი და მათგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვინ დატოვა?
- არ მინდა ვინმე გამოვარჩიო. ახალწვეულები გუნდს ნორმალურად შეეწყვნენ, თუმცა ზოგიერთთან გამომშვიდობებაც მოგვიხდა. რეხვიაშვილთან ერთად ქუცურუასაც დავემშვიდობეთ, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მის პოზიციაზე დოლიძე და ფეიქრიშვილი გვყავს და მათთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდებოდა.

ხმაურიანი ტრანსფერები არ განგვიხორციელებია, თუმცა ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ეტაპი "ზესტაფონშიც" გავიარეთ, ისე არ ხდება, რომ ერთ წელიწადში ყველა სასურველი ფეხბურთელი დაიმატო. ყველაფერს დრო სჭირდება. მაშინ შოთა გრიგალაშვილი არავის ახსოვდა, ჯაბა დვალი სად თამაშობდა კაციშვილმა არ იცოდა, ზაალ ელიავას კი ფეხბურთისთვის თითქმის თავი ჰქონდა დანებებული. თუმცა, როგორ ათამაშდნენ ისინი "ზესტაფონში" კარგად მოგეხსენებათ.

ახლა "ტორპედოში" მოვიყვანეთ ვალერი ბოლქვაძე, რომელიც ანალოგიურად ფეხბურთიდან თითქმის წასული იყო, მაგრამ მისი ნიჭი მახსოვს და მივიჩნევ, რომ ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. თუ მოინდომებს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

- რა გახდა გუნდიდან დავით კირკიტაძისა და ცოტნე ხარაბაძის წასვლის მიზეზი, მათთან ერთად "ტორპედო" ოთარ კვერნაძემაც დატოვა, რომელიც პერსპექტიულ ფორვარდად ითვლება. იმ დროს, როცა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ძიებაში ვართ, მათი გუნდიდან გაშვება რამდენად გამართლებულია?
- კირკიტაძეს და ხარაბაძეს პირველ გუნდში თამაშის პრეტენზია ჰქონდათ. დუბლებისთვის ისინი გადაზრდილები იყვნენ და იქ დარჩენას სხვაგან გადასვლა ამჯობინეს.
ისინი ახლა საჩხერეში არიან და სავარაუდოდ იქ გააგრძელებენ კარიერას. რაც შეეხება კვერნაძეს, მართლაც ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია, მისი მიყვანა "ზესტაფონში" მუშაობის დროსაც მსურდა და ახლაც მინდოდა გუნდში ამეყვანა, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ შევთანხმდით და ბედის საცდელად პოლონეთში გაემგზავრა.

- თქვენი კონკურენტები ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილება აქვთ. როგორ აპირებთ ამ გუნდებთან კონკურენციის გაწევას?
- უპირველესად, ფეხბურთის თამაშით. გეთანხმებით, რომ "ზესტაფონი" და "დინამო" ძლიერი გუნდები არიან, "დილამაც" ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა, მაგრამ ყველაფერი მოედანზე, კონკრეტულ მატჩში წყდება. ჩვენ ყველასთან საბრძოლველად მზად ვიქნებით.

- "დინამოში", "ზესტაფონში" და უკვე "დილაშიც" ფეხბურთელებს გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე "ტორპედოში". გვაინტერესებს, სატრანსფერო თანხებშიც ხომ არ ხართ შეზღუდული?
- ახლა ჩამოყალიბების პერიოდი გვიდგას. ამისთვის ორი გზა არსებობს - ან დიდი თანხები დავხარჯოთ და მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვიფიქროთ, ან ნელ-ნელა და საფუძვლიანად ჩამოვყალიბდეთ. შედეგი ვის არ უნდა?! ძალიან კარგი იქნება ევროთასებზე მოვხვდეთ და ლიგაზეც გავიდეთ, ასეთ შემთხვევაში ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. მაგრამ ჩვენ თუ ამას უსაფუძვლოდ მივაღწევთ, მიწაზე მალევე დავენარცხებით. სჯობს, ნელ-ნელა მოვძლიერდეთ, საძირკველი ჩავყაროთ და დიდ წარმატებებზე თანდათან ვიფიქროთ.

- ძალიან კარგია, რომ მომავალზე ფიქრობთ, მაგრამ წარმატებებს 5 წელიწადი ვერ დაველოდებით...წარუმატებლობის შემთხვევაში თუ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას?
- პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ წაგების გარეშე მოგებაც არ არსებობს და კარგი იქნება, თუ გულშემატკივრები ყოველთვის გვერდში დაგვიდგებით. რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. გუნდი მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად ჯერ კარგად უნდა მომწიფდეს.

მე პირადად ყველაფერი ჩემს საზიანოდ გავაკეთე. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების შერჩევა მთხოვა, თუმცა ვისი მოყვანაც მინდოდა, მათში ისეთი თანხა მოითხოვეს, რეალობისგან ძალიან შორს იყო. ისინი, რომ შეგვეძინა, აკადემია გვერდით დაგვრჩებოდა და ბავშვებსაც ვეღარ მივხედავდით. ამიტომ აქცენტი მომავალზე გავაკეთე. ვეცდებით ფონს ამჟამინდელი შემადგენლობითაც გავიდეთ. ხოლო თუ ევროტურნირების საგზური მოვიპოვეთ, საჭიროებისამებრ გავძლიერდებით.

- რამდენად შესაძლებელია, თუნდაც მომავალ სეზონში "ტორპედოში" მალხაზ ასათიანის გადმობირება?
- შეუძლებელი არაფერია. კლუბის ხელმძღვანელობა მოწადინებულია, რომ მან "ტორპედოში" ითამაშოს და თუ თავად ფეხბურთელის სურვილიც იქნება, გუნდში დიდი სიამოვნებით მივიღებთ. ასეთი დონის ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებს.

- ანთალიაში "ტორპედოს" თამაშს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია დაესწრო, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის ნახვა აინტერესებდა?
- ქეცბაია გუნდის მდგომარეობას გაეცნო, რამდენიმე ფეხბურთელის თამაშიც აღნიშნა, თუმცა მათ გვარებს ვერ დავასახელებ. ბევრზე ეს ცუდად მოქმედებს.

- როგორ მზადყოფნაში ხვდება გუნდი ჩემპიონატს და ფეხბურთელებს ტრავმები ხომ არ აწუხებთ?
- გამეზარდაშვილი ოჯახური პირობების გამო შეკრებაზე გვიან შემოგვიერთდა და ბოლომდე სასურველ ფორმაში არ იმყოფება. კვახაძეს, კუხიანიძეს და ფირცხალავას ტრავმები ჰქონდათ და მოიშუშეს. დიღმელაშვილს აქვს მიკროტრავმა, რომელიც პერიოდულად აწუხებს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. კვარაცხელიას შესახებ კი დასაწყისშივე ვთქვით.

- "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით გამეზარდაშვილს მაისში კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და აპირებთ თუ არა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას?
- ამას წინათ მაქსიმე ქვილითაიასთან გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება. ახლა ომარ მიგინეიშვილთან მიდის მოლაპარაკებები. ძალიან კარგი მეკარეები გვყავს და მათი გაშვება არ გვინდა. გამეზარდაშვილთანაც გვექნება საუბარი. ახალგაზრდებს ძირითადად 5 წლიან კონტრაქტებს ვუფორმებთ, რადგანაც მათი ჩამოყალიბება და გუნდის წინსვლა ერთდროულად უნდა მოხდეს. ასაკოვან და გამოცდილ ფეხბურთელებთან კი მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება გვიჯობს.

- საფეხბურთო სკოლა "ავაზაც" ვისოლი ჯგუფის საკუთრებაა, ამ გუნდიდან თუ აპირებთ ფეხბურთელების მოწვევას?
- "ავაზაში" კარგი ბავშვები არიან. განსაკუთრებით შემტევი ნახევარმცველი ლეჟავა (1998წ.) გამოირჩევა. თბილისის "დინამოს" უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ თავად "ტორპედოში" თამაში სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაპატიეთ ,მაგრამ რაღაც მგონია ასათიანი არ უნდათ თორემ ამდენხანს რაღაცას მოახერხებდნენ,დიდ პატივს ვცემ ბატონ გიას მან ნაღდად იცის ფეხბურთი და მჯერა ტორბედოს მართლაც მიხედავს გულიანად,ასათიანი კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და რაც არუნდა საწყენი იყოს ბევრისთვის მასეთი ფეხბურთელი და ვაშკაცი ბიჭი დღეს ქართულ ფეხბურთს არ ყავს,იქნებ ფედერაციაც ჩაერთოს საქმეში და ამ კაცს გუნდის მოძებნაში დაეხმაროს,თვითონ ვინც უნდათ იმათ ხომ მოუძებნეს გუნდები,არ ყავს დღეს საქართველოს ასათიანის დონის ფეხბურთელი და ასეთი კაცის დაკარგვა სირცხვილია ნაკრების და ფედერაციის,ალბათ ვიღაცას არ აწყობს და მაგიტომ არ აქცევენ ყურადღებას,მაინდამაინც ქეცბაიას და სიჭინავას ძმაკაცი უნდა იყოს ყურადრება რომ მიაქციონ?არც სპორტული გადაცემები უთმობენ დროს ასკას,ეს სირცხვილია ,მაგრამ დაბრუნდება ასკა და ყველას დაუმტკიცებს რაც შეუძლია,
vasiko basiladze
15:01 14-02-2012
0
vasiko basiladze, რა შუაში აქ სიჭინავა და ქეცბაია (განსაკუთრებით)ვერ ვხვდები. კი ასკა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია (ეხლა არ ვიცი რა მდგომარეობაშია), მაგრამ მოსკოვიდან არ იხედება გარეთ და ასე რა გამოვა. მე ვერ დავიჯერებ, რომ მას არ ქონოდა შეთავაზებები, მაგრამ ეტყობა აღარ უნდა თამაში.
zako
15:38 14-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული