ბათუმის მერია ბათუმის "დინამოს": ოღონდ უმაღლესში გადადით და...

AutoSharing Option
პირველი ლიგის "ა" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერს ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება დიდი ხანია განაღდებული აქვს და სეზონის განახლებისათვის ემზადება.

კლუბის ხელმძღვანელები ცდილობენ გუნდს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ პლეი-ოფშიც კარგად წარმოაჩინონ თავი და უმაღლესის საგზურიც მოიპოვონ.

ამასწინათ გაუწყებდით, რომ ბათუმელები შეკრებაზე გასამგზავრებელ ადგილს იმის მიხედვით გეგმავდნენ, სადაც უფრო უკეთესი და მეტი სპარინგ-მატჩის ჩატარების საშუალება ექნებოდათ. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ნასუაშვილმა გვითხრა, დინამოელებმა მოსამზადებელი შეკრების გავლა ანთალიაში გადაწვიტეს, სადაც 20 თებერვალს გაემგზავრებიან და მარტის დასაწყისამდე დარჩებიან.
პირველი ლიგაც სწორედ ამ დროს, კერძოდ 2 მარტს უნდა განახლდეს.

თურქეთში გამგზავრების წინ "დინამომ" რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა: სომხეთის ჩემპიონ "ულისთან" 1:0 მოიგო, თანაქალაქელ "ადელს" კი ჯერ 3:1 აჯობა, შემდეგ - 6:0.

"ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ თურქეთში ჩასატარებელი სპარინგ-მატჩების დასაგეგმად. სავარაუდოთ, ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ რუმინეთის, უკრაინისა და ყაზახეთის გუნდებთან. აქვე, დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო ბათუმის მერიის მხარდაჭერის თაობაზეც. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში მათ გუნდისთვის წინასწარ გამოყოფილი დაგეგმილი თანხა გაგვიორმაგეს.

ფინანსური თვალსაზრისით აქამდეც ნორმალური მდგომარეობა გვქონდა და ცხადია, ახლა უფრო კმაყოფილნი ვართ. ადგილობრივ ხელისუფლებაში გვეუბნებიან: ოღონდ, თქვენ უმაღლესში დაბრუნდით და გვერდში დგომა ჩვენზე იყოსო", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ნასუაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული