...ზაქარია, გაუტანე ქართველებსო!

AutoSharing Option

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. დინამო-ფლორა
დინამოს რობერტინიო დააკლდება

ევროპის ლიგის ახალი, 2010-11 წლების სეზონი საქართველოში, თბილისის "დინამოსა" და ტალინის "ფლორას" მატჩით გაიხსნება. ამ თამაშისთვის მეტოქე გუნდები უკვე კარგა ხანია ემზადებიან. გუშინ მოწინააღმდეგეებმა მატჩის წინა ვარჯიშები გამართეს. ვნახოთ თუ რა ვითარებაა მეტოქე გუნდების ბანაკებში, რას ფიქრობენ დღევანდელ შეხვედრაზე, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებსა და მომავალზე.

18 საათზე ეროვნული სტადიონის მოედანზე ესტონელები გავიდნენ. ტალინელთა გუნდის თავკაცმა მარტინ რეიმმა თბილისში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთვის ცნობილია - 20 წლის შემტევი ნახევარმცველი
ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელსაც ჭაბუკთა ნაკრებებში უთამაშია და ახალგაზრდულშიც იყო გამოძახებული. აღსანიშნავა ისიც, რომ ბალტიისპირელთა დელეგაციაში არც გულშემატკივრები არიან და არც ჟურნალისტები. მხოლოდ გუნდი და კლუბის დირექტორია, საშუალო ასაკის ქერათმიანი ქალბატონი, რომელიც ესტონელებს თბილისში 3 მარტს, ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩებისთვისაც თან ახლდა.

მარტინ რეიმმა საათის განმავლობაში ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. აშკარად ჩანდა, რომ სტუმრებს მონდომება არ აკლიათ, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული. ტექნიკურობისა რა გითხრათ, მაგრამ ძალისმიერი თამაში, სირბილი და მეორე სართულზე ბრძოლა ეხერხებათ.
როგორც გავიგეთ, თბილისურმა ხვატმა "ფლორაც" შეაწუხა და ჩვენებურს ამინდზე ეკითხებოდნენ. თანაკლუბელებთან საუბრის შემდეგ ზაქარია ბეგლარიშვილს მივმართეთ.

- ესტონეთში ყველამ იცის, რომ თბილისის "დინამო" საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და თასების მფლობელთა თასი აქვს მოპოვებული. თანაგუნდელებმა ისიც კარგად იციან, რომ "დინამო" არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაში ცნობილი კლუბია. ამჟამინდელ "დინამოზე" ბევრი არაფერი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ქართველი ფეხბურთის კოზირი ტექნიკურობა და ინდივიდუალიზმი ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ესტონეთში ფიქრობენ, რომ იოლი მატჩები არ გველის "დინამოსთან".
- თანაკლუბელებზე მეტად იცნობ "დინამოს" და საინტერესოა თავად რისი თქმა შეგიძლია...
- მეტოქე გუნდში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, რამდენიმეს მხარდამხარ მითამაშია კიდეც. ჩვენს წყვილში "დინამო" ფავორიტია, მაგრამ "ფლორასაც" აქვს თავისი წილი შანსი. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორ მატჩის ჯამში გაირკვევა. ვნახოთ ვინ როგორ გამოიყენებს თავის წილ შანსებს.
- გავიგე, ესტნელებს შენთვის "დინამოსთვის" გოლის გატანა უთხოვიათ...
- დიახ, მართალია. როცა გაირკვა რომ ჩემი თანამემამულეების წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში, უმალ მითხრეს, ერთი გოლი შენზეაო. ისიც დაამატეს, თბილისის "დინამო" მდიდარი წარსულის მქონე კლუბია და ამ გუნდისთვის გოლის გატანას ბევრი ინატრებდაო.
- შენც შეპირდი "დინამოს" გავუტანო?
- ფეხბურთელი ყოველთვის ფიქრობს და ცდილობს მეტოქეს გაუტანოს, მაგრამ იმის გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ უცილობლად გაიტანს. ტალინში ბევრი მეკითხება, ქართველებს გაუტან თუ ვერაო. პირობას ვერავის ვაძლევ და ყველას ერთს ვეუბნები, გოლის გატანას შევეცდები და ვნახოთ რამდენად შევძლებ-მეთქი.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობ, "დინამოსთან" თბილისურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნები?
- ვნახოთ, შესაძლოა ასეც იყოს. თამაშამდე დილით მსუბუქი ვარჯიში გვექნება და გუნდის მთავარი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობას ამ წვრთნაზე გადაწყვეტს.

ზაქარია ბეგლარიშვილის შემდეგ, "ფლორას" თავკაც მარტინ რეიმს მივმართეთ. სხვათა შორის, რეიმი ესტონეთის ნაკრების ყოფილი მცველია, ეროვნულში 157 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მარტინ რეიმი ნაკრებში თამაშის დროსაც ყოფილა ქართველების წინააღმდეგ, მწვრთნელის ამპლუაში კი პირველი დაპირისპირება დღეს უწევს.

- "დინამოს" წარსულზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ახლანდელ გუნდზე. მეტოქეს მდიდარი წარსული აქვს, მაგრამ არ ვიცი დღეისათვის რა დონის გუნდი გყავთ. მასპინძელი "დინამოა" და ფავორიტი როლშია. ვიცი რთული მატჩი გველს, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, რომ ტალინში საპასუხო მატჩამდე მცირე შანსი არ გვქონდეს.
- გამოიყენებთ თუ არა თანამემამულეთა წინააღმდეგ ქართულ კოზირს, ზაქარია ბეგლარიშვილს?
- ბეგლარიშვილი ტექნიკური ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მეტოქის წინააღმდეგ ამ ქართული კოზირის გამოყენება ნამდვილა მინდა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვიტავს ხვალ ის ძირითადში იქნება თუ არა.
- ნაკრებში თამაშით რეკორდსმენი ხართ, ქართველების წინააღმდეგაც გითამაშიათ. ამ არენაზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თუ გაქვთ ნათამაშები?
- საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კი მითამაშია, მაგრამ ამ სტადიონზე არასდროს. ერთ-ერთი ბოლო მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა ტალინში, ის შეხვედრაც ვითამაშე. ფეხბურთელობისას არაერთხელ ვყოფილვარ ქართველების მეტოქე, მწვრთნელის რანგში პირველად მიწევს ქართულ ფეხბურთთან დაპირისპირება და მინდა, რომ ორი მატჩის ჯამში წარმატება ჩვენს მხარეს იყოს.
- როგორც გავიგე "დინამოს" ერთი მატჩის ვიდეოფირი გინახავთ. რა დასკვნა გააკეთეთ?
- საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახე, ის მატჩი "დინამომ" 4:1 მოიგო. მეტოქე ახალგაზრდული გუნდია, იბრძვის და არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს.
- როგორ ფიქრობთ, მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის, რა ფაქტორი იქნება გადამწყვეტი?
- მონდომება, მობილიზება და გამართლება. "დინამოს" ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და ამ კომპონენტში გაგვიჭირდება. თუმცა ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვა არცერთი გუნდის შესაძლებლობებს არ აღემატება.

ესტონელების შემდეგ გუნდი "დინამოს" თავკაცმა კახა კაჭარავამ ავარჯიშა. თვალშისაცემია ის, რომ "დინამოში" არაერთი ახალი სახეა, დუბლებიდან მთავარ გუნდში გადმოყვანილი ფეხბურთელები, რომლებსაც ისრაელიდან დაბრუნებული ლევან ხმალაძე და თბილისის "ლოკომოტივიდან" დამატებული თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი შეემატათ.

"დინამოში" დაბრუნებული ლევან ხმალაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და კომენტარშიც ეს პოზიცია დააფიქსირა.
"მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავსუსტდით. რამდენიმე მოთამაშე დაგვემატა და "დინამო" ახლაც სერიოზული ძალას წარმოადგენს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ამ ბარიერის, არამედ მომდევნო ეტაპების გადალახვაა. "ფლორასთან" იოლი მატჩები ნამდვილად არ გველის, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია და სწორედ საამისოდ ვიბრძოლებთ".

ტალინელებთან რთულ მატჩებს ელის "დინამოს" თავკაცი კახა კაჭარავაც.
"მართალია, გასული სეზონის შემდეგ წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები დაგვემატა. იმედი მაქვს ის ფეხბურთელები, რომლებიც ესტონელებთან მატჩებში ითამაშებენ, ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისთვის. ორი აზრი არ არსებობს, "ფლორასთან" რთული მატჩები გველის, მაგრამ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ"...
გიორგი ლორია, ბექა შეყრილაძე, გიორგი მამუჩიშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი თექთურმანიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, გიგა წენგუაშვილი, გიორგი ზვიადაძე, ირაკლი ლექვთაძე, ედნილსონი, ლაშა ჩადუნელი, დონალდ ჯიუსი, ირაკლი სიხარულიძე, ლევან ხმალაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი კახელიშვილი, მათე ვაწაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ზვიად მეტრეველი - ეს ფეხბურთელები ემზადებოდნენ "ფლორასთან" მატჩისთვის. როგორც ხედავთ ამ ჩამონათვალში არ არის ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტინიო. როგორც გავიგეთ, რობერტინიოს ტრავმა აქვს და დღეს ტალინელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
დაბოლოს, დღეს, "დინამო"-"ფლორას მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. შეხვედრას ებრაელი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ელი ახმნონი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" გადასცემს.

დავით ცაბაძე



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული