შეგახსენებთ, რომ ლვოვურმა კლუბმა ფეხბურთელი ისეთი სქემით გადაიბირა, რომ საქართველოს ჩემპიონები კუთვნილი კომპენსაციის გარეშე დატოვა. ტრანსფერთან დაკავშირებით, დეტალურად "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ისაუბრა, თაღლითურ გარიგებაში კი უკრაინულ კლუბთან ერთად თავისი ყოფილი ფეხბურთელიც დაადანაშაულა (იხილეთ ვრცლად).
მოგვიანებით პრეზიდენტის ბრალდებებს ბუბაც გამოეხმაურა, რომელიც უკრაინელ ჟურნალისტს "ზესტაფონში" არსებულ გაუსაძლის პირობებსა და კლუბის პრეზიდენტის არაადამიანურ მოპყრობაზე ღიად ესაუბრა (იხილეთ ვრცლად).
"ზესტაფონი VS კარპატი-დაუშვილის" სკანდალურ საქმეს ახლახან უკრაინული საიტი sport.ua-ც
sport.ua
კარპატის სქემით
ევროპულ საზოგადოებაში სიტყვა "უკრაინა", სულ ცოტა, ორ ნეგატიურ ასოციაციას იწვევს: ჩერნობილსა და კორუფციას. ევროპელთა აზრით, უკრაინაში კორუფცია ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, ფეხბურთშიცაა გამჯდარი, რაზეც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებია, გამუდმებით საუბრობენ.
გარიგებული მატჩები, ჯიბის მსაჯები, ფეხბურთელების მიმართ საკონტრაქტო ვალდებულებების უგულებელყოფა... ამაზე უკვე არაერთგზის ითქვა.
საფეხბურთო კანონების უგულებელყოფის მხრივ, ბოლო წლების ერთ-ერთი ნიუზმეიკერი ლვოვის "კარპატია", რომლის სახელიც ჯერ "მეტალისტთან" ჩაწყობილი თამაშის სკანდალს უკავშირდებოდა, შემდეგ კი - თავისივე ფეხბურთელებთან: სერგეი კუზნეცოვთან, არტემ ფედეცკისა და ერიკთან დავის ხანგრძლივ საქმეს.
და აი, კიდევ ერთი უსიამოვნო ისტორია "კარპატისთან" დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ფიფას დონეზე გადასაწყვეტი გახდეს. საუბარი ლვოვური კლუბის ახალგამომცხვარ ნახევარმცველზე, მურთაზ დაუშვილზე გვექნება, რომელიც "კარპატიში" მოკრძალებული "ზესტაფონიდან" გადავიდა.
დაუშვილი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. "ზესტაფონის" აღზრდილმა, სადაც ის 2005-იდან 2012 წლამდე გამოდიოდა, 22 წლისთვის ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაში და ეროვნულ გუნდში 10 მატჩის ჩატარებაც მოასწრო. თავის დროზე მისით დაინტერესებას მოსკოვის "სპარტაკი" და სხვა ევროპული კლუბებიც იჩენდნენ, მაგრამ საბოლოოდ ახალგაზრდა ქართველი ლვოვის "კარპატის" რიგებში აღმოჩნდა, რომლის მაისურით მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ქვეყნის ლიგაში თავის მორიგ სეზონს ატარებდა, როდესაც "ზესტაფონთან" მისი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდა და ნათელი გახდა, დაუშვილი კარიერას გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში გააგრძელებდა.
განსაკუთრებით "კარპატი" აქტიურობდა, რომელმაც "ზესტაფონთან" ფეხბურთელის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხუთი თვით ადრევე გააფორმა წინასწარი ოთხწლიანი შეთანხმება. ეს კი ნიშნავდა, რომ ქართულ კლუბთან გამომშვიდობებისთანავე ბუბა ლვოველთა სრულფასოვანი მოთამაშე გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან "კარპატის" ერთ-ერთი არაოფიციალური საიტი სწორედ ასეთ ცნობას ავრცელებდა.
ამ შემთხვევაში ლვოვური კლუბი მოთამაშეს ხელში უფასოდ ჩაიგდებდა, მაგრამ არის ერთი "მაგრამ" - ფიფას კანონების თანახმად, ფეხბურთელის აღმზრდელ კლუბს, 23 წლის შესრულებამდე მის თავისუფალ აგენტად სხვა პროფესიონალურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, უფლება აქვს კომპენსაცია მოითხოვოს.
ფიფას წესდებით, კომპენსაციის თანხა განისაზღვრება ფეხბურთელის მიმღები კლუბის მიერ საკუთარი ფეხბურთელების მომზადებაზე გაწეული ხარჯის საშუალო მაჩვენებლით. რამდენადაც ფიფა უკრაინის პრემიერლიგის გუნდებს უეფას მეორე კატეგორიას მიაკუთვნებს, "კარპატის" მოთამაშის უწინდელი კლუბისთვის ყოველი წლისთვის 60 ათასი ევროს გადახდა ეკუთვნოდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვილი "ზესტაფონში" დარეგისტრირებული 6 წლისა და 4 თვის მანძილზე იყო, ქართველებს მასში 380 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა სამართლიანად შეეძლოთ.
ასეთ შემთხვევაში მიმღები კლუბია ვალდებული, კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს, მაგრამ "კარპატი" დუმდა და "ზესტაფონი" იძულებული გახდა, ლვოველებისთვის ოფიციალური წერილით მიემართა, სადაც გაცილებით ნაკლები საკომპენსაციო თანხა - 360 ათასი მოითხოვა.
ამის შემდეგ იწყება ისტორია, რომელსაც, ალბათ, ანალოგი არ აქვს. 2012 წლის 7 თებერვალს "კარპატის" ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადებით უპასუხა, რომ არ აპირებს კომპენსაციის სრულად გადახდას და "ზესტაფონს" მხოლოდ 50 ათას დოლარს შესთავაზებს, რომელსაც 10 დღის ვადაში დაფარავს. ლვოველები იმუქრებოდნენ, რომ ამ "სარფიან" წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზესტაფონელებს სულ არაფერს გადაუხდიდნენ და სულაც, ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ გაიფორმებდნენ, როდესაც 23 წელი შეუსრულდებოდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, დაუშვილი "კარპატისთვის" იმდენად საჭირო ფეხბურთელი იყო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი იუბილის დადგომამდე ვეღარ დაიცადა.
ამის ფიქრის საფუძველს დაუშვილის ტრანსფერზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მისამართზე გაგზავნილი მოთხოვნა გვაძლევს, რომლის ავტორი უკრაინის ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბი "ლვოვი" იყო. ამ კლუბმა, როგორც აღმოჩნდა, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2012 წლის 10 თებერვალს გააფორმა! 29 თებერვალს კი ის "კარპატიში" იჯარით გაუშვა, სადაც დღემდე თამაშობს კიდეც ბუბა.
ასეთი მარტივი საშუალებით გადააბარა "კარპატიმ" კომპენსაციის გადახდა კლუბ "ლვოვს", რომელიც უეფას მესამე კატეგორიის კლუბებს მიეკუთვნება და ფეხბურთელის აღმზრდელი კლუბისთვის წლიური 30 ათასი ევროს გადახდა ეკუთვნის.
ცნობილია, რომ ამ კლუბის ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა გუნდში ლეგიონერების დამატებას მიზნობრივად გაუმართლებელს ხდის (მეორე ლიგაში ლეგიონერები აკრძალულია) და თან, მისი ფინანსური მდგომარეობაც არცთუ სახარბიელოა.
დავუშვათ, რომ დაუშვილის გაფორმებით, საფეხბურთო კლუბმა "ლვოვმა" ხეირის ნახვა მოინდომა. როგორც ეს სატრანსფერო კონტრაქტშია, დაუშვილზე უფლებების "კარპატისთვის" გადაცემაში კლუბმა 6 ათასი გრივენი მიიღო. გადასახადების გამოკლებით კი გამოდის, რომ 190 ათას ევროდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ამღებმა უკრაინულმა კლუბმა მთლიანობაში 500 დოლარზე ცოტა მეტი გამოიმუშავა.
თავის ინტერვიუში დაუშვილმა ისაუბრა, რომ "ლვოვთან" კონტრაქტის გაფორმებაზე მაშინ დაფიქრდა, როდესაც "ზესტაფონსა" და "კარპატის" შორის შეთანხმება არ მოხერხდა. ამასთან, მან "კარპატისთან" წინასწარი კონტრაქტის გაფორმების ფაქტი უარყო და თქვა, რომ შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერი იყო.
ვითარებაში უკეთ გასარკვევად დავუკავშირდით ადამიანს, რომელიც უკრაინაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერესებს წარმოადგენს.
ილია სკოროპაშკინი: "ახლა "ზესტაფონი" ფიფას დავების პალატაში წარსადგენად დოკუმენტებს ამზადებს, - აცხადებს სკოროპაშკინი. - მოძიებული სამხილების საფუძველზე დარწმუნებულნი ვართ, რომ საქმე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება.
ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე კეთილსინდისიერებას გამოიჩენს, რადგან საერთაშორისო დონის საფეხბურთო ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს როგორც კლუბისთვის, ისე თავად ფეხბურთელისთვის".
აღსანიშნავია, რომ "კარპატი" დაუშვილთან წინასწარი კონტრაქტის არსებობის კვალს გამიზნულად შლის. მაგალითად, კლუბის ოფიციალური საიტიდან დაუშვილის შესახებ ყველა სიახლე 2012 წლის იანვრის შემდეგ რედაქტირებულია. მაგალითად, "მწვანე-თეთრების" ახალწვეული დაუშვილი" გადაკეთდა "პოტენციურ ახალწვეულად". თუმცა სხვა საიტებზე გადაბეჭდილი პირვანდელი ვერსიები არსებობს და მათი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
თუკი მართლა არ არსებობდა დაუშვილსა და "კარპატის" შორის წინასწარი კონტრაქტი, მაშ, რაღას უნდა მივაწეროთ ეს ცვლილებები?
"კარპატის" წარმომადგენლები დაუშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ჩვენი კორესპონდენტისთვის შეუძლებელი გახდა ლვოვური კლუბის გენერალურ დირექტორთან, იგორ დედიშინთან დაკავშირებაც, რომელსაც ტელეფონი გამორთული აქვს...