ჩვენი ინფორმაციით, "დინამოს" მეპატრონეს რომან ფიფიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზეს. ამათგან ერთ-ერთი ალექსანდრე ზავაროვი იყო - საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის "დინამოს", "იუვენტუსისა" და "ნანსის" ყოფილი ვარსკვლავი.
საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ ზავაროვი "მოსკვას" დუბლშემადგენლობის (2005), ხარკოვის "მეტალისტისა" (2005) და კიევის "არსენალის" (2006-10) მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა 2010 წლიდან უსაქმოდაა.
სხვათა შორის, სადაც უმუშავია, ქართველი ფეხბურთელებისადმი კეთილგანწყობას ყველგან ავლენდა - სწორედ მის ხელში განაახლა კარიერა ლაშა ჯაკობიამ,
"დინამოს" შესთავაზეს ბულგარელი სპეციალისტის, ევგენი კოსტოვის კანდიდატურაც, რომელიც ბოლოს სოფიის "ლევსკის" ავარჯიშებდა, მანამდე კი ერევნის "ბანანცს".
თუმცა "დინამომ" ორივე მათგანზე უარი თქვა.
თბილისელებმა, ასევე, არ ისურვეს უკრაინის ნაკრებისა (2001-03, 9 მატჩი) და კიევის "დინამოს" (2001-07, 50 შეხვედრა) ყოფილი მეკარის, ვიტალი რევას ჩამოყვანა.
რევა იმ იშვიათ უკრაინელ მეკარეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც იქაურ პრემიერლიგაში 100 მატჩში გოლი არ გაუშვიათ.
რევა "დინამოში" ჩამოსასვლელად და აქ სათამაშოდ თანახმა იყო, არც დიდ ხელფასს ითხოვდა, მაგრამ თბილისური კლუბის თავკაცებმა უარი მისი ასაკის გამო თქვეს.
უკრაინელი ასაკოვანია (37 წლისაა) და სათამაშო პრაქტიკასაც მოკლებულია - კიევის "ობოლონიდან" 2011 წელს წამოვიდა და უგუნდოდაა.
"ზავაროვი, კოსტოვი და რევა - ყველას უარი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"