ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
...სტადიონი სამი საათის შემდეგ დავტოვეთ. ჩვენს ავტობუსს პოლიციის ესკორტი
მოაცილებდა, თუმცა მაინც მას რას აღარ ესროდნენ: ქვებს, აგურებს...

"ტრაბზონის" ბაზაზე რომ მივედით, ბიჭებმა იქ დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან ქალაქში გასვლა სახიფათო იყო. მეც იგივე მირჩიეს, მაგრამ ბაზაზე ვერ გავჩერდებოდი, - გერმანიიდან, სპეციალურად ამ თამაშისთვის, აჩი ჩამოვიდა. თანაც ძალიან მაინტერესებდა, რას მეტყოდნენ "ტრაბზონის" ფანები. ფეხები გავაფიჩინე და მაინც წამოვედი.

კლუბის ბაზიდან მანქანით გამოვედი. გზაზე ყველას აჩერებდნენ, მანქანებში მსხდომთ კარგად აკვირდებოდნენ. ჩემი მანქანა მაშინ გააჩერეს, როცა აჩისთან ერთად ვიყავი. დაახლოებით ათმა კაცმა შემოყო მანქანაში თავი... ასეთი გამხეცებული ხალხი არასდროს მენახა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი... ტრაბზონში ყოველ მეორეს ჯიბეში იარაღი უდევს.

ძალიან დავიძაბეთ. ხანმოკლე პაუზა მე დავარღვიე და ამ ხალხს ვთხოვე, სახლამდე მიგვაცილეთ-მეთქი. ჩოჩქოლი ატყდა. წინ მანქანა ჩაგვიდგა "ტრაბზონის" ვეებერთელა დროშით და ასე მიგვაცილეს სახლამდე. დამშვიდობებისას ერთ-ერთმა ფანმა გვითხრა - დროზე წადით აქედან, ასეთ გუნდში თქვენ ვერაფერს მიაღწევთო.

მეორე დღეს ქალაქი მკვდარი იყო... საქართველოს ნაკრებს რუმინეთში ჰქონდა ამხანაგური თამაში და თვითმფრინავის ბილეთების საყიდლად გავედი სახლიდან... პანაშვიდზე არ არის ხოლმე ისეთი სიჩუმე, როგორიც მაშინ ტრაბზონის ქუჩებში იყო... თითქოს დრო გაჩერდა... ასეთი რამ ადრე არსად მინახავს.

თავჩაქინდრული ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იჯდა. ერთმანეთს არავინ სცემდა ხმას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხალხი თეატრის უსულო მარიონეტებივით დატოვეს სცენაზეო... ტრაბზონში სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა.

გულშემატკივართა უმეტესობა მეფერებოდა, მთხოვდა, მომავალი სეზონისთვის დავრჩენილიყავი მათ საყვარელ გუნდში. ისეთებიც იყვნენ, ჩემთვის ერთი-ორი ტკბილი სიტყვა რომ არ დაიშურეს, მაგრამ ამას ვერ გავექცეოდი, - ჩემპიონი ხომ მთელ გუნდთან ერთად, მეც ვერ გავხდი...

შემდეგი თამაში ორივემ ადვილად მოვიგეთ. ბოლო ტურში "ქაისერს" ვხვდებოდით. "ფენერს" ფრე მაინც რომ ეთამაშა, ვეწეოდით.

დარწმუნებულები ვიყავით, "ფენერი" მოიგებდა, მაგრამ პატარა იმედი მაინც გვქონდა. "ქაისერთან" ყველამ სპეციალურად ბასრი "შიპები" დავიმაგრეთ ბუცებზე. მსაჯმა ყველას გამოგვაცვლევინა და ამასობაში თხუთმეტი წუთიც გავიდა...

"ფენერზე" თხუთმეტი წუთით გვიან დავიწყეთ თამაში. თუ "ფენერი" მატჩს ფრედ დაასრულებდა, ჩვენ დროის კრედიტი გვექნებოდა, მაგრამ ეს ხრიკი ამაო გამოდგა, - "ფენერმა" 2:0 მოიგო!..

ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ერთით მაინც ამაყობდა ტრაბზონი, - თვრამეტი წლის შემდეგ "ტრაბზონელი" პირველად გახდა თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, - პირობა შევასრულე და 25 უპენალტო გოლით "გოლკრალი" ("გოლის მეფე" - ასე ეძახიან თურქები ბომბარდირს) გავხდი! ჩემმა უახლოესმა მდევარმა, ბალიჩმა, 20 გოლი გაიტანა.

ბომბარდირობის გარდა, თურქეთის საუკეთესო უცხოელ მოთამაშედაც დამასახელეს.

* * *
სტამბულში, სასტუმრო "პოლატ რენსანსში", მე, აჩი და ჯემალ ჩიმაკაძე ესპანეთის "დეპორტივო ლაკორუნიას" წარმომადგენლებს შევხვდით.

ესპანელებმა, აჩი ყავარჯნებით რომ დაინახეს, ძალიან გაუკვირდათ და, რა თქმა უნდა, მისი ტრავმის შესახებ იკითხეს. რომ გაიგეს, 4-5 თვე დასჭირდებაო, მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს.

ყველაფერი კი "დეპორტივოსთან", უეფას თასზე შეხვედრით დაიწყო, სადაც დავმარცხდით, მაგრამ "დეპორტივოს" მწვრთნელზე, ჯონ ტოშაკზე, როგორც გაირკვა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ლაკორუნიელებს, ბრაზილიელი ბებეტოს მეთაურობით, სასწაული გუნდი ჰყავდათ, რომელმაც არაჩვეულებრივი გოლი გაგვიტანა.

მე წარმატებული სეზონი მქონდა. ესპანელები, ალბათ, მაკვირდებოდნენ. ეს შეხვედრაც მათი თხოვნით შედგა. მთელი "ტრაბზონის" დირექტორატი სტამბულში იყო. ჩვენს ამ შეხვედრას შორიდან აკვირდებოდნენ, ყოველ წუთს ჯემალს ურეკავდნენ და დახმარებას სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რას არ ჰპირდებოდნენ, რომ როგორმე წასვლა გადაგვეფიქრებინა.

ესპანელები კარგად მომზადებულები აღმოჩნდნენ. თან ინგლისურ ენაზე გამზადებული ხელშეკრულებაც კი ჰქონდათ ჩამოტანილი და ხუთწლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, სადაც ყოველ წელს 750 000 გერმანულ მარკას მივიღებდი. აჩის წამოსვლა კი გამოირიცხა, რადგან დიდხანს ვერ შეძლებდა თამაშს. ჩემთვის კი ყველაფერი გამზადებული იყო.

ვცადე, მათთვის აჩის მდგომარეობა ამეხსნა. ისიც კი შევთავაზე, რომ სანამ აჩი მინდორს არ დაუბრუნდებოდა, მისთვის ხელფასი არ მიეცათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება... ჯემალს არაფერი უთქვამს. ალბათ, აინტერესებდა, დამოუკიდებლად რა გადაწყვეტილებას მივიღებდი.

ესპანეთი - საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, ძალზე ამბიციური კლუბი, ბებეტოებით და სხვა ვარსკვლავებით... აქეთ კი - აჩი... არა, - ჩემი აჩი!.. თითქოს მხოლოდ სამი ასოა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი და მომავალი... ვიცოდი, რომ თუ მე წავიდოდი, "ტრაბზონი" მას ამ მდგომარეობაში კონტრაქტს არ გაუგრძელებდა და თბილისში მოუწევდა რეაბილიტაციის გავლა, რასაც შეიძლება ძალიან ცუდად ემოქმედა მის კარიერაზე.

მოლაპარაკება ათ საათს გაგრძელდა... გადავწყვიტე, "დეპორტივოსთვის" უარი მეთქვა. ისე მოვიქეცი, როგორც აჩი მოიქცეოდა ჩემს ადგილას... ჩემი აჩის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს დავაყენებდი!..

მთელმა "ტრაბზონმა" ამოისუნთქა. მე კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებდი, ხოლო აჩის დრო ჰქონდა, გამოჯანმრთელებულიყო და მინდორს დაბრუნებოდა...

შვებულება ჩემს ოჯახთან ერთად ანტალიაში გავატარე და რამდენიმე დღით თბილისშიც მოვასწარი ჩასვლა. კიჭას და თამრიკოს რომ მოვუყევი სტამბულის ამბები, ორივეს თვალები ცრემლით აევსო, არცერთი ჩემს ამ გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა, ბოლომდე მაცალეს. ალბათ, მათაც გაუჭირდათ, არ უნდოდათ ჩემი ოცნებისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ ორივე მაინც ამაყობდა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებით.

მოსამზადებელ პერიოდს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გავდიოდით. ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა და ძველმა თანაგუნდელმა გია ნემსაძემ დამირეკა, მითხრა, - ფრანკფურტში ვარო. ვიცოდი, რომ მას "მანჩესტერ სიტი" ეპატიჟებოდა და მისი საქმე გადაწყვეტილი მეგონა.

შევხვდით და დავილაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ პირობები, რომელსაც ინგლისელები სთავაზობდნენ, მისთვის არ იყო საკმარისად კარგი და "ტრაბზონის" ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობა მთხოვა.

ჯერ შენოლ გიუნეშს დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ მისთვის შანსი მიეცა. გულდასმით მომისმინა და მეორე დღეს "ფენერბახჩესთან" ამხანაგურ მატჩში თამაში შესთავაზა. გიას ავუხსენი, რომ ამ წინადადებას დათანხმებოდა და, თუ კარგად ითამაშებდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დარჩენილიყო.

მეორე დღეს "ნემსამ", რომ იტყვიან, ფეხი არ გაანძრევინა "ფენერის" ბულგარელ თავდამსხმელ ემილ კოსტანდინოვს და მატჩის შემდეგ დირექტორატის წევრებმა მე, აჩი და "ნემსა" რესტორანში დაგვპატიჟეს...

ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ გია "ტრაბზონელი" გახდა! ამ ფაქტს თბილისში დიდი აურზაური მოჰყვა. "დინამო" უკვე მორიგებული იყო "სიტისთან" სატრანსფერო თანხაზე და რაღაც ნაწილი აღებულიც ჰქონია. ყველა გიას მანჩესტერში ჩასვლას ელოდა. ამ დროს კი ის "ტრაბზონსპორთან" აფორმებს კონტრაქტს...

ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, უმეტესობამ მე დამადანაშაულა... რომ არა შოთიკოს ავტორიტეტი და მისი თხოვნა, მას ასე ადვილად არავინ აიყვანდაო. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, ჩემს ბავშვობის მეგობარს დავეხმარე! თან, სანამ ხელს მოაწერდა, თბილისში დარეკა, "დინამოს" წარმომადგენლებს თავისი გადაწყვეტილება ამცნო.

სხვათა შორის, ეს სატელეფონო საუბარი კარგი მოსასმენი არ ყოფილა, მაგრამ გიას აზრი ვერავინ შეაცვლევინა, - მან "ტრაბზონსპორთან" გააფორმა კონტრაქტი.

აჩიც ნელ-ნელა ჯანზე მოდიოდა... ჯემალთან ერთად, დღეში ორჯერ ვარჯიშობდა ტრენაჟორებზე და მუხლს იმაგრებდა. ვინ იფიქრებდა, რომ სულ მალე მეც მას შევუერთდებოდი და ოპერაცია დამჭირდებოდა...

გაგრძელება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აჩი მარტო ამ სიტყვებისთვის ხარ დიდი ადამიანი ვამაყობთ შენით
alika
17:59 18-05-2012
0
მე მაქვს ეს წიგნი ))
tach
00:59 21-05-2012
0

სიახლეები პოპულარული