პირდაპირ რომ ვთქვათ, "ზესტაფონს" ბაზაზე ორი სრულფასოვანი ბუნებრივსაფარიანი მოედანი აქვს და ნებისმიერი უმაღლესი ლიგის გუნდს უნდა შეშურდეს, იმდენად მაღალი ხარისხის საფარია ორივე მოედანზე.
პირველი მინდორი ექსპლუატაციაში 2010 წლის 23 ნოემბერს ჩადგა მწყობრში, სადაც ამ მომენტისთვის გუნდის დუბლშემადგენლობა ვარჯიშობს.
უკვე ამოქმედდა და სწორედ პირველ მოედანზე უკეთესი ხარისხის ეს მეორე მოედანი წარუდგინა მედიას კლუბის ხელმძღვანელობამ.
"პრაქტიკამ მოგვცა სწავლის საშუალება და მეორე მოედანზე, სანამ ბალახი არ მომაგრდა, გუნდი არ შესულა. მინდორი შემოდგომაზე დაიგო და მთელი ზამთარი "ისვენებდა". დიდი გუნდი სწორედ მეორე მოედანზე ვარჯიშობს".
პირველი მოედნის გვერდით სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სამსართულიანი იქნება და ყველა დამხმარე შენობა-ნაგებობას მოიცავს.
აქ განთავსდება სამრეცხაო, საკუჭნაო, თეორიული მეცადინეობის ოთახები. მოკლედ, ყველაფერი გაკეთდება გუნდის სრული ფუნქციონირებისთვის.
მესამე სართულზე 65-ადგილიან სასტუმროს ორი გუნდის მასპინძლობა შეეძლება.
როგორც ფუტკარაძე ამბობს, შენობის ჩონჩხი და კარკასი აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე დასრულდება.
"გეგმის მიხედვით, კარკასი აქამდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამინდებმა შეგვიშალა ხელი. აგვისტოშივე დაიწყება კოსმეტიკური რემონტი. მოსაპირკეთებელი სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს და სეზონის მეორე ნახევარს უკვე აქ შეხვდება გუნდი".
გარდა სასტუმროსი, ბაზას ექნება სატრენაჟორო დარბაზი და ჩოგბურთის კორტები. მეორე მოედნის გვერდით კი 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნა შენდება, რომელიც, როგორც კლუბში განმარტავენ, მეტსაც დაიტევს. ტრიბუნის ძირში სწრაფი კვების ობიექტები განთავსდება.
გარდა ორი მზა მოედნისა, ბაზაზე კიდევ ერთი მინდორია, რომლის საფარი ჯერ დაგებული არ არის. სერგო ფუტკარაძის თქმით, მესამე მოედანზე კლუბს ექსპერიმენტის ჩატარება სურს - ბალახის მოსამრავლებელი მეურნეობის მოწყობას გეგმავს.
"საცდელი ბალახი პირველი მინდვრის გვერდით გვაქვს დათესილი და საბოლოო გადაწყვეტილებას შედეგის მიხედვით მივიღებთ. გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი", - ამბობს სერგო ფუტკარაძე.
სასტუმროც, ტრიბუნაც, მოედნებიც... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"