ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
საქართველოს ეროვნული გუნდი დავით ყიფიანმა ჩაიბარა. ლეგენდარული ფეხბურთელი და ყველასთვის საყვარელი - "ყიფო"!

საკონტროლო დებიუტი თბილისში სომხეთის ნაკრებთან შედგა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა. კავკასიური "დერბი", რომელიც ყოველთვის მტკივნეული წერტილი იყო ორივე ქვეყნისთვის...

სომხებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავდათ, სომხური ფეხბურთის ლეგენდა - ხორენ ოგანესიანი. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, ამ ორ მეზობელ ქვეყანას კი საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს, მათ შორის დაპირისპირება, მით უმეტეს, ფეხბურთში, ტრადიციულად, უზომო ინტერესს იწვევდა.

სტადიონზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ქართველი გულშემატკივარი თუ რამეს არ გაპატიებს, ეს თბილისში სომხებთან დამარცხებაა და ამიტომ ყველა მაქსიმალურად მზად შევხვდით ამ თამაშს. ლამაზი გამარჯვებაც მოვიპოვეთ - 7:0! გამანადგურებელი ანგარიში!.. მე ჰეთ-თრიკი შევასრულე, აჩიმ ორი გოლი გაიტანა!

თამაშის მიწურულს სტადიონზე მოსული ჩვენი მეგობრები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ: არველაძე! დაცვას მიხედე, დაცვას! გოლს სხვაც გაიტანსო!..

მოკლედ, კავკასიური "დერბი" ჩვენი ულამაზესი გამარჯვებით დამთავრდა და დათო ყიფიანის სანაკრებო კარიერაც შედეგიანად დაიწყო.

მისი ხელმძღვანელობით, შემდეგი მატჩი ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გვქონდა - მსოფლიოში ყველასგან განსხვავებულ და ისტორიულ სტადიონზე. თამაში იქ, სადაც ფეხბურთი დაიბადა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა! ამ განსაკუთრებულ სტადიონზე სულ რამდენიმე ქართველს უთამაშია, ალექსანდრე ჩივაძეს კი გოლი აქვს გატანილი.

ჩემს თაობას ამაში ნამდვილად გაუმართლა. თვით ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმაც თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა - როდესაც სავსე "უემბლიმ" ერთ ხმაში ნაციონალური ჰიმნის შესრულება დაიწყო, ფეხები ამიკანკალდაო...

ჩვენთვისაც ძალიან საპატიო იყო ასეთ სტადიონზე თამაში. მალდინის სიტყვები კარგად მახსოვდა და ინგლისის ნაციონალური ჰიმნის დაწყებას მოუთმენლად ველოდი, მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ამხელა ფეხბურთელის სიტყვები. გაგონილმა და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მაშინ ვინატრე, რაც იქ ხდებოდა, თბილისში, ჩვენი შესრულებით მენახა, ოღონდ ჩემი უშუალო მონაწილეობით. ისიც კი ვიფიქრე, აქ მათ, ალბათ, ვერასდროს ვერავინ დაამარცხებს-მეთქი.

სასწაული სანახავია ერი, რომელიც ასე ამაყობს თავისი გუნდით, ყველას ერთად შეუძლია იმღეროს ჰიმნი და დიდი გამარჯვების მონაწილე გახდეს...

ინგლისელები თავიდანვე გვიტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს, რომელიც ტედი შერინგემმა გაგვიტანა. ჩვენ ორი საგოლე მომენტის შექმნა მაინც მოვახერხეთ... ერთი მომენტი გოჩა გოგრიჭიანმა ვერ გამოიყენა. შეეძლო, ჩემთვის მოეცა პასი, მაგრამ კარიდან გამოსულ მეკარეს მოარტყა ბურთი. გიო ქინქლაძემ ერთხელ მაინც შეძლო ინგლისელი მცველების დაწიოკება. დაარტყა კიდეც, მაგრამ სიმენმა მოიგერია.

მატჩის ბოლოს ალან შირერმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და 2:0-ით დავმარცხდით, მაგრამ იქ არსებულმა ატმოსფერომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა.

ინგლისში მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩამოსული. თამაშის შემდეგ გიოსთან ერთად ქალაქში დავსეირნობდით. ის ხომ ინგლისის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო, მე კი ვაბრაზებდი, ლონდონში შოთა არველაძეს უფრო იცნობენ, ვიდრე გიო ქინქლაძეს-მეთქი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მე და გიო დავნაძლევდით - წაგებულს ვახშამი უნდა ეკისრა.

საკმაოდ ბევრნი ვიყავით და საინტერესო იქნებოდა, ვინ გადაიხდიდა ვახშმის ფულს ლონდონში. ნაძლევის პირობა ასეთი იყო - ქუჩაში ერთად უნდა გავსულიყავით და ვისაც პირველს იცნობდნენ, ნაძლევსაც ის მოიგებდა.

მართლაც, ქუჩაში გავედით და, როგორც კი დიდი, შავულვაშიანი კაცი დავინახე, ეგრევე იმისკენ წავედი, თან თვალებში ვუყურებდი. გულმა მიგრძნო, რომ თურქი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა.

- "ლა მერაბა, შოთა კარდეშ"! - იყვირა ულვაშამ, - შოთას გაუმარჯოს, ჩვენს ძმასო და... ერთი სიტყვით, გიო 2 000 ფუნტში გადავარდა... ვენაცვალე თურქებს, ეგენი რომ არ მყავდნენ, რა მეშველებოდა...

ინგლისის მერე მოლდოვას 2:0 მოვუგეთ და ძველი ბოღმა ამოვიღეთ. ის გამწარება ჩვენი თაობის ნაკრებს, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება.

საქართველოს ნაკრებს საზაფხულო შვებულების წინ ბოლო თამაში კატოვიცეში გვქონდა, პოლონეთთან, სადაც ჩემი გოლით დავწინაურდით, მაგრამ მერე რა დაგვემართა, ახლაც ვერ ამიხსნია. გუნდი აბსოლუტურად მოირყა და 1:4-ით წავაგეთ.

ქართული პრესის რეაქცია ძალიან მწვავე იყო! გაზეთებში ისიც დაიწერა, ვითომ თამაშის შემდეგ თვითმფრინავში ღრეობა მოვაწყვეთ და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი სტიუარდესებსაც ეფლირტავებოდაო. მსგავსი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, რამდენიმე ფეხბურთელმა ცოტა დალია, თემურ ქეცბაიამ კი ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა - იმ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც ახლა ფეხზე დგას და დედას გვაგინებსო.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბაიას სადღეგრძელო მაგრი იყო.
odala
10:23 15-07-2012
0
მაგარი კაცია შოთა ნამდვილი ქართველი და ჯიგრიანი ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსვლია, მადლობა მოდერაციას რომ აქვეყნებს ამ წიგნის ფრაგმენტებს.

პს. ქეცბას სიტყვებზე მაგარი ვიცინე):
0

სიახლეები პოპულარული