და აი, ამიერიდან ეს რიცხვი გაიზარდა: აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზაურ სვანაძე! 54 წლის სვანაძე თავის ახალ გუნდს თურქეთში შეუერთდა, სადაც ბაქოს "ინტერი" პირველ შეკრებას გადის (მეორე - სლოვაკეთშია დაგეგმილი).
"ინტერს" ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე უწევს ასპარეზობა და გასული სეზონის
ეს უკანასკნელი ბოლოს "ჩიხურაში" თამაშობდა, მანამდე კი "გაგრას", "თბილისსა" და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრების მეკარე გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ადამიასა და თევდორაძის გარდა "ინტერში" კიდევ ოთხი ჩვენებური ასპარეზობს: 32 წლის გიორგი ლომაია (მეკარე), 32 წლის ვალერი აბრამიძე, 30 წლის ილია კანდელაკი (ორივე - მცველი) და 24 წლის ბაჩანა ცხადაძე (თავდამსხმელი).
ახლა კი ისევ სვანაძეს დავუბრუნდეთ, რომელიც დღეიდან "ინტერის" მეორე მწვრთნელი იქნება და ევროტურნირებსა თუ აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძეს დაეხმარება. ცხადაძე-სვანაძის "ტანდემს" სხვადასხვა დროს არაერთი სეზონი გაუტარებია ერთად (თბილისის "ლოკომოტივშიც", თბილისის "დინამოშიც" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც) და აი, სამწლიანი "განშორების" შემდეგ ეს "დუეტი" კვლავაც აღსდგა.
სხვათა შორის, ბაქოს "ინტერში" მეორე მწვრთნელის პოსტი ამა წლის გაზაფხულიდან ვაკანტური იყო - შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიხრაძე ვიდრე "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, სწორედ ის ეხმარებოდა კახა ცხადაძეს.
...ზაურ სვანაძე ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, და 1976-1980 წლებში "ტორპედოს" ღირსებას იცავდა. 1981 წლის დასაწყისიდან კი ნოდარ ახალკაცი-უფროსის დაჟინებული მოთხოვნით თბილისის "დინამოში" გადმოვიდა და პირველი ოფიციალური მატჩი თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, ინგლისურ "ვესტ ჰემთან" (სტუმრად) ჩაატარა.
ახალგაზრდა ნახევარმცველის დებიუტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა და, იქიდან მოყოლებული 1989 წლის ბოლომდე, ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოს" ძირითადი შემსდგენლობის შეუცვლელი წევრი გახლდათ.
მთავარი მიღწევა, რაღა თქმა უნდა, 1981 წლის 13 მაისს ჰქონდა, როცა "დინამოსთან" ერთად თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. 1990 წლიდან კი ზაურ სვანაძის უცხოური კარიერა იწყება - შვედეთში გაემგზავრა და სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა.
ფეხბურთელის კარიერაც იქ დაასრულა, მერე მწვრთნელობა დაიწყო და საქართველოში დაბრუნდა. სწორედ თბილისის "ლოკომიტივში" ჩამოყალიბდა კიდეც ცხადაძე-სვანაძის სამწვრთნელო "დუეტი", - ისე კი, 1988-89 წლებში თბილისის "დინამოში" ერთად თამაშობდნენ.
აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაურ სვანაძეს არაერთი წელიწადი უმუშავია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში - ბოლო დროს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჯერ ოთარ გაბელიას ეხმარებოდა, შემდეგ კი სოსო ჭედიასა და ალექსანდრე ჩივაძეს.
ასეთი რამ კი, დაგვეთანხმებით, შემთხვევით არ ხდება: ჭეშმარიტი პროფესიონალისა და ჩინებული პიროვნების გვერდით ხილვას ხომ ნებისმიერი ქართველი სპეციალისტი ინატრებდა.
აი, ასე - სამწლიანი პაუზის შემდეგ ცხადაძე და სვანაძე კვლავაც ერთად იმუშავებენ; ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ ახლახან ბაქოს "ინტერში" კიდევ ერთმა ჩვენებურმა დაიწყო მუშაობა: კლუბის მენეჯერად დაინიშნა 37 წლის ალექსანდრე რეხვიაშვილი!
თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგის", რიგის "სკონტოს", მოსკოვის "ტორპედოსა" და "ვენტსპილსის" ყოფილ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებშიც არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია; კარიერის დასრულების შემდეგ კი სამენეჯერო საქმიანობას მიჰყო ხელი და აი, ახალი სეზონიდან ბაქოს "ინტერის" ქართულ "დიასპორას" შეუერთდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"