ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო"ავსტრიაშია და ზალცბურგთან მდებარე დაბა კაპრუნში სასტუმრო "ტონში" დაბინავდა. კლუბის პრესატაშის, რამაზ ჩხიკვაძის ცნობით, კაპრუნში ავსტრიისთვის უჩვეულოდ ცხელა.

მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პირველ დღეს გუნდი მხოლოდ საღამოს ავარჯიშა - ფიზიკური და ტექნიკური ხასიათის წვრთნაში "ტორპედოს" ფეხბურთელები სრული შემადგენლობით მონაწილეობდნენ. მეორე დღიდან კი მომზადება სრული დატვირთვით, ორჯერადი ვარჯიშებით განახლდა.

დილით გუნდი ფიზმომზადების მწვრთნელის, ივო კატუშიჩის ხელმძღვანელობით ემზადება – ხორვატი სპეციალისტი ფეხბურთელებს საათნახევრის განმავლობაში საკმაოდ მძიმე რეჟიმით ტვირთავს. საღამოს კი წმინდა საფეხბურთო ვარჯიშებს გეგუჩაძე ატარებს.

17 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა პირველი
საკონტროლო მატჩი ალბანეთის მოქმედ ჩემპიონ კორჩას "შკენდერბეუსთან" გამართა და 0:2 დამარცხდა.

გუნდის ვებგვერდის ცნობით, მატჩი "ტორპედოს" უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ ნიკა ფირცხალავას, გრიგოლ დოლიძესა და რევაზ გოცირიძეს, მაგრამ ქუთათურებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი "შკენდერბეუს" უიშვიათესი შეტევა ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილმა არტნანტ ტახირლარიმ ზუსტი თავურით დააგვირგვინა - 0:1.

შესვენებაზე გია გეგუჩაძემ 11-ივე ფეხბურთელი შეცვალა. კარგად ჩაერთო თამაშში ახალწვეული დათა სიჭინავა. ორჯერ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ვალერი ბოლქვაძის გასროლას კი ალბანელთა კიპერი გადაეღობა.

70-ე წუთზე "ტორპედოს" კარში მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ დიტმარ ბიკაიმ ძელს "დაუმიზნა". ალბანელებმა მეორე მაინც გაიტანეს: მე-80 წუთზე "შკენდერბეუს" ხორვატმა მცველმა მარკო რადასმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 0:2.

მორიგ საკონტროლო მატჩს რუმინეთის "სტიაუასთან", 21 ივნისის ნაცვლად, ქუთაისელები ერთი დღით ადრე ითამაშებენ.

ტორპედო-შკენდერბეუ 0:2

გოლები: 0:1 ტახირლარი (45), 0:2 რადასი (80).

"ტორპედო": მიგინეიშვილი, რიგვავა, კვახაძე, ჭელიძე, გურული, ფირცხალავა, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე, ტუღუში, გოცირიძე.
შეცვლაზე: ქვილითაია, ტაბატაძე, ფარულავა, გამეზარდაშვილი, შერგელაშვილი, გიგაური, სიჭინავა, კუხიანიძე, ბოლქვაძე, გრიგალაშვილი, ფანცულაია.

"ტორპედო" ალბანეთის ჩემპიონს შეხვდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული