დუშან უჰრინი: თბილისის "დინამო" დიდი გუნდია!

AutoSharing Option
22 ივნისს საქართველოში თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, 45 წლის დუშან უჰრინი-უმცროსი ჩამოვიდა.

გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან დიღმის ბაზაზე შეუდგებიან.

გუნდი ახალი მწვრთნელის პრეზენტაციასა და პრესკონფერენციას 26 ივნისისთვის ამზადებს. ამავე დღეს დუშან უჰრინი "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო მატჩში "დინამოს" მოედანზე პირველად გაიყვანს.

"დინამო" სამ შეკრებას გაივლის - თბილისში, ბაკურიანსა და სლოვენიაში. "დინამოში" შვილთან ერთად იმუშავებს უფროსი დუშან უჰრინიც, რომელიც იქნება კლუბის კონსულტანტი და "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდებსა და სელექციასაც მიხედავს. სავარაუდოდ, უფროსი უჰრინი "დინამოს"
სლოვენიაში შეუერთდება და თბილისში კლუბთან ერთად ჩამოვა.

მანამდე კი ჩეხმა სპეციალისტმა "დინამოს" პრეს-სამსახურთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ თბილისში რომ ჩამოვედი. აქ ულამაზესი ბაზა დამხვდა. შემიძლია ვთქვა, რომ "მლადასა" და "პოლიტექნიკაში" ასეთი პირობები ნამდვილად არ ყოფილა.

თბილისის "დინამო" თავისი ისტორიით და ტრადიციით დიდი გუნდია. ამ გუნდის შესახებ ბევრი რამ მამაჩემისგან ვიცი, ვისი მწვრთნელობის დროსაც "დინამომ" ჩემპიონობა მოიპოვა.

პირველად მოხდა, რომ თბილისელები ევროთასების გარეშე დარჩნენ და მდგომარეობა აუცილებლად გამოსასწორებელია. ორ დღეში დავიწყებთ მზადებას და შევაფასებთ ფეხბურთელების მომზადების დონეს. ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული სეზონის ჩატარებაა და ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს".

დუშან უჰრინს საქართველომდე სამ ქვეყანაში უმუშავია: ავარჯიშებდა პრაღის "ბოჰემიანსს" (2002-2004), ბოლესლავის "მლადას" (2004-2007, 2009-2010), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკას" (2007-2008, 2010-2011), "კლუჟს" (2008-2009), ლიმასოლის აელ-ს (2010).

უმცროსმა უჰრინმა მოახერხა სახელიანი მამის ჩრდილიდან გამოსვლა და დაამტკიცა, რომ მისი საქმე გაჭირვებაში მყოფი კლუბების "მკურნალობაა". "მლადა" 2004 წელს ჩაიბარა, როდესაც გუნდი ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდა. გუნდს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფას თასზე გავიდა, სადაც უდიდესი სენსაცია გამოაცხო - ჩეხებმა გზიდან მარსელის "ოლიმპიკი" ჩამოიშორეს.

უჰრინს სოლიდური მწვრთნელის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. ჩეხმა სპეციალისტმა სასწაული მოახდინა რუმინულ "პოლიტეხნიკაშიც" - 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულელები პირველად მოხვდნენ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ კლუბის ახირებულ მეპატრონესთან კონფლიქტის გამო, პოსტიდან გადადგა.

რუმინელები შეცდომას მალე მიხვდნენ, ორ წელიწადში უჰრინი უკან იხმეს და ისევ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა: 2010-2011 წლებში "პოლიტეხნიკა" ვიცე-ჩემპიონი გახდა, მაგრამ ფინანსური პრობლემებში ჩავარდნილმა კლუბმა ლიცენზირება ვერ გაიარა, ქვედა ლიგაში დააქვეითეს და ერთი წლის წინ, 27 ივნისს უჰრინმა კლუბი დატოვა.

მას შემდეგ სასურველ წინადადებას ელოდა. როგორც ჩანს, თბილისის "დინამო" ჩეხის გადაბირების მსურველთა შორის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი კლუბი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ

თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა

თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს! დინამოს გულშემატკივარი ვარ და ეროვნულ სამომავლო საფეხბურთო ფილოსოფიას დინამოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ვუსურვებ დინამოს ფეხბურთელებს მოინდომონ, რათა ახალ მწვრთნელს ქართული ფეხბურთი კარგი მხრიდან გააცნონ და მზადყოფნა აგრძნობინონ ევროპული საფეხბურთო გამოცდილების ქართულ ფეხბურთთან შერწყმის აუცილებლობაზე. იმედი მაქვს გუნდი ხელმძღვანელობა დაეხმარება და არ ჩაერევა მწვრთნელის წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილებებში! ბუბა თუ კარგი მენეჯერია (რისიც მე არ მჯერა მისი სიხისტიდან გამომდინარე)თავის საქმეს მიხედოს!
nuca
13:15 23-06-2012
0

სიახლეები პოპულარული