სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გენერალური მდივნები, რევაზ არველაძე და ელხან მამადოვი გაუწევენ.
30 ივნისს კიევში უეფას აღმასკომზე ევრო 2020-ის კანდიდატურებს დეტალურად განიხილავენ და მათ შესარჩევი ეტაპის მოთხოვნებს გააცნობენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმას მასზე დაყრდნობით შეადგენს.
შემდგომი სამუშაო შეხვედრა 5 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაიმართება. ფეხბურთის ფედრაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ და სხვა საინტერესო თემებზე
- სანამ უეფა სატენდერო დოკუმენტაციას არ გაგვაცნობს, მანამდე სამოქმედო გეგმის შედგენაზე ლაპარაკი ნაადრევია.
უეფამ უნდა გვითხრას, რა მოთხოვნებს გვიყენებს და ამის შემდეგ მასპინძელ ქალაქებს დავასახელებთ. ეს ქალაქები კი უეფას მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ინფრაქტრუქტურით, სტადიონებით, მოსამზადებელი ცენტრებით, გზებით, სასტუმროებით, აეროპორტებით და ა.შ.
სამუშო პროცესი უკეთ გვიკარნახებს, რა ტიპის სამუშაოებია პრიორიტეტული, რამდენი და რა პროფილის თანამშრომელი გვჭირდება, სტადიონების ლიცენზირებაში რა პრობლემებია მოსაგვარებელი....
- შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, უეფა ქვეყნის ლიცენზირებას ჩაგვიტარებს და რეალურ პრობლემებს გავეცნობით.
- დიახ, ასეც არის. საინტერესო სამუშაო გველის და საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი გვექნება, უეფას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რა გვჭირდება. შესაძლოა, "შორტ-ლისტში" მოვხვდეთ ან ბოლომდე შევრჩეთ.
- ხშირად არავინ უწყის, რა სახის ვაჭრობა იმალება მსგავსი წარდგენის უკან. იქნებ იმის იმედად ვართ, რომ უეფამ 17 ან 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მაინც მოგვცეს?
- ვაჭრობის რა მოგახსენოთ, მაგრამ უეფასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ საკმაოდ კარგ პროექტებს შევეჭიდოთ.
ევრო 2020-ის პროექტი გაცვლისა და ვაჭრობისთვის ნამდვილად არ გაგვიკეთებია. ხომ შეიძლება ერთხელ საქართველოშიც ჩატარდეს დიდი საერთაშორისო ტურნირი, ვთქვათ, ასაკობრივი ან გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, ან ლიგის ფინალი? შენ თუ არ მოისურვე და ნაბიჯი არ გადადგი, აქეთ არავინ შეგეხვეწება.
ამიტომ, ჯერ სურვილი უნდა დააფიქსირო, ამბიციის შესაბამისი სამუშაო ჩაატარო და უეფაში თვალებს არ დახუჭავენ.
ბუნებრივია, პროექტის განხორციელებაში უდიდესი როლი ჩვენი ორი ქვეყნის მთავრობებს ეკისრებათ, რადგან უზარმაზარ სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაციები ვერ გაწვდებიან, მოსაგვარებელია გადასახადის თემა, ვიზების, ქვეყნებს შორის მიმოსვლის საკითხები და ა.შ.
ჩვენ ახლა ქვეყნის კიდევ უკეთ მოწყობის შანსი გაგვიჩნდა და მისი არგამოყენება არ შეიძლება. გავაკეთოთ საფუძვლიანი ანალიზი, განვსაზღვროთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რა უნდა გავაკეთოთ და თუ ეს ხვალ არ გამოგვივა, ზეგ და მაზეგ უფრო მომზადებულები ვიქნებით...
და თუ ამ მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ, აქ უკვე თქვენს კითხვას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ 17 ან 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის საფუძვლიანი პრეტენზია გაგვიჩნდება. ან ერთ მატჩს მაინც ვუმასპინძლებთ, ვთქვათ, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ფინალს.
- ანუ მაინც სამომავლო პერსპექტივის იმედად რიგში ვდგებით. აზერბაიჯანს ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატურის წარდგენაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ სხვებს განაცხადი მეტჯერ ჰქონდათ წარდგენილი.
- ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ვიცოდეთ, რა სახის პრობლემები გვაქვს, გაწეული სამუშაოები კი ისევ ქვეყანას წაადგება.
- ფიფას სატელევიზიო და მარკეტინგული კომიტეტის წევრი ბრძანდებით. ფაქტობრივად, ეს სამსახური ფიფას ძარღვია. ამ კუთხით რა ცვლილებებია მოსალოდნელი?
- უეფას გადაწყვეტილებით, სატელევიზიო სივრცე ცენტრალიზებული გახდება და 2014 წელს მასთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ანუ უეფა საკუთარ თავზე აიღებს სანაკრებო მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებასაც, ისევე როგორც ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში.
- ეს კონტრაქტი უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე აქამდე კერძო სატელევიზიო სააგენტოებთან გაფორმებული?
- რასაკვირველია! კონტრაქტი 8 წლით გაფორმდება და ბუნებრივია, რომ არც ერთი ფედერაცია უარეს ხელშეკრულებას არ დათანხმდებოდა. და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ უეფას მარკეტინგის სამსახური, მატჩების შეფუთვისა და მიწოდების მისი ტექნოლოგია ყველა დანარჩენისას ბევრად აღემატება.
- ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბურად გაშუქება სურს. ამაზე რას გვეტყვით?
- ფეხბურთი სრულყოფისკენ მიდის და ამ გზაზე სატელევიზიო სივრცეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის დღეს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორია.
ტელევიზიის, მაყურებლისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გარეშე, შემოსავლები მცირეა ან თითქმის არ არის. ჩვენ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი და მთლიანდ ჩემპიონატი მაქსიმალურად გაშუქდეს, იყოს მეტი რეპორტაჟი, მატჩებისა და ტურების გარჩევები, გადაცემები.
დრო გვაჩვენებს, ეს რა შედეგს მოიტანს და როგორ აისახება ფეხბურთის განვითარებაზე, სპონსორების მოზიდვაზე, ახალ სატელევიზიო კონტრაქტებზე, მაყურებლის მოზიდვაზე. მაგრამ ფეხბურთში ტელეგაშუქებაზე მომგებიანი არაფერი მოუგონიათ და ჩვენს ნაცნობი მეთოდის დანერგვას შევვეცდებით.
- ანუ ტელეეთერი ფეხბურთით შეივსება.
- დიახ და მიმაჩნია, რომ ეს მანკიერი მხარეების აღმოფხვრასაც ხელს შეუწყობს. როდესაც ჩემპიონატი არ შუქდება, ვიღაცას ცდუნება აუცილებლად გაუჩნდება, რომ სადღაც იმაიმუნებს და შერჩება.
ვერავინ დაგვაზღვევს ჩაწყობილი მატჩებისგან, აბსოლუტურად სამართლიანობას ვერავის დავპირდებით, მაგრამ მანკიერი მოვლენების წამალი მედიაა. როდესაც ყველაფერი ტელევიზიითა და გაზეთებით გაშუქდება, მერე ადამიანებს მეტი შიში და რიდი გაუჩნდებათ, სახალხოდ თავი რომ არ მოიჭრან.
რევაზ არველაძე: უეფა უკეთეს კონტრაქტს გაგვიფორმებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია