გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება

AutoSharing Option
22 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" სლოვენიის ქალაქ მარიბორში გაემგზავრა და ბოსნიურ "სარაევოს" დაუპირისპირდა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით ვერ დაიკვეხნის, გასული სეზონი კი ეროვნულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო - "დილას" პრესცენტრის ცნობით, ავსტრიის ავტობანზე საცობის გამო გუნდს ჩასვლა დაუგვიანდა. მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო - გუნდებმა და მაყურებლებმა რამაზ შენგელიას ხსოვნას მიაგეს პატივი, ქართველები კი მოედანზე შავი სამკლაურებით გავიდნენ.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ჰქონდა გიგა ბეჭვაიას. გიორგი ილურიძემ დავით კვირკველია მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მერე კი თავად ილურიძე მეკარესთან პირისპირ სანდრო გურულმა დატოვა, მაგრამ გორელებმა ეს მომენტები ვერ გამოიყენეს - ბოსნიელთა მეკარე საიმედოდ თამაშობდა.

თავის მხრივ, ვერც "სარაევოს" ფეხბურთელებმა ივარგეს - დენის კომორის დარტყმული ბურთი "დილას" მეკარე მარინ სკენდერმა მოიგერია, პირველი ნახევარი კი 0:0 დასრულდა.

მე-10 წუთზე მათე ვაწაძე რევაზ ბარაბაძემ შეცვალა, მაგრამ მატჩის ტექსტურ რეპორტაჟში მიზეზი არ დაკონკრეტებულა. საბედნიეროდ, ცუდი ვარაუდი არ გამართლდა, ვაწაძე ჯანმრთელად არის - თურმე, ის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.

წაგების მიზეზად ესეც დასახელდა - მე-2 ტაიმში კაცნაკლული "დილა" დაიღალა და ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო. გარდა ამისა, გორელებს წამყვანი ფეხბურთელების შეცვლაც დაეტყოთ.

"დილას" პრესსამსახურის ცნობით, ბოსნიელებმა პირველი გოლი წესების აშკარა დარღვევით გაიტანეს: "სარაევოს" ფეხბურთელმა ემირ ობუცამ გიორგი ონიანს იდაყვი ისე ძლიერად ჩასცხო, გორელთა ცენტრალურ მცველს ცხვირი გაუტყდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

"დილა": სკენდერი - ალადაშვილი, შაშიაშვილი (46. გ. ონიანი), სალუქვაძე, კვირკველია - არზიანი, ბეჭვაია (46. შ. კაშია) - ილურიძე, ს. გურული (46. კახელიშვილი), მოდებაძე- ვაწაძე (10. ბარაბაძე).

მეორე ნახევარი გორელებმა ცუდად ჩაატარეს: ანგარიში ბოსნიელთა სენეგალელმა თავდამსხმელმა სეკუბა დიატამ გახსნა. ამას კიდევ ორი გოლი მოჰყვა და "სარაევო" 3:0 დაწინაურდა.

მომენტები გორელებმაც შექმნეს, მაგრამ ბარაბაძემ შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა, მატჩის მიწურულს პენალტით ანგარიში სწორედ მან შეამცირა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

"შეკრებები სწორედ იმისთვის არის, გუნდი საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში რომ შეხვდეს. სპარინგები დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად საუკეთესო საშუალებაა.

ახლა თამაშის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, ექსპერიმენტებს ვატარებთ და სხვადასხვა ტაქტიკურ სქემა
ში ფეხბურთელების შესაძლებლობებს ვამოწმებთ.

ვერ ვიტყვი, რომ მატჩით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ორჯერადი დატვირთვების ფონზე, მეტს არც ველოდი. თანაც მე-10 წუთზე ვაწაძის გაძევებამ ძალიან იმოქმედა გუნდზე.

თუმცა ეს ფაქტი ისევ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ და კაცნაკლული გუნდით თამაშის ვარიანტი დავამუშავეთ",
- თქვა მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

მეორე საკონტროლო შეხვედრა გორის "დილას" 24 ივნისს მეკარე მარინ სკენდერის ყოფილ კლუბთან, ხორვატიულ "ოსიეკთან" უნდა ჩაეტარებინა.

შალამბერიძე კვლავ ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოცდას გეგმავდა, მაგრამ "დილას" პრესსამსახურის ცნობით, მეტოქეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ავსტრიაში ჩასვლა ვეღარ მოახერხა და ცხადია, მატჩი ჩაიშალა.

"დილას" ხელმძღვანელობამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ძლიერი სპარინგპარტნიორი მაინც მოიძია - საქართველოს თასის მფლობელი ოდესის "ჩერნომორეცს" გაეჯიბრება.

უკრაინულ გუნდთან მატჩი 25 ივნისს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, მატჩის ტექსტურ ტრანსლაციას კი "დილას" ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

ავსტრიული საცობი და ჩაშლილი სპარინგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა
გორის "დილა" ევროპალიგას მეორე საკვალიფიკაციოდან შეუერთდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული