ევროტურნირების წინ - ქუთაისის "ტორპედო" ევროპას უბრუნდება!

AutoSharing Option
მართლაც გამორჩეული ევრო 2012 დამთავრდა, თუმცა ფეხბურთის ქართველ ქომაგს მოსაწყენად არ ეცლება: 5 ივლისიდან ჩვენი გუნდები ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩაებმებიან.

ახალ საფეხბურთო სეზონს რუსთავის "მეტალურგი" და ქუთაისის "ტორპედო" გახსნიან - ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, შესაბამისად, ალბანურ "ტეუტასა" და ყაზახურ "აქტობეს" რომ დაუპირისპირდებიან.

იმედი დავიტოვოთ, რომ "მეტალურგიც" და "ტორპედოც" წარმატებით დაძლევენ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს და ორი კვირის შემდეგ ჩასატარებელ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს "სრული" შემადგენლობით ("ზესტაფონი" და "დილა" შემოგვემატებიან) შევხვდებით.

ისე, თუ ნატვრაა, სულ მცირე, შარშანდელი შედეგები ვინატროთ; შეგახსენებთ, რომ თბილისის
"დინამოსა" და "ზესტაფონს" სულ მცირედი დააკლდათ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რუსთავის "მეტალურგმა" თავის არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირებზე ორი ეტაპის გავლა, ხოლო დებიუტანტმა "გაგრამ" მართლაც ღირსეულად იასპარეზა და მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობის გამო ვერ დაძლია კვიპროსული "ანორთოსისის" ბარიერი.

მოკლედ, ევროტურნირებზე ქართული გუნდების შარშანდელ ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული ეთქმოდა. ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ მცირე, ამ შედეგის გამეორება ვისურვოთ (თუმცა გაუმჯობესებაზეც უარს არავინ იტყვის). ერთადერთი, რაც გვეხამუშება და, ცოტა არ იყოს, ვერაფრით შევგუებულვართ, წლევანდელ ევროტურნირებზე... თბილისის "დინამოს" არყოფნაა.

ჰო, 1993 წლიდან პირველად მოხდა, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა ამ თემაზე უკვე არაერთხელ თქმულა და სჯობს, წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართულ გუნდებს დავუბრუნდეთ. უფრო ზუსტად, "მეტალურგსა" და "ტორპედოს", 5 ივლისს პირველი მატჩები რომ ელოდებათ.

* * *
ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") ევროტურნირებზე თითქმის ყოველ სეზონში ახერხებდა გასვლას (გამონაკლისი 2008 წელს იყო).

განსაკუთრებულად წარმატებული კი შარშანდელი გათამაშება იყო, როცა რუსთაველებმა პირველად შეძლეს ორი ეტაპის გავლა და ფრანგულ "რენთან" რომ უშანსოდ იქნებოდნენ, ამასაც შეგუებული ვიყავით.

მოკლედ, "მეტალურგის" ევროტურნირებზე გამოჩენას, ასე თუ ისე, მიჩვეული ვართ; აი, "ტორპედო" კი საერთაშორისო სარბიელს 7-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება! აქვე დავაზუსტოთ, რომ ევროტურნირებზე ბოლო საშინაო მატჩი "ტორპედომ" 2005 წელს ბელარუსის "ბატესთან"... თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩაატარა; აი, ქუთაისში კი ევროტურნირებზე "ტორპედოს" მონაწილეობით ჩატარებული უკანასკნელი მატჩი 2003 წლის 28 აგვისტოთი თარიღდება - ფრანგულ "ლანსთან" დაპირისპირებას ვგულისხმობთ.

სხვათა შორის, 9 წლის წინანდელი "ტორპედოს" იმ შემადგენლობიდან ერთი ფეხბურთელი დღესაც ქუთაისური გუნდის ღირსებას იცავს - დავით გამეზარდაშვილი!

...1998 წლის 21 ივნისს "ტორპედომ" ევროტურნირებზე პირველი მატჩი ჩაატარა და იქიდან მოყოლებული, ქუთაისელ ქომაგს არაერთი ცნობილი გუნდისა თუ ფეხბურთელის თამაშიც უნახავს. კარელ პობორჟსკი, სეიდუ კეიტა, რიგობერტ სონგი, ზდენეკ გრიგერა, ჯონ უტაკა, სიბუსისუ ზუმა...

ამ გამორჩეულ უცხოელებთან ერთად, "ტორპედოს" სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ: მიხეილ აშვეთია და გიორგი მეგრელაძე, ზურაბ იონანიძე და დავით ჯანაშია, გრიგოლ ჭანტურია და გია იმედაძე, აღარაფერს ვამბობთ მალხაზ ასათიანზე...

ტორპედო ევროტურნირებზე
1998. ინტერტოტოს თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-ერებუნი (სომხეთი) 6:0

გოლები: გ. მეგრელაძე (2) დ, ჯანაშია (2), ზ. ვაჩიბერაძე, კ. კვეტენაძე

ერებუნი-ტორპედო 1:1
გოლი: შ. ხუჯაძე

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ლომელი (ბელგია)-ტორპედო 0:1
გოლი: ზ ვაჩიბერაძე

ტორპედო-ლომელი 1:2
გოლი: კ. კვეტენაძე

1999. უეფას თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი
ლანტანა (ესტონეთი)-ტორპედო 0:5
გოლები: ვ. ხვადაგიანი, დ. ჯანაშია, კ. ჩხეტიანი, ზ. იონანიძე, გ. მეგრელაძე

ტორპედო-ლანტანა 4:2
გოლები: გ. მეგრელაძე (3), ზ. იონანიძე

1/64-ფინალი
ტორპედო-აეკ (საბერძნეთი) 0:1

აეკ - ტორპედო 6:1
გოლი: გ. მეგრელაძე

2000. ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ტორპედო 4:0

ტორპედო-ცრვენა ზვეზდა 2:0
გოლები: გ. იმედაძე, დ. ჯანაშია

2001. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლინფილდი (ჩრ. ირლანდია)-ტორპედო 0:0

ტორპედო-ლინფილდი 1:0
გოლი: მ. აშვეთია

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-კოპენჰაგენი (დანია) 1:1
გოლი: მ. აშვეთია

კოპენჰაგენი-ტორპედო 3:1
გოლი: ზ. ქუთათელაძე

2002. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-ტორსჰავნი (ფარერები) 5:2
გოლები: მ. ასათიანი (2), ზ. იონანიძე, ა. პოროშინი, ვ. კვეტენაძე

ტორსჰავნი-ტორპედო 0:1
გოლი. დ. ჯანაშია

II საკვალიფიკაციო ეტაპი
სპარტა (ჩეხეთი)-ტორპედო 3:0

ტორპედო-სპარტა 1:2
გოლი: ზ. იონანიძე

2003. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლანსი (საფრანგეთი)-ტორპედო 3:0

ტორპედო-ლანსი 0:2

2005. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-ბატე (ბელარუსი) 0:1

ბატე-ტორპედო 5:0

ევროტურნირებზე "ტორპედომ" ჩაატარა 22 მატჩი: 8 მოგება, 3 ფრე, 11 წაგება (ბურთების სხვაობა: 31-38).

ყველა გოლი: გიორგი მეგრელაძე - 7, დავით ჯანაშია - 5, ზურაბ იონანიძე - 4, კახა კვეტენაძე - 3, მალხაზ ასათიანი - 2, მიხეილ აშვეთია - 2, ზაზა ვაჩიბერაძე - 2, ვახტანგ ხვადაგიანი - 1, ზვიად ქუთათელაძე - 1, კახა ჩხეტიანი - 1, გია იმედაძე - 1, ანდრეი პოროშინი - 1, შალვა ხუჯაძე - 1.

მეტალურგი ევროტურნირებზე
2007. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ოლიმპი-ასტანა (ყაზახეთი) 0:0

ასტანა-ოლიმპი 3:0

2009. ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ოლიმპი-ბ-36 (ფარერები) 2:0
გოლები: გ. მეგრელაძე (2)

ბ-36-ოლიმპი 0:2
გოლები: ი. სირბილაძე, გ. ხუბუა

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ლეგია (პოლონეთი)-ოლიმპი 3:0

ოლიმპი-ლეგია 0:1

2010. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
აქტობე (ყაზახეთი)-ოლიმპი 2:0

ოლიმპი-აქტობე 1:1
გოლი: გ. რეხვიაშვილი

2011. ევროპის ლიგა
ბანანცი (სომხეთი)-მეტალურგი 0:1
გოლი: ი. ქობალია

მეტალურგი-ბანანცი 1:1
გოლი: გ. მიქაბერიძე

II საკვალიფიკაციო ეტაპი
მეტალურგი-ირტიში (ყაზახეთი) 1:1
გოლი: ა. კვახაძე

ირტიში-მეტალურგი 0:2
გოლები: ი. ქობალია, ი. მოდებაძე

III საკვალიფიკაციო ეტაპი
მეტალურგი-რენი (საფრანგეთი) 2:5
გოლები: ლ. ჯაფარიძე, ლ. რაზმაძე

რენი-მეტალურგი 2:0

შენიშვნა: 2007-2010 წლებში გუნდი "ოლიმპის" სახელით ასპარეზობდა.

ევროტურნირებზე "მეტალურგმა" ("ოლიმპმა") ჩაატარა 14 მატჩი: 4 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება (ბურთების სხვაობა: 12-19).

ყველა გოლი: გიორგი მეგრელაძე - 2, ირაკლი ქობალია - 2, ირაკლი სირბილაძე - 1, გელა ხუბუა - 1, გიორგი რეხვიაშვილი - 1, გიორგი მიქაბერიძე - 1, ალექსანდრე კვახაძე - 1, ირაკლი მოდებაძე - 1, ლაშა ჯაფარიძე - 1, ლუკა რაზმაძე - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ
დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვალ დიდი დღეა! წინ ქართველებოო!
rosoneri_95
13:02 04-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული