თბილისის "დინამოს" პოლონურ "იაგელონიასთან" მატჩი ჩაეშალა

AutoSharing Option
20 ივლისს სლოვენიური შეკრებაზე თბილისის "დინამომ" მეორე შეხვედრა პოლონური ექსტრაკლასას მეათეადგილოსან "იაგელონიასთან"
ჩაატარა.

თბილისელთა მეტოქე საშუალო დონის კლუბია და ყველაზე დიდი წარმატებას 2010 წელს მიაღწია, როდესაც პოლონეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

ამ გუნდში თამაშობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნიკა ძალამიძე. "იაგელონიას" კაპიტანს, ტომაშ ფრანკოვსკის კი "დინამოსთან" ცუდი მოგონებები აკავშირებს. ფრანკოვსკი 2004/2005 წლების სეზონში კრაკოვის "ვისლაში" ასპარეზობდა, რომელმაც თბილისის "ვიტ ჯორჯიას" (4:1, 8:2) მოუგო, მაგრამ "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (4:3, 1:2) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება თბილისელებმა მოიპოვეს.

დინამო-იაგელონია 0:1

0:1 ფრანკოვსკი (44. პ)
მატჩი შეწყდა 55-ე წუთზე.

"დინამო": ზარქუა - სეთურიძე, კაკუბავა (46. კვარაცხელია), რეხვიაშვილი, გველესიანი (46. ხიზანეიშვილი) - კაბელე, ჯიღაური (46. ხმალაძე), ალვარო, თექთურმანიძე (46. თექთურმანიძე) - იაგუე, ვოსკობოინიკოვი
"იაგელონია": სლოვკი, ნორამბუენა (18. მოდელსკი), ციონეკი, პაჟდანი, პეჟოვიჩი, კუპიში, გრჟიბი, ტიმინსკი, მაკუშევსკი, პლიჟგა, ფრანკოვსკი.

პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე "დინამოს" კართან შეიქმნა, მაგრამ პოლონელთა შემტევმა არაზუსტად დაარტყა.

15-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ალბერტ იაგუე წააქციეს - დინამოელთა მოთხოვნის მიუხედავად, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

28-ე წუთზე კარში პლიჟგას დარტყმული ბურთი მეკარე თორნიკე ზარქუამ კუთხურზე მოიგერია. მალე მან "დინამო" კიდევ ერთხელ გადაარჩინა, როდესაც მწვავე კონტრშეტევის შემდეგ ერთი-ერთზე გასულ კუპიშს აჯობა.

38-ე წუთზე საჯარიმო მიკელ ალვარომ შეასრულა - ბურთი ხარიხას მცირედით ასცდა.

44-ე წუთზე გიორგი გველესიანმა დინამოელთა საჯარიმოში პოლონელთა ჩაწოდებული ბურთი ხელით მოიგერია - თერმეთმეტრიანი ფრანკოვსკიმ უშეცდომოდ შეასრულა - 0:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში "იაგელონიას" კარს გია კვარაცხელია დაემუქრა, მაგრამ კარს ააცილა. მალე კარლეს კოტოს გადაცემის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან კაბელე ურტყამდა - ბურთს მეკარე დაეუფლა. არაზუსტი გამოდგა ახლო მანძილიდან კოტოს დარტყმაც.

55-ე წუთზე მატჩი შეწყდა: მოედნის ცენტრში ოთარ ხიზანეიშვილი ბურთის დაუფლებას ვარდნაში შეეცადა, რასაც პოლონელთა პროვოკაცია მოჰყვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ორივე გუნდის ფეხბურთელები და სტაფის წევრები მოედანზე შევიდნენ.

დინამოელებს თამაშის გაგრძელება სურდათ, მაგრამ მეტოქემ მოედანი დატოვა - მატჩი შეწყდა, თბილისელებმა ივარჯიშეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.

"სამწუხაროდ მთელი მატჩის მსვლელობისას მეტოქის მხრიდან აგრესიასთან ერთად იგრძნობოდა გარკვეული აგდებული, ქედმაღლური დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ, რის უფლებასაც საფეხბურთო წესების ფარგლებში "დინამო" არავის მისცემს", - წერს თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი.

მოსამზადებელ ეტაპზე დინამოელები მორიგ, რიგით მესამე, სპარინგ შეხვედრას თურქეთის ყველაზე პოპულარულ კლუბთან, "ფენერბაჰჩესთან" გამართავენ. თურქეთის სუპერლიგის 18-გზის ჩემპიონს,  თურქეთის თასის 5-გზის მფლობელსა და სუპერთასის 8-გზის გამარჯვებულს დინამოელები 23 ივლისს ავსტრიის ქალაქ გრაცში, UPC არენაზე გაეჯიბრებიან.

დინამოსა და იაგელონიას მატჩი ჩაიშალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" სერბულ "ბორჩასთან" ესპანელებმა მოაგებინეს
შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა
თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები
დუშან უჰრინმა თბილისის "დინამოში" წმენდა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა ყველაფერი გაირკვევა, გთხოვთ ჩვენც გაგვაგებინოთ რა მოხდა სინამდვილეში.
zuxusha
17:34 21-07-2012
0

სიახლეები პოპულარული