საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონის" შემადგენლობაში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ისევ რჩება ახალგაზრდა, 23 წლის კიპერი როინ კვასხვაძე, რომელიც 700 ათას ევროდაა შეფასებული. მას 500 ათასი ევროთი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი და გუნდის მთავარი მეგოლე ჯაბა დვალი მოჰყვება. სწორედ ამ ფეხბურთელების ფასია ყველაზე სოლიდური ჩემპიონის რიგებში.
400 ათას ევროდ გამოცდილი დავით მუჯირი და გიორგი ხიდეშელი არიან შეფასებულნი. ეს უკანასკნელი დიდი ხანია, ტრავმას იშუშებს
მუჯირსა და ხიდეშელს მცირედით ჩამორჩება თორნიკე გორგიაშვილი, რომლის სატრანსფერო ფასიც 375 ათასი ევროა. 300-300 ათასი მამუკა კობახიძის, ზაალ ელიავასა და თეიმურაზ ღონღაძის ფასია.
საერთო ჯამში, ზესტაფონელთა სატრანსფერო ფასი 6 მილიონ 75 ათასი ევროა.
საინტერესოა ბაქოს "ნეფთჩის" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებიც. ვობაი, რომელმაც "ზესტაფონს" ორივე მატჩში გაუტანა, 600 ათასი ევრო ღირს. იმამვერდიევის სატრანსფერო ფასი 250 ათას ევროს არ სცილდება. რაც შეეხება კანალესს, რომელმაც ბაქოურ შეხვედრაში წერტილი დასვა, ისიც 600 ათასი ევრო ღირს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"