ქუთაისის "ტორპედომ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა

AutoSharing Option
10 აგვისტოს, ქუთაისის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალი ფეხბურთელები წარუდგინეს და კლუბის მიზნები გააცნეს.

ლევან ფხაკაძემ "ტორპედოს" ახალწვეულებს ნიკა სანდოხაძეს, ზაზა ჭელიძეს, გიორგი ბერიაშვილს, ელგუჯა გრიგალაშვილს და ბექა ტუღუშს გუნდის მაისურები გადასცა.

გუშინვე ოფიციალურად წარადგინეს გიორგი ფანცულაია, რომელიც "ტორედოში" გასული ჩემპიონატიდან ასპარეზობს.

ლევან ფხაკაძე: "ქუთაისურ გუნდში მოსვლისთანავე პრიორიტეტად ახალგაზრდული და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება დავისახეთ. ჩვენი და გუნდის მთავარი მწვრთნელის შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა ახალი სეზონის დაწყებამდე "ტორპედო"
მთლიანად გავაახალგაზრდავეთ.

ჩვენი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 28 წლიდან 22 წლამდე ჩამოვიდა. "ტორპედო" იქნება ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში.

საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები დავიმატეთ, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. ჩვენ ამ ბიჭებს დიდხანს ვაკვირდებოდით, თითოეულ ადამიანს, რომელიც "ტორპედოში" მოდის, გათავისებული აქვს თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია.

გუნდის ახალწვეულებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გულშემატკივრები განსაკუთრებით თავდასხმის ხაზსს აკრიტიკებდნენ. შეტევაში მართლაც გვქონდა პრობლემები, რის გამოც გიორგი ბერიაშვილი დავიმატეთ.

მან თითქმის ყველა ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრებს ჩემპიონატშიც გაახარებს...

ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებთან. თუ იქ გამოჩდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მათ სხვა გუნდის ძებნა აღარ დასჭირდებათ და "ტორპედოში" გააგრძელებენ კარიერას.

სამომავლოდ, როცა ამის რეალური რესურსი იქნება "ტორპედოს" მთლიანად ადგილობრივი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ.

აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. "ტორპედოს" ბაზაზე კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანი მოედანი დაიგო. ჩვენს გუნდს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო პირობები აქვს.

აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გაიხნება კლუბის ფან-შოპი სადაც გულშემატკივრებს "ტორპედოს" მაისურების შეძენა შეეძლება".


გია გეგუჩაძე: "გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებასაც ამ ხნის განმავლობაში ვაპირებთ. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კლუბში უამრავი სასარგებლო რამ კეთდება.

დიდი ყურადღება ექცევა მწვრთნელების განათლებას. თვალყურს ვადევნებთ დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს, რამდენიმე მათგანი დავაწინაურეთ და გუნდთან ერთად შეკრებაზეც გვყავდა წაყვანილი.

ამ ახალგაზრდებს "ტორპედოში" თავის დამკვიდრების შანსი აუცილებლად მიეცემათ. გუნდის განვითარების მიზნით გვაქვს რამდენიმე პროექტი. ზამთრის შესვენების დროს ვაპირებთ ესპანეთში "მარბელას თასზე" ასპარეზობას, ასევე სანაკრებო პაუზების დროს ვგეგმავთ ამხანაგურ შეხვედრებს საკმაოდ ძლიერ უცხოურ გუნდებან, ასეთი თამაშებით ჩვენი ახალგაზრდული გუნდი განვითარდება და მეტ გამოცდილებას მიიღებს.

დროთა განმავლობაში ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს და "ტორპედო" საშუალო ევროპულ კლუბად ჩამოყალიბდება".


ნიკა სანდოხაძე: "მიხარია, რომ "ტორპედოს" წვრი გავხდი. დიდი ტრადიციების გუნდია და ახლაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ჩემპიონატში ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული