გორის "დილა" - საკუთარ მოედანზე თამაში სულ სხვაა

AutoSharing Option
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რემონტი ახალ ფაზაში გადავიდა.

დასავლეთ ტრიბუნის რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ჩრდილოეთ ტრიბუნას მიხედა. რამდენიმე დღეში ჩატარდა მისი დემონტაჟი.

ამჟამად დარჩენილია სტადიონზე შესასვლელი თაღი, რომელიც აგრეთვე დაიშლება და დაიწყება ამ ტრიბუნის ხელახლა აგებაც.

"დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნის დარად, ეს მხარეც მოედანთან ახლოს აშენდება. საბოლოოდ კი სტადიონი სუფთა საფეხბურთო არენის სახეს მიიღებს.

შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, სამხრეთის მხარესაც (აქეთ ახლა მხოლოდ კედელი და ტაბლოა) ტრიბუნას ავაშენებთ, რომელიც ასევე მოედანთან ახლოს იქნება",
- გვითხრა კლუბის დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა.

მისივე
ინფორმაციით, "დილა", რომელმაც აქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ეროვნული ჩემპიონატის საშინაო შეხვედრები გორში ვერ გამართა, მშობლიურ არენას, სავარაუდოდ, სექტემბერში თბილისის "დინამოსთან" მატჩში დაუბრუნდება.

"ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, საშინაო მატჩები საკუთარ მოედანზე ჩავატაროთ. რასაკვირველია, გულშემატკივარსაც ძალიან მოენატრა "დილას" თამაშის გორში ხილვა.

მართალია, სტუმრად თუ ნომინალურ საშინაო შეხვედრებზე ავტობუსებით ასეულობით გულშემატკივრის თანხლებას ვახერხებთ და ორგანიზებული ქომაგობაც არ გვაკლია მათგან, მაგრამ გორში მაინც სულ სხვაა",
- ამბობს ზურაბ დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, "დილამ" ეროვნულ ჩემპიონატში ცუდი სტარტი აიღო და ახლა არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად მოუწევს გარჯა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული