რუსები ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოსგან მოსაწყვეტად ყველაფერს აკეთებენ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ თურმე, ვიტალი დარასელია და ვლადიმერ გუცაევი ქართული ფეხბურთის გაზრდილები არ არიან, რომ სეპარატისტული რეგიონების ფეხბურთი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობდა და ვითარდებოდა...
ახლა აფხაზების ფეხბურთის ფედერაციას აპიარებენ და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების მოწყობაში ეხმარებიან. "აფსნიპრესი" კი ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ნაკრები უკვე წლეულს კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, გასვლაზე პალესტინას ესტუმრება, შეხვედრის თარიღები კი ზუსტდებაო.
"მოსკოვსკიე ნოვოსტის" ცნობით, სოხუმში სჯერათ, რომ კოსოვოს პრეცედენტი აფხაზებზეც გავრცელდება. მატჩს სეპარატისტების პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ესწრებოდა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგან მეორე ტაიმში აფხაზების კარს... რუსეთის ქალთა ნაკრების მეკარე ელვირა თოდუა იცავდა, რომელიც აფხაზეთშია დაბადებული და თავისი ეროვნება ვერ გაურკვევია.
მაყურებელი ოვაციას არ იშურებდა, როდესაც ეს გოგონა დარტყმას იგერიებდა, ან ბურთი თამაშში შეჰყავდა.
აფხაზეთის ნაკრებში ითამაშეს აგრეთვე ძმებმა, რუსლან და ბესლან აჯინჯალებმა, გერმან კუტარბამ, აგრეთვე, ახრიკ ცვეიბას ვაჟმა, სანდრო ცვეიბამ.
"მოსკოვსკიე ნოვოსტიმ" კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს სთხოვა:
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გუნდებს საქართველოს ჩემპიონატში სიამოვნებით ვათამაშებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი უარს ამბობენ. მე კი მიმაჩნია, რომ ფიფა ჩვენს შემთხვევაში კოსოვოს პრეცედენტს არ გამოიყენებს".
"თუმცა, ფიფას ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომები გააჩნია. ეს მხოლოდ ფეხბურთის სამშობლოს, დიდ ბრიტანეთს არ ეხება, რომელიც ორგანიზაციაში ოთხი წევრით არის წარმოდგენილი - ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.
მაგალითად, ფიფას წევრია ფარერის კუნძულები, რომელიც დანიას ეკუთვნის და ყველა ტურნირში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
პერიოდულად საერთაშორისო შეხვედრებს ატარებს კატალონიის ნაკრები და ეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტს არ იწვევს.
საფეხბურთო მმართველებს არ შეუძლიათ, რომელიმე ტერიტორიული წარმონაქმნის ნაკრებს თამაში აუკრძალოს, მათ შორის, აფხაზეთსაც. სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა ისინი ფიფას ეგიდით თამაშს", - წერს "მოსკოვსკიე ნოვოსტი".
ცხადია, შავის თეთრისგან განსხვავება ადვილია, მაგრამ ეს პატივსაცემი გამოცემა, ისევე, როგორც რუსული მედია, დღემდე ვერ გაერკვა, რა განსხვავებაა აფხაზეთს, ფარერებს, ბრიტანეთსა და კატალონიას შორის და სასურველს რეალობად ასაღებს.
ისიც გვეეჭვება, რომ ესპანეთის ფედერაციას კატალონიის ნაკრების საერთაშორისო შეხვედრები არ აღიზიანებდეს და საფეხბურთო მმართველებს რომელიმე ტერიტორიული წარმონაქმნის ნაკრებისთვის თამაშის აკრძალვა არ შეეძლოთ.
ასე რომ არ იყოს, საქართველოს დღეს საერთაშორისო სარბიელზე მინიმუმ სამი ნაკრები წამორმოადგენდა და მათ შორის იქნებოდა აფხაზეთიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ცხინვალში საერთაშორისო მატჩის ჩატარება იგეგმება!
ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?
რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!
ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?