დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
მაშინ, როცა აზერბაიჯანის ჩემპიონი "ნეფთჩი" სტუმრად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტს, კვიპროსულ აპოელ-ს ამარცხებდა, გორის "დილამ" ყოვლად უსახელო და არაფრით გამორჩეულ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" მეორე მატჩიც წააგო და სტუმრებს აქამდე არნახული ევროწარმატების მიღწევის საშუალება მისცა.

30 აგვისტოს საღამომ მკაფიო და დადებითი პასუხი გასცა ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო შეკითხვას - გაუსწრო თუ არა აზერბაიჯანულმა საკლუბო ფეხბურთმა ქართულს.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა სხვები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან, ქართულ ფეხბურთს განვითარებისა არაფერი ეტყობა.

რასაკვირველია, არ ვართ იმ დონეზე, რომ რომელიმე ქართულ კლუბს ევროთასების ჯგუფში მოხვედრა კატეგორიულად მოვთხოვოთ, მაგრამ ამ
კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად შეიქმნა ისეთი ხელსაყრელი გარემო, რამაც წარმატების იმედი გაგვიჩინა და რისი გამოყენებაც ნამდვილად შეიძლებოდა.

Sportall.Ge"დილას" ხომ წილისყრისას საოცრად გაუმართლა და რომელიმე ევროგრანდის ნაცვლად მეტოქედ მოკრძალებული კლუბი ერგო.

შეიძლება, მასთან დაპირისპირებაში ქართული კლუბი ფავორიტი არ ყოფილიყო, მაგრამ წილისყრამ იმის იმედი მაინც გაგვიჩინა, რომ საქართველოს ნაკრების არაერთი წევრითა და კანდიდატით დაკომპლექტებულ "დილას" რეალურად შეეძლო ამ ბარიერის გადალახვა.

რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. "მარიტიმუმ", რომლის შემადგენლობაშიც ერთი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელიც კი არ თამაშობს, დაგვანახა, თუ რას ნიშნავს საშუალო ევროპული დონე - სტუმრებმა კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშეს, ქართველები, ამ ასპექტების გარდა, ტექნიკაშიც დაჩაგრეს და ჯგუფური ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

"დილას" გამარჯვებისთვის ცდა არ დაუკლია და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. რასაკვირველია, ძალიან გაგვეხარდებოდა, ორი მატჩის ჯამში ქართულ კლუბს რომ გაემარჯვა, მაგრამ "დილა" ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ აშკარად არ იყო მზად.

თუკი პირველ ტაიმში გორელები მეტოქეს ხშირად კარნახობდნენ საკუთარ თამაშს, შესვენების შემდეგ მასპინძელთა შეტევები უფრო ხშირად ქაოსური იყო, მაშინ, როცა პორტუგალიელებმა ზუსტად იცოდნენ, როდის რა უნდა მოემოქმედათ, როდის უნდა ეკონტროლებინათ ბურთი, როდის დაეგდოთ ტემპი, როდის ემოქმედათ მეორე ნომრად და როდის შეეწუხებინათ მეტოქის დაცვა.

საერთო ჯამში, "დილას" არც კომბინაციური თამაში წაუვიდა და ვერც გუნდური მოქმედებით მოგვხიბლა. ძალიან უფერულები იყვნენ გორელთა ის ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის პოტენციურ ლიდერებად მოიაზრებენ.

Sportall.Geგამონაკლისი მხოლოდ მათე ვაწაძეა, რომელმაც ამ თამაშში სული და გული ჩადო და ყველა ეპიზოდში ისე მოქმედებდა, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერება.

"დილას" ჯგუფის საგზური არ ეკუთვნოდა, მათეზე კი მინიმუმ ერთი გოლი ნაღდად ალალი იქნებოდა.

მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნა "დილას" კაპიტან ლაშა სალუქვაძეს შეეძლო, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ოდნავ არაზუსტად შეაგება. მალევე მან კუნთის დაჭიმულობის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, რაც "დილასთვის" მძიმე დანაკლისი იყო.

ყველაზე მძლავრად ქართველებმა პირველი ტაიმის შუაწელი ჩაატარეს და დაწინაურებაც ამ დროს შეეძლოთ. 25-ე წუთზე "დილას" გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს, 29-ეზე კი მათე ვაწაძემ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და მიზნამდე მცირედი დააკლდა - ბურთი "მარიტიმუს" კარის ხარიხას მოხვდა.

პორტუგალიელთა ფრანგმა მეკარე რომან სალინმა ამ ეპიზოდში შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ მთლიანობაში მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისი გუნდის კარი საიმედოდ დაიცვა.

მე-40 წუთზე დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა - ერთი გამოზომილი გადაცემით "დილას" ცენტრალური მცველები უქმად დარჩნენ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ელდონმა თავისიანები დააწინაურა. უფრო საინტერესო და ნიშანდობლივი კი ის იყო, რაც ამ გოლს წინ უძღოდა - "მარიტიმუ" ბურთს ზედიზედ 50 წამის განმავლობაში ფლობდა და გოლამდე ზედიზედ 14 ზუსტი გადაცემა გააკეთა!

მოკლედ, სტუმრებმა მცირე "ბარსელონური" სანახაობა წარმოგვიდგინეს.

მეორე ტაიმის დებიუტში "მარიტიმუმ" მორიგი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა და "დილა" გოლს გადაურჩა - ფიდელისის დარტყმა მარინ სკენდერმა მოიგერია, დამატებაზე კი სამიმ არაზუსტად დაარტყა.

Sportall.Geცოტა ხანში კი სტუმრები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ და ამან გამარჯვების იმედი გაგვიღვივა, თუმცა "დილას" თამაში მეტოქის გაძევების შემდეგ უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

"მარიტიმუ" თავს მშვიდად იცავდა და ისე მოქმედებდა, თითქოს ევრობატალიებში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი. ვაწაძეს ორჯერ, გოგუას კი ერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დრო გადიოდა და ანგარიში უცვლელი რჩებოდა, "დილა" კი პრესტიჟის გოლის გატანასაც ვერ ახერხებდა.

გაწბილებულმა გულშემატკივრებმა სტადიონის ნაადრევად დატოვება დაიწყეს და სტუმართა მეორე გოლი მცირერიცხოვანმა პუბლიკამ ნახა.

"მარიტიმუმ" კონტრიერიში იდეალურად გამოიყენა და შეცვლაზე შესულმა დანილო დიაშმა "დილას" წვალებას წერტილი დაუსვა.

ასე გავუშვით ხელიდან 2004 წელს მიღწეული წარმატების გამეორების შანსი. ევროთასების ჯგუფური რაუნდი ჩვენთვის კვლავ მიუწვდომელია.

უნდა ვაღიაროთ, ეს არც დაგვიმსახურებია. არადა, მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, "მარიტიმუს" დონის კლუბები ხომ ასეთ ეტაპებზე, როგორც წესი, ჩვენნაირების კი არა, გრანდების საკბილო ხდება ხოლმე.

ქართული ევროსეზონი კვლავ ზაფხულში დასრულდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, შიდა ტურნირებზე გადავერთოთ და ინტერესისთვის, ტელეარხებით "ნეფთჩის" საევროპალიგო მატჩებს შევავლოთ თვალი...

ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
30.08. თბილისი. მ. მესხი. 11 000 მაყურებელი
დილა-მარიტიმუ 0:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
გოლები: 0:1 ელდონი (42), 0:2 დანილო დიაში (90)

დილა მარიტიმუ
4-4-2 4-2-3-1
სკენდერი სალინი
შ. კაშია ბრიგელი
სალუქვაძე ჟოაო გილერმე
გ. ონიანი რობერჟი
კვირკველია ოლიმი
გურული მირანდა
ბეჭვაია როდრიგო ანტონიო
შ. გრიგალაშვილი ელდონი
გოგუა დავიდ სიმაო
ილურიძე სამი
ვაწაძე ფიდელისი

მწვრთნელები:
თ. შალამბერიძე პ. მარტინში

დილა
14. სალუქვაძე - თომაშვილი
46. ილურიძე - ახალკაცი
63. შ. კაშია - კახელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, კაციტაძე, კლიმიაშვილი

მარიტიმუ
58. დავიდ სიმაო - როსარიო
67. ელდონი - როსი
73. სამი - დანილო დიაში
სათადარიგოები: რიკარდო, ჟოაო დიოგო, აბრეუ, ადილსონი

გაფრთხილება: როდრიგო ანტონიო (26), როსარიო (67), კახელიშვილი (79), კვირკველია (88)

გაძევება: როდრიგო ანტონიო (51)

არბიტრი: ა. კაკოსი (საბერძნეთი)

ევროდონემდე ძალიან შორია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩის შემდეგ:

თემურ შალამბერიძე: ვიცოდი, რომ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდოდით
ალექსანდრე გურული: წაგებას არ ვიმსახურებდით
გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა, უბრალოდ არ გაგვიმართლა

გიგა ბეჭვაია: მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა
გიორგი ონიანი: "მარიტიმუსთან" მარცხი უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონატზე გადავერთოთ


ასევე იხილეთ:
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიდეო სად არის??
rembo
14:47 31-08-2012
0
gizog,რა უნდა დაწერო ამ ფეხბურთზე?ერთში გეთანხმები,რაც ქართულ ფეხბურთში ხდება დიდ გარიგებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.ამას უბრალოდ მაიმუნობა ქვია და ამის დადასტურებული და დაუდასტურებული მაგალითი უამრავი გვაქვს.მარტო წინა ჩემპიონის გამოვლენა და თასის ფინალი რად ღირს,აღარაფერს ვამბობ იმ ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია-ამინისტიაზე გარიგებულ თამაშებში რომ მონაწილეობდნენ.სპორტში მოღვაწე ადამიამიანებისგან მინდა მოვისმინო,რამდენად სწორი მიდგომაა თავდაცვის და შსს კლუბები სხვადასხვა სპორტის სახეობებში,ვინმემ იკითხეთ რა რაოდენობის ფული იხარჯება ბიუჯეტიდან ამ წარუმატებელ პროექტებში და რამდენად ჭკვიანურია იხარჯება ბიუჯეტის ფული როცა ბავშვთა ფეხბურთი აბსოლიტურად მოშლილია და ნიჭიერ ბავშვები ხშირ შემთხვევაში მაღალი საფასურის გამო ვერ ახერხებენ ფეხბურთზე სიარულს.რამდენი იხარჯება იმ ქალაქების სტადიონებზე მინდვრის საფარის მოწესრიგებაში რომლის გუნდებიც სულს რაფავს და არანაირი სახსარი ამ მინდვრების მოსავლელად არ გააჩნიათ.ვინმემ მოითხოვეთ ნაკრების მწვრთნელებზე გადახდილი თანხის განსაჯაროება ნაკრები მაინც ხომ არაა კერძო მფლობელობაში მყოფი კლები კომერციულ საიდუმლოებას რომ წარმოადგენდეს.ამის გარდა უამრავი საკითხია საინტერესო და არამარტო ჩემთვის,მაგრამ სამწუხაროდ ამის მთქმელი,ამაზე დისკუსიის გამართავი არაა არავინ.
daviti
12:54 31-08-2012
0

სიახლეები პოპულარული