"სიმურგს" გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი. "სიმურგი" აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერაც დაუმარცხებელია და მეხუთე ადგილზეა. "სიმურგი" წყნეთში, სასტუმრო "კოპალაში" დაბინავდა, ვარჯიშებს კი თბილისში, "ბენდელაზე" ატარებს.
შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია და ჩიხრაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- შეკრების ჩატარება თბილისში რატომ გადაწყვიტეთ?
- ეს ჩვენთვის მოსახერხებელი იყო, ზაქათალიდან ლაგოდეხამდე სულ რაღაც 40 კილომეტრია, საქართველოსთან
- ბაქოს "ნეფთჩი" ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა - როგორ ფიქრობთ, ამ წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა კლუბის ბიუჯეტმა მოახდინა?
- მხოლოდ კლუბის დაფინანსება არ განაპორობებს ამ შედეგს, აზერბაიჯანში წლების წინ დაიწყეს ფეხბურთზე ზრუნვა და არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს, ბაზები და მოედნები გააკეთეს.
რა თქმა უნდა, კლუბის ბიუჯეტიც დიდად განაპირობებს წარმატებას, მხოლოდ "ნეფთჩის" კი არა, ყველა აზერბაიჯანული კლუბის დაფინანსება გაიზარდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ მთლიანად ამაღლდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე, იქაური კლუბები საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით კომპლექტდებიან. ყოველივე აქედან გამომინარე, "ნეფთჩის" წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.
- "სიმურგის" ბიუჯეტიც იზრდება?
- ჩვენც ვცდილობთ წინ წავიდეთ. შარშან "სიმურგს" გავარდნის საფრთხე შეექმნა, მაგრამ ამას თავი დავაღწიეთ. საამსეზონოდ "სიმურგი" მნიშვნელოვნად გადახალისდა, შემადგენლობის 60-70 პროცენტი შეიცვალა, ადგილობრივი ფეხბურთელებიც დავიმატეთ და ლეგიონერებიც. იმხელა ბიჯეტი არ გვაქვს, რამდენიც "ნეფთჩის", "ხაზარს" , "გაბალას" თუ "ყარაბახს", მაგრამ სწორი მუშაობითა და სელექციით ზედა ექვსეულში დამკვიდრება სავსებით რეალურია.
- ქართველი ლეგიონერების აყვანას ერიდებით?
- ქართველი ფეხბურთელების დამატებაზე თავს არ ვიკავებთ, უბრალოდ ეს არ მოხერხდა, რამდენიმე ქართველით ვიყავით დაინტერესებულები. ამ ეტაპზე აქცენტი ბალკანელებზე გავაკეთეთ, იქაური ფეხბურთელის გადმოყვანა ძალიან ძვირი არ ჯდება, თანაც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან საკმაოდ კარგი ფეხბურთელების შერჩევა შეიძლება.
- სად უფრო საინტერესო გამოდგა მუშაობა - "ამერში" თუ "სიმურგში"?
- სამწვრთნელო კარიერა "ამერში" დავიწყე, მეც კლუბთან ერთად ვყალიბდებოდი, ამ კლუბში განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობებიც ჩამომიყალიბდა, "ამერში" გატარებული წლები ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში.
შემდეგ ბაქოს "ინტერში" ვმუშაობდი კახა ცხადაძის თანაშემწედ, მერე კი ისევ დამოუკიდებლად გადავწყვიტე გუნდის გაწვრთნა. "სიმურგში" ყველაფერი ნორმალურადაა, ზაქათალის ოლიმპიურ საწვრთნელ ბაზაზე ვვარჯიშობთ, შეკრებებზე უპრობლემოდ დავდივართ, ამ სეზონის წინ ჯერ ავსტრიაში ვიყავით, მერე კი თურქეთში.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყავით და ალბათ განსაკუთრებულად შეგტკივათ გული ჩვენს ეროვნულ გუნდზე - მაინც რა უნდა იყოს გაუთავებელი წარუმატებლობების მიზეზი?
- ღრმად ჩახედული არ ვარ საქართველოს ამ ნაკრების სიტუაციაში, რაღაც რომ თქვა, სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს, ეს ფეხბურთია, სადაც წვრილმანი არ არსებობს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. არ ვიცნობ ახლანდელი ნაკრების შიდა სამზარეულოს და შესაბამისად მნიშვნელოვანს ვერაფერს ვერ გეტყვით.
- როცა თქვენ თამაშობდით ნაკრებში, მაშინ რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
- მაშინ საქართველოს ნაკრებში შემსრულებლების დონე უფრო მაღალი იყო, ახლაც გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ იმ დროს უფრო ადვილი იყო წარმატების მიღწევა. ასეც მოხდა, მაშინ შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს.
- ბელარუსი და ესპანეთი - თქვენი პროგნოზით, რამდენ ქულას აიღებს საქართველოს ნაკრები ამ მატჩებში?
- პროგნოზები არ მიყვარს, ჩემი სურვილი კი ის არის, რომ საქართველომ ამ შეხვედრებში სამი ქულა აიღოს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"