"ზესტაფონი" რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა. ამოტივტივდა ალენ ჟირესის ვარიანტიც, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. რამდენიმე დღის წინ კი "ზესტაფონის" გაწვრთნა დავით მუჯირსა და ზაზა ზამთარაძეს ანდეს.
მუჯირი მანამდე "ზესტაფონის" ფეხბურთელი იყო და კარიერა ახლახან დაასრულა, ზამთარაძეს კი "ზესტაფონამდე" უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია.
მუჯირი-ზამთარაძის დუეტის დებიუტი წარმატებული გამოდგა, ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ზესტაფონმა" სტუმრად ფოთის "კოლხეთი" 2:0 დაამარცხა (იხილეთ ვრცლად) და ზამთარაძესთან საუბარიც აქედან დავიწყეთ.
- დასაწყისით კმაყოფილი უნდა იყოთ. "კოლხეთს" ყველაზე უფრო რის ხარჯზე აჯობეთ?
- ტერიტორიულ უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სამ ქულას ავიღებდით.
მოწინააღმდეგემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. თავიდანვე შევეცადეთ, რომ ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა, მეორე ტაიმის მე-60 წუთისთვის უკვე სერიოზულ უპირატესობას დავეუფლეთ.
შოთა ბაბუნაშვილის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. უკვე ცხადი გახდა, რომ "ზესტაფონის" გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
- მაინც როგორ აღმოჩნდით "ზესტაფონში", რამ განაპირობა ის, რომ ამ გუნდში მიხვედით?
- შემოთავაზება დავით მუჯირისგან წამოვიდა, ის ჩემი მეგობარია. სანამ "ზესტაფონს" მთავარი მწვრთნელი გამოუჩნდება, გუნდი მე უნდა ჩავიბარო და ჩემთან წამოდი, ერთად გავუძღვეთ ამ საქმესო. უფლება არ მქონდა, რომ ჩემი მეგობრისთვის და ასეთ კლუბში მუშაობაზე უარი მეთქვა.
"ზესტაფონის" მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიმპათიები მქონდა. წლების განმავლობაში ეს კლუბი იშვიათი ნათელი წერტილი იყო ქართულ ფეხბურთში.
მუჯირმა ახლახან დაანება ფეხბურთელობას თავი და უცბად მწვრთნელად მუშაობა ასეთ დროს ძალიან ძნელია. ერთიანი ძალებით უნდა გავაკეთოთ საქმე.
- "ზესტაფონს" ახლა თქვენი დუეტი წვრთნის, თუმცა საინტერესოა, როგორ არის უფლებები გადანაწილებული?
- გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ, ჩვენ ხომ თანამოაზრეები ვართ.
- გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ რაღაც საკითხზე სხვადასხვა შეხედულება გქონდეთ - ასეთ დროს ვის აზრს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა?
- მე და მუჯირი ერთმანეთში კამათს არ ვაპირებთ. რაც გუნდისთვის იქნება უკეთესი, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
- ბოლო პერიოდში რატი წინამძღვრიშვილი "ზესტაფონში" აღარ ჩანდა, ფაქტობრივად, ტრანსფერზე იყო დაყენებული. თქვენი მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კი ეს თავდამსხმელი მყის სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეთ...
- "კოლხეთთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე მივედი გუნდში, პირველი ვარჯიში ჩავატარეთ მე და მუჯირმა და მეორე დღეს უკვე თამაში გვიწევდა. ახალი არაფერი მოგვიგონებია, წინამძღვრიშვილი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. რა თქმა უნდა, მუჯირს ჩემზე გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდა "ზესტაფონის" ფეხბურთელებზე, მან უკეთ იცოდა, თუ ვინ როგორ კონდიციაში იყო.
- "ზესტაფონმა" საკუთარი სახე გია გეგუჩაძის მწვრთნელობის დროს მიიღო. მისი გეზის გამგრძელებელი იყო გიორგი ჭიაბრიშვილი. თქვენ რა ელემენტების შეტანას აპირებთ "ზესტაფონში"?
- ამ ეტაპზე ვერანაირ ელემენტს ვერ შევიტანთ. იმას კი გეტყვით, რომ ბევრ პოზიციაზე გუნდი გასაძლიერებელია.
- ალბათ, იმას გულისხმობთ, რომ ამ დროისთვის "ზესტაფონში" ისეთმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ არ გააჩნიათ...
- დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემადგენლობით "ზესტაფონს" მეტი შეუძლია. საქართველოს ჩემპიონატში დღევანდელი კონტინგენტით უპრობლემოდ შეიძლება წარმატების მიღწევა, მაგრამ თუ კლუბს უფრო მაღალი მიზნები აქვს და ევროსარბიელზეც სურს მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, ამისთვის ნამდვილად საჭიროა გაძლიერება.
- "დინამო", "ტორპედო", "დილა"... მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი საქართველოს ამ ჩემპიონატში არაერთია. ახლანდელ "ზესტაფონს" ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირებაში წარმატების რა შანსი აქვს?
- ვნახოთ, წინასწარ კონკრეტული რაღაცეების თქმა ძნელია. მე და მუჯირი ამ ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.
ცუდი ის არის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე გაძლიერება არ შეგვიძლია. არადა, ჩემპიონატის უმეტესი ნაწილი, 22 ტური, სწორედ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჩატარდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"