თუ რა არის ეს, პირველად მაშინ გავიგე, როცა ბნელი 90-იანი წლები გვარგუნა განგებამ. ფეხბურთი არც მაშინ მომკვდარა საქართველოში და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობაც სულ იმას გვაყვედრიდა, ეროვნული ჩემპიონატი სამოქალაქო ომის დროსაც კი არ ჩაშლილაო.
დრო მართლაც მძიმე იყო. აქეთ ტაშ-ფანდურს უმართავდნენ თბილისში სტუმრად ჩამოსულ ჯეიმს ბეიკერს, იქით კი ზვიადისტების მიტინგს ხვრეტდნენ.
ძალადობა გაჩნდა ფეხბურთშიც. აქაც გამოერია შეიარაღებული ხალხი, ახალი ტიპის განგსტერები. მათ მოსწონდათ ფეხბურთში ყოფნა, ფულის შოვნა ფეხბურთელთა ტრანსფერებითა და ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი საგადასახადო შეღავათებით. ისინი თბილისში მომხდარი ცნობილი
ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისთვის ისინი სამაგალითო და მისაბაძი ხალხი იყო.
ძალადობა იყო სტადიონებზეც. უმოწყალოდ სცემდნენ მსაჯებს, რომლებსაც ფედერაციისგან ბოძებული მათხოვრული ხელფასი არ ჰყოფნიდათ და ოჯახის გამოსაკვებად ქრთამს იღებდნენ.
ზოგ ფეხბურთელს რომელიმე ცნობილი ძველი ბიჭი, ან რომელიმე საძმო პატრონობდა. თუ ფეხბურთელი ეგრეთ წოდებული პადიომნის სახით 30 ათას დოლარს აიღებდა, ათი ათასი მის ავტორიტეტულ პატრონს ეკუთვნოდა - თანხის ერთი მესამედი ტაქსა იყო.
ქუჩაში ისროდნენ, მაგრამ ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ.
თუმცა, იყო ალტერნატივაც. ზოგი წიგნებს კითხულობდა და ინგლისურს სწავლობდა; ზოგი მუსიკას წერდა; ზოგიც ფეხბურთს თამაშობდა და გზას იკაფავდა.
ფეხბურთის გულშემატკივარიც მაშინ სხვანაირი იყო. არაერთხელ მინახავს, როგორ ისროდნენ ტრუბუნებიდან ქვებს ქუთაისში. ამ მავნე ტრადიციამ მანამდეც კი გასტანა, როცა დრო შეიცვალა, როცა "დინამო" ბადრი პატარკაციშვილს გადასცეს და მისი გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში, ქუთაისში 0:1 დამარცხდა.
მაშინაც ვნახე ქვისგან თავდასისხლიანებული "დინამოს" ფანები.
სოციოლოგი არც მაშინ ვყოფილვარ და ვერ ვხვდებოდი, რისი ბრალი იყო ძალადობა და აგრესია. ეს არ იყო იმის ბრალი, რომ ესა თუ ის ქალაქი ასეთია, რომ ამა თუ იმ ქალაქში ასეთი ხალხი ცხოვრობს.
მერეღა მივხვდი, რომ გულშემატკივრების აგრესიას ის განაპირობებს, თუ როგორი პატრონი ჰყავს კლუბს.
ერთხელ ისეც მოხდა, რომ გაზეთ "სარბიელის" ერთ-ერთ ჟურნალისტს ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი და კლუბის ერთ-ერთი მესვეური ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. მაშინ უკვე 21-ე საუკუნე იყო, მაგრამ მაინც...
ძალადობის ფორმები ნელ-ნელა იცვლებოდა. საუკეთესო ნიმუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შეიქნა. მერაბ ჟორდანია დასაჯეს და ქართულ ფეხბურთს ჩამოაცილეს.
ოჯახი ხრამია, ფეხბურთიც ჩვენი უნდა იყოს და პრეზიდენტსაც ჩვენ დავნიშნავთ - ასე მოიტანა ცხოვრებამ. ბოლო პერიოდში ფედერაციის არჩევნებში სულაც ერთი კანდიდატი მონაწილეობდა.
ძალადობა! როცა ეს ხდება, მაინც 90-იანი წლები მახსენდება, თითქოს ჩავიციკლე.
განსაკუთრებით, 1992 წელი მახსოვს, როცა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში კონცერტი გაიმართა. როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ - თუ არ ვცდები, ასე ერქვა იმ კონცერტს.
ქუთაისის თავმომწონე ახალგაზრდობა მაშინ დუდა დადიანს, ირაკლი ჩარკვიანსა და რობი კუხიანიძეს უსმენდა. ისინი ალტერნატიულ მუსიკას ასრულებდნენ. ცდილობდნენ, ძალადობის ალტერნატივა დაენახვებინათ ხალხისთვის.
დადიანის და ჩარკვიანის ყველაზე პოპულარული ჰიტის მისამღერი კი ასეთი იყო: "მე თქვენი აღარ მჯერა!"
ქუთაისი მაშინ ძალიან მაგარი ქალაქი იყო და მას ამისთვის სულაც არ სჭირდებოდა პალმების გაშენება რომელიმე პროსპექტზე.
ეს ფეხბურთიც ხომ ყველაფერს უძლებს.
დრო კიდევ ბევრჯერ შეიცვლება. ქართული ფეხბურთიც ცვლილებების მოლოდინშია, ძალადობა ხომ ფეხბურთშიც უნდა დასრულდეს. ფეხბურთიც უნდა იყოს ფონოგრამის, სიყალბის წინააღმდეგ.
იდეალისტის ნაამბობივით გამომივიდა ყველაფერი? რა გითხრათ, ალბათ, ყველაფერი 90-იანი წლების, მაშინდელი ალტერნატიული მუსიკის ბრალია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს