ზურაბ პეტრიაშვილის ინტერვიუს (იხილეთ ვრცლად) შემდეგ ოყროშიძესთან დალაპარაკება აუცილებელი გახდა.
თუმცა, როგორც გაირკვა, ის აბსოლუტურად იზიარებს პეტრიაშვილის პოზიციას.
- გუნდებისა და სკოლამდელი ასაკის მოთამაშეთა რაოდენობა მცირდება. ამას რა უნდა მოვუხერხოთ?
- ჩემპიონატები ახლა იწყება და ეს ძალიან აქტუალური თემა არის. მივმართავ ყველა რეგიონულ ფედერაციას, სკოლასა და მწვრთნელებს, რომ გადასახადები არ გაზრდილა და არავინ მოგატყუოთ!
რამდენიმე ფედერაციამ მართლაც
- საწევრო თანხა საიდან დგინდება?
- მონაწილეთა, თამაშებისა და წრეების რაოდენობიდან გამოვდივართ.
- თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად არის გადასახადი დაწესებული?
- ჩემი აზრით, თანხა უნდა დაიანგარიშონ მხოლოდ მსაჯების ხარჯისა და საპრიზო ფონდის გათვალისწინებით.
ცხადია, რეგიონულ ფედერაციებს ხარჯები აქვთ, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მახინჯი სახე - ბავშვებში 2500-ლარიანი გადასახადის დაწესება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ უნდა შეამცირონ გადასახადები, რადგან ეს ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელ დღეს სიკვდილით ემუქრება.
მე კი უნდა დამისაბუთონ, რომ გადასახადი აუცილებელ ხარჯებს ითვალისწინებს და არა რეგიონული ფედერაციის გამდიდრებას.
- ნუთუ არ არის საშუალება, ტურნირი ყველგან ისევე უფასოდ ჩატარდეს, როგორც ეს ქვემო ქართლშია, ან თუნდაც აჭარა-გურიისა და სამეგრელოს მსგავსად, დაბალი გადასახადი დაწესდეს?
- მე ერთ-ერთი რეგიონის მაგალითს მოვიყვან, სადაც დაბალი გადასახადია, მაგრამ მსაჯები არ ჰყოფნით და ამიტომ თამაშებზე ლაინსმენები ვერ მიჰყავთ.
ეს ცალკე პრობლემაა. ქვემო ქართლში კი ბავშვთა ტურნირებს რუსთავის მერია თავისი სახსრებით ატარებს; პლუს გუნდებს ტრანსპორტირებაში ეხმარება, რისთვისაც მათ მადლობა ეთქმით. ეს არის ჩვენი ფეხბურთის მომავალზე რეალური ზრუნვა.
- რატომ არის შეუძლებელი იგივე სხვა რეგიონებშიც მოხდეს, ეს ხომ დიდ თანხებს არ უკავშირდება?
- ჩვენ ქალაქის ბიუჯეტების შედგენაში ვერ ჩავერევით.
- საკითხის სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტას ვგულისხმობ - ფედერაცია ხომ სახელმწიფოსთან კარგად თანამშრომლობს?
- ახლა სხვა დრო არის და კლუბები კომერციული ორგანიზმები გახდნენ. ფეხბურთელს იმიტომ ზრდიან, რომ გაყიდონ ან მისი დახმარებით წარმატებას მიაღწიონ.
პირადად მე ვაკონტროლებ, რომ უეფას რეგულაციები დავიცვათ და უმაღლესი ლიგის გუნდებმა სკოლას მოთამაშეში კომპენსაცია გადაუხადონ. ანუ დაბალ გადასახადს კლუბები ადვილად გადაიხდიან. მთავარია, ის არ გავზარდოთ.
- უეფასგან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ჩარიცხული თანხები რას ხმარდება?
- ეს თანხები მხოლოდ უმაღლესი ლიგის იმ გუნდებს ერიცხებათ, რომლებიც ლიცენზირებას გაივლიან. მათ უეფა წელიწადში 29-29 ათას ევროს ურიცხავს, ფული სამ ასაკობრივ გუნდს რომ მოახმარონ.
ამ შემთხვევაში ფედერაცია ტრანზიტის როლს ასრულებს, თორემ თანხა ჩვენ კი არ გვრჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"