გორის "დილაში" ახალი ბრაზილიელია - ლეონარდო რამოს დოს სანტოსი

AutoSharing Option
შევიტყვეთ, რომ გორის "დილაში" კიდევ ერთი ბრაზილიელი, ლეონარდო რამოს დოს სანტოსი შეიძლება ჩაირიცხოს.

ჩვენი ინფორმაციით, დოს სანტოსი საქართველოში 6 ოქტომბერს ჩამოვიდა, მაგრამ ჯერ მისი ტრანსფერის საკითხი არ გარკვეულა. გამომდინარე აქედან, ჯერ მას კონტრაქტი არ გაუფორმებია, კლუბი ინფორმაციას არ ავრცელებს და მოლაპარაკების დასრულებას ელის.

ვითარებაში გარკვევას თავად შევეცადეთ. გვითხრეს, რომ ლეონარდო დოს სანტოსი 20 წლის არის, კარგად იცის რუსული, რადგან ბოლოს მინსკის "დინამოში" თამაშობდა.

მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

მოკლე ინფორმაცია:
ლეონარდო რამოს დოს სანტოსი
ამპლუა - თავდამსხმელი
დაიბადა 1
992 წლის 9 ივნისს ბრაზილიაში, სან პაულუს შტატის ქალაქ ორინსიუში.
სიმაღლე 186 სმ, წონა 77 კგ.

7 წლიდან ორინსიუს "ატლეტიკოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. თამაშობდა სან პაულუს შტატის ჩემპიონატში "მარილიას" ახალგაზრდული კლუბის შემადგენლობაში.

პროფესიონალური კარიერა ორინსიუს "ატლეტიკოში" დაიწყო, სადაც 2010 წელს მინსკის "დინამოს" სელექციონერებმა შენიშნეს. ბელორუსში გასინჯვაზე ჩასულმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 2 წელი ბელორუსის ყველაზე ტრადიციული კლუბის ღირსებას იცავდა.

კონტრაქტი 4 ივლისს შეუწყდა და მინსკელთა პრესსამსახურის ცნობით, კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ბელორუსულ "დინამოში" ჩატარებულ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვათა შორის, დოს სანტოსი მინსკის "დინამოში" "ატლეტიკო პარანაენსეს" ქართველმა მენეჯერმა გოჩა ალადაშვილმა ჩაიყვანა. თუ გახსოვთ, მან რუსთავის "ოლიმპში" ბრაზილიური პროექტი წამოიწყო, მაგრამ სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო და შემდეგ იგივე ჩანაფიქრი მინსკის "დინამოში" გუნდის გენერალურ დირექტორ ვალერი სტრელცოვთან ერთად განახორციელა.

დოს სანტოსმა ბელორუსები იმით გააოცა, რომ რეჟიმის დამცველი ბრაზილიელი ვერ წარმოედგინათ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, არ მიყვარს დალევა, სასმლის მეშინიაო და მათთვის ესეც მოულოდნელი აღმოჩნდა. მეგობრობს ბელორუსის ნაკრებისა და ბორისოვის "ბატეს" ბრაზილიელ პლეიმეიკერ რენან ბრესანთან.

რამოსზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ სტრელცოვი მინსკის "დინამოდან" გაუშვეს, გუნდის ახალმა დამრიგებელმა ოლეგ პროტასოვმა თავისი თავდამსხმელები მიიყვანა და იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა.

ბრაზილიელთა საქართველოში ჩამოსვლა სულაც არ არის ურიგო ამბავი. ამ სახრეთამერიკულ ქვეყანას იმდენი ფეხბურთელი ჰყავს, რომ მთელ დუნიას მოამარაგებს და ჩვენც არ გვაწყენდა.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კიდევ ერთ ბრაზილიელს, ცენტრალურ მცველს, ვიტორ ჰუგოს აკვირდებოდა, რომელიც ბოლოს ბრაზილიის B ლიგის (პირველი ლიგა) "სეარაში" თამაშობდა, მაგრამ სასურველი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და სამშობლოში გააბრუნეს.

მანამდე "დილასთან" ერთწლიანი კონტრაქტი ავსტრიის ბუნდესლიგის "კაპფენბერგის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნათან ჟუნიორმა გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული