ახალი "ქართლი" ძველ ნაკვალევზე

AutoSharing Option
სულ რაღაც სამი წლის წინ გორში ფეხბურთი არავის ახსოვდა და "დილა" ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რეგიონულ ლიგაში გამოსვლითაც კმაყოფილი იყო. ეს იმიტომ, რომ გუნდის ყოფნა-არყოფნაზე იყო ლაპარაკი.

ახლა გორში საფეხბურთო ბუმია. "დილა" უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამასთან ერთად, 2011 წლის ნოემბერში გორში "ქართლი 2011" დაარსდა, რომელიც ჯერ საფეხბურთო აკადემია იყო, რომელიც შემდეგ ისეთ მადაზე მოვიდა, რომ რეგიონულ ლიგაში საკუთარი კლუბი გამოიყვანა და პირველ ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

საინტერესოა, რომ კლუბს აქვს საკუთარი ვებგვერდი, საიდანაც გუნდის ისტორია შევიტყვეთ.
ყველაფერი შემთხვევითი შეხვედრით დაიწყო: ორი მეგობარი, ვეტერანი ფეხბურთელები პაატა ფილიევი და გია რევაზიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ შეხვდნენ.

იმ დროს რევაზიშვილი საფეხბურთო სკოლის დირექტორი გახლდათ, ამჟამად კი შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

ცხადია, გორის ფეხბურთის პრობლემებზეც ისაუბრეს. ორივე გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ საკმაოდ კარგი ტრადიციების მქონე ქალაქი ნიჭიერი ფეხბურთელების სიმცირეს განიცდიდა. ფილიევმა რევაზიშვილი დაამშვიდა, მალე გორის ფეხბურთი საფეხბურთო სამყაროში კვლავ დაიკავებს ღირსეულ ადგილსო.

ის რასაც გულისხმობდა, რევაზიშვილმა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო: ფილიევმა ბიზნესი წამოიწყო და საქმიანობა უცხოეთში გააგრძელა, რევაზიშვილი კი, რეგიონის ფეხბურთში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლის ფეხბურთს არ ჩამოშორებია.

მრავალი წლის შემდეგ მეგობრების სატელეფონო საუბრისას გადაწყდა, რომ გორში ისეთი საფეხბურთო აკადემია დაეარსებინათ, რომელზეც მრავალი წლის წინ ოცნებობდნენ.

ასე დაფუძნდა 2011 წლის ნოემბერში საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011" და ამჟამად მიმდინარეობს საფეხბურთო ბაზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

"ქართლი 2011"-ს გააჩნია საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს თავად ამარაგებს სპორტული ეკიპირებით და მისი გუნდები რეგიონული ლიგის გარდა, მონაწილეობს ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა ტურნირებში.

გორის აკადემიაში დაფიქსირებული ეს ფაქტი კი ქართული ფეხბურთისთვის მრავლისმეტყველია: სადაზღვეო კომპანიასთან გაფორმდა სპორტული ტრავმების კორპორაციული დაზღვევის ხელშეკრულება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დაშავებული მოთამაშეები ამ სერვისით ისარგებლებენ და ფულის ძიება და სესხება არ მოუწევთ.

ეს ცივილიზებულ სამყაროში ელემენტარი ამბავია, მაგრამ საქართველოში ასეთი პრეცედენტი ადრე მხოლოდ ორიოდე საფეხბურთო სკოლაში დაფიქსირდა და უდავოდ პროგრესული ნაბიჯია - ასეთ მომსახურებას ხომ ხშირად თავს უმაღლესი ლიგის კლუბებიც არიდებენ.

მეტიც, ჩვენი ჩემპიონატის ლიდერთა ნაწილსაც (?!) დაშავებულთა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ სურთ, რაც 21-ე საუკუნეში ნონსენსია.

რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე "ქართლი 2011"-ის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი მოთამაშე ირიცხება: მცველი კობა ხანიშვილი, რომელიც შეთავსებით საფეხბურთო აკადემიაში მწვრთნელიც გახლავთ, გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველები ომარ ცარიელაშვილი, ნოდარ ნოზაძე და დავით ტლაშაძე, "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი მცველი ამირან ყველაშვილი.

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერთ და აღვნიშნავთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველო ყველა სფეროში და მათ შორის ფეხბურთშიც, თავკომბალას დაემსგავსა - თბილისში იყო კონცენტრირებული ყველა საუკეთესო საფეხბურთო სკოლა, გუნდი და ა.შ. რაიონების სკოლებს კი ძალიან უჭირდათ, ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ პასუხობდნენ და ამიტომაც მოაკლდა ჩვენს ფეხბურთს ის მასაზრდოებელი წყარო, რაზეც იდგა.

მარტო ერთ ფაქტს შეგახსენებთ: 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის ფინალში თბილისის "დინამოში" 12-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთაგანაც თბილისელი მხოლოდ 4 გახლდათ.

აი, ეს იყო ჩვენი ფეხბურთი. ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და ჩამოშლილი საფეხბურთო სისტემის გამო, რეგიონებში საფეხბურთო ცხოვრება ჩაკვდა და მნიშვნელოვანი მასაზრდოებელი წყარო მოაკლდა.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თანამედროვე საფეხბურთო სკოლების აშენება გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ისევ ჩვენს ფეხბურთი წაადგება, ამ სიას რაც უფრო მეტი რაიონი შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გაიხარეთ მაგარი ხალხი ხართ, ჩვენს დროში ფეხბურთზე ასე წრფელად შეყვარებული ადამიანები ბევრი არ არიან და სტატიას რო ვკითხულობდი, ამ 2 კაცის მიმართ დიდი სიმპატიები გამიჩნდა, ღმერთმა გაგაძლიეროთ კაი ქართველი კაცები ხართ და ყველა საქმეში ხელი მოგმართოდეთ! იმედია ეს ბევრისთვის მაგალითი იქნება და კიდევ მრავალი ასეთი ქართული, საფეხბურთო და კაცური საქმე გაკეთდება...
rosoneri_95
16:53 14-10-2012
0
ძალიან კარგი ამბავია, ღვთისგან დალოცვილი ყოფილიყოს ეს წამოწყება და მალე მთელი საქართველო, ყველა რეგიონი მოეცვას სხვადასხვა კლუბებს თუ აკადემიებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდება.
Trophy Manager საფეხბურთო ონლაინ მენეჯერია, სადაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეჯიბროთ 2,500,000–ზე მეტ უცხოელ და 5,000–ზე მეტ მენეჯერს საქართველოდან.

რეგისტრაციისათვის შედით შემდეგ მისამართზე: http://trophymanager.com/?c=1952546

თამაში თარგმნილია ქართულ ენაზე, აქვს საკუთარი ჩათი და ფორუმი, სადაც ყველა შეკითხვაზე ამომწურავად გაგცემენ პასუხს.

თამაშს აქვს მატჩის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მატჩების მიმდინარეობას და ესაუბროთ თქვენი ქვეყნის სხვა მენეჯერებს ლაივ ჩათში. მატჩის ანიმაციები, კარგი ინტერფეისი ასევე უდავოდ დადებითი მხარეა.

ასე რომ დარეგისტრირდით და ისიამოვნეთ!
FC DILA
18:02 14-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული