გია ჭიაბრიშვილი და თემურ შალამბერიძე "ვიტესში" სტაჟირებას გაივლიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ორი წელია, მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესთან" პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს და ამის შედეგი იყო, კლუბში აღზრდილები გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ამ ჰოლანდიურ გუნდში რომ მოხვდნენ.

და აი, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და "ვიტესის" პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგი: ჰოლანდიაში სტაჟირებაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტები - გორის "დილასა" და "ზესტაფონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელები, თემურ შალამბერიძე და გია ჭიაბრიშვილი გაემგზავრნენ.

"ჩვენი კლუბისა და "ვიტესის" პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას თანამშრომლობის შედეგად, არნემულ კლუბში უკვე "საბურთალოს" ორი გაზრდილი თამაშობს.

მერაბი მზად არის, საქართველოს ყველანაირად
დაეხმაროს და მათ შორის, მწვრთნელთა გადამზადებითაც.

შალამბერიძე და ჭიაბრიშვილი უკვე გამოცდილი და ცნობილი სპეციალისტები არიან, მაგრამ სწავლა არ ეთაკილებათ; პირიქით, სურთ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინონ და კიდევ უფრო გაიზარდონ.

ჰოლანდიაში ისინი 10-დღიან სტაჟირებაზე გავუშვით. თემური და გია არნემში დაესწრებიან "ვიტესისა" და კლუბის საფეხბურთო სკოლის ვარჯიშებს, საკლუბო სტრუქტურას, ფეხბურთელთა მომზადებისა და გაზრდის მეთოდიკას.

ჰოლანდიას ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელო სკოლა აქვს და მისი გაცნობა ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა.

ჰოლანდიაში გიორგი დევდარიანის გამგზავრებაც იგეგმებოდა, მაგრამ ახლა მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება და გამგზავრებას ფიზიკურად ვერ ახერხებს" - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

მან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაგვანდო:

"ჩვენს საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელთა კვალიფიკაციას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. "საბურთალოში" ბევრ ცნობილ სპეციალისტს უმუშავია, ბევრი ახლაც მუშაობს: გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე, თემურ შალამბერიძე, გია ჭიაბრიშვილი, ზაზა ზამთარაძე, თემურ ფოცხვერია, დავით კევლიშვილი, მამუკა მინაშვილი, ნოდარ ჭელიძე, გიორგი მიქაძე...

ძლიერი თაობების გასაზრდელად გვსურს, რაც შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტები მოვიზიდოთ.

შალამბერიძე ჩვენთან მუშაობდა, სანამ "დილას" ჩაიბარებდა, ჭიაბრიშვილმა კი მუშაობა ჩვენთან დაიწყო და გეგუჩაძემ აქედან წაიყვანა "გაგრაში", შემდეგ კი "ზესტაფონში".

პირველი უკვე დაგვიბრუნდა და ჩვენი მთავარი მწვრთნელი გახდა. სურვილი გვაქვს, "საბურთალოსთან" ჭიაბრიშვილმაც ითანამშრომლოს.

საქმე ისაა, რომ შორს მიმავალი გეგმები გვაქვს, მომავალ წელს პირველ ლიგაში საკუთარი კლუბით გამოსვლას ვაპირებთ და საამისოდ მწვრთნელთა გაზრდა და აქედანვე მომზადება აუცილებლად გვჭირდება".

და ბოლოს: "საბურთალოს" ხელმძღვანელობამ სამედიცინო უნივერსტიტეტის სტადიონის "ბენდელაზე" განახლება და კეთილმოწყობა შარშან დაასრულა, სადაც მშვენიერი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მოწესრიგებული ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები და საუკეთესო პირობებია.

შარშან "ბენდელაზე" საერთაშორისო ტურნირი ჩაატარა, სადაც "ვიტესის" 1997 წელს დაბადებულებმაც ითამაშეს.

"ფოლკსვაგენის" თასის გათამაშება წლეულსაც გაიმართება და "ვიტესი" კვლავ მოვიწვიეთ. ამჯერად მხოლოდ ეს წყდება - ტურნირს 1996 წელს დაბადებულთა შორის ჩავატარებთ თუ 1997-წლიანებში. ჰოლანდიელების ჩამოსვლა კი გადაწყვეტილია.

ითამაშებენ ქართული კლუბები და შესაძლოა, სტუმრები სომხეთიდანაც გვყავდეს" -  გვითხრა ჭუმბურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული