გიორგი დარასელია: ჩვენი ამოცანაა "დილა" იყოს ძლიერი, ევროპული დონის კლუბი

AutoSharing Option
24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნათან ჟუნიორმა გორის "დილასთან" სეზონის ბოლომდე თანამშრომლობის კონტრაქტს მოაწერა ხელი.

19 ოქტომბერს კლუბის წარმომადგენლებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იგი მედიას და გუნდის ქომაგებს წარუდგინეს.

ჟუნიორს ბრაზილიის გარდა აქამდე კვიპროსში, ლატვიასა და ავსტრიაში უთამაშია. უკანასკნელ წლებში ყველაზე შედეგიანი ორი სეზონი ლატვიაში, კერძოდ რიგის "სკონტოში" გაატარა.

ერთხელ იქაური უმაღლესი ლიგის (ვირსლიგის) ბომბარდირთა შორის მეორე იყო, ერთხელ - საუკეთესო.

ჟუნიორი ბოლოს ავსტრიულ "კაპფენბერგში" თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ ხუთი თვე გაჩერდა, ვინაიდან იქ უკვე ვეღარ გამოირჩეოდა ნაყოფიერი გარჯით (13 მატჩი, 1
გოლი).

"მოხარული ვარ გორის "დილაში" ჩარიცხვით. მოგეხსენებათ, ვიდრე კონტრაქტზე ხელს მოავწერდი, გარკვეულ ხანს გუნდში ვვარჯიშობდი. ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელობამ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შევეცდები მათი იმედები გავამართლო. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება"
- განაცხადა ბრაზილიელმა ახალწვეულმა.

ნათან ჟუნიორს კლუბის დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა 20- ნომრიანი მაისურა გადასცა. ფეხბურთელის კონტრაქტი 1 ოქტომბრიდან მაისის მიწურულამდეა. იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა "დილაში".

წარდგენის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთელს გიორგი დარასელიას ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მას ჟუნიორისთვის თვალი ჯერ კიდევ ისრაელში მუშაობისას დაუდგამს, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა ებრაულ კლუბში ამ ბრაზილიელი თავდამსხმელის გადაყვანა.

- მართალია ამ ფეხბურთელის თამაშით ადრევე მოხიბლული ვიყავი, მაგრამ ისრაელში მისი გადმოყვანაში ხელი შეგვეშალა.

მოხდა ისე, რომ "დილაში" მუშაობის დაწყებიდან მალევე კლუბის ხელმძღვანელებმა თავად შემომთავაზეს ჟუნიორის ტრანსფერი.

მე მათ განვუცხადე, რომ გარკვეულწილად ვიცნობდი ამ ფეხბურთელის შესაძლებელობებს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც დავაკვირდებოდი და გადავწყვეტდი დამეტოვებინა, თუ არა "დილაში". საბოლოოდ ჟუნიორმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდშიც ჩავრიცხეთ.

- მეორე ბრაზილიელის რამოს დოს სანტოს ლეონარდოს ტრანსფერს როდის განახორციელებთ?
- ისიც გუნდის შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად გვჭირდება. რამოს ლეონარდო ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მისი ტრანსფერის დეტალებზე კლუბის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები მუშაობენ, რომლის შედეგიც მალე გახდება ცნობილი.

- ვიდრე გუნდში მოხვიდოდით, "დილაში" მხოლოდ ერთი უცხოელი (სკენდერი) ირიცხებოდა. ამჟამად ერთი დაიმატეთ და ერთსაც ცოტა უკლია შემადგენლობაში მოხვედრამდე. ამიერიდან საკადრო პოლიტიკა უწინდელზე მეტად იქნება უცხოელების მოწვევაზეც ორიენტირებული?
- რა თქმა უნდა ჩვენ ყველა მიმართულებით შევეცდებით ძლიერი ფეხბურთელების ძიებას, საქართველო იქნება ეს, თუ უცხოეთი, რადგან ჩვენი ამოცანაა გორის "დილა" იყოს ძლიერი, ევროპული დონის კლუბი და წარმატებები მოიპოვოს, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული