სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები

AutoSharing Option
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებამ მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდო სათავე.

საფეხბურთო სამყაროში ახალი მოძრაობები დაიწყო, რომლის მიზანიც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლა არის - როგორც ამბობენ, მხოლოდ კანონის ფარგლებში და შენობებში შევარდნისა და რევოლუციების გარეშე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პოსტზე ხელმეორედ 2011 წლის 22 იანვარს, XIX საარჩევნო ყრილობაზე აირჩიეს.

მაშინ სიჭინავა პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის 20-მა სუბიექტმა წარადგინა, კანდიდატი კი მხოლოდ ის გახლდათ. მას ლეგიტიმაციის ვადა 2015 წლ
ამდე აქვს.

მაგრამ მიაღწევს თუ არა სიჭინავა ამ ვადამდე და რა მოხდება, ახლა ამას დაბეჯითებით ვერავინ იტყვის.

თუმცა უკვე გაჩნდა ინფორმაციები, რომ რამდენიმე პიროვნებას ამ პოსტის დაკავება სურს.

Sportall.Geმიხეილ ყაველაშვილი
საქართველოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი სახელმწიფოს ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციის 2007 წლის 13 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უხეში ჩარევის გამო დაუპირისპირდა.

მაგრამ მაშინ ყაველაშვილი ოპოზიციონერობაზე არც ფიქრობდა, სანამ ფეხბურთიდან არ მოკვეთეს, ბოლოს კი ქვეყანაში ჩამოსვლაც საშიში გაუხდა.

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 41 წლის ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი გახდეს.

მაგრამ ის ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ არ ჩქარობს და ამბობს: "ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, რადგან სანამ ვინმე კანდიდატურას წამოაყენებს, მანამდე უნდა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები".

ყაველაშვილი ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში სამართლიანი არჩევნები იმიტომ არის აუცილებელი, რომ მის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბრუნდეს. ამავე დროს, ფედერაციისა და საერთოდ, ქართული ფეხბურთის მიმართ ნდობის აღსადგენად, სიჭინავას გადადგომა ურჩია.

Sportall.Geდავით უგრელიძე
ფეხბურთის ფედერაციაში სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს და სიჭინავას გადადგომისკენ მოუწოდებს დავით უგრელიძეც.

"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, "გურიას" ვეტერანებთან ერთად, "ქართული ოცნების" თემატურ ჯგუფში გაწევრიანდა და ლანჩხუთში თემურ ჩხაიძის საარჩევნო შტაბში იყო.

უგრელიძე ამბობს, რომ პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს და სახელმწიფოს წლიური დახმარება 7 მილიონი ლარი ნაკრების ნაცვლად ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ხმებს საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს: "ჯერ ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ფეხბურთი შემთხვევითი ხალხისგან გავათავისუფლოთ. შემდეგ კონკურენტუნარიან გარემოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი და ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი. სანამ ეს წინაპირობა არ შეიქმნება, ჩემს კანდიდატურაზე ლაპარაკი ნაადრევია".

მამუკა კვარაცხელია
თუ ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, მასში მონაწილეობას მიიღებს უეფას მედიაოფიცერი, საქართველოს დამოუკიდებელი ფედერაციის ჩამოყალიბების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მამუკა კვარაცხელია.

45 წლის კვარაცხელია ორჯერ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, რის გამოც საკუთარ ტყავზე იწვნია რეპრესიები, ერთხელ სასიკვდილოდაც გაწირეს და ბედზე გადარჩა.

კვარაცხელია მაშინ იმედოვნებდა, რომ მოახერხებდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და დელეგატების მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ მისი კანდიდატურის წარდგენა ვერავინ გარისკა.

კვარაცხელიას ბევრი საინტერესო მოსაზრება გააჩნია. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლა არის. ფიქრობს, რომ საფეხბურთო სკოლებისა და რეგიონებში საფეხბურთო მეურნეობის მოწყობის პრინციპები დროის მოთხოვნების მიხედვით უნდა შეიცვალოს.

ამჟამად მამუკა კვარაცხელია უეფამ უკრაინაში დონეცკის "შახტარისა" და ლონდონის "ჩელსის" მატჩზე მედიაოფიცრად მიავლინა და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. მის კომენტარებს საქართველოში დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ლევან კობიაშვილი
ყველაზე მოულოდნელი კანდიდატურა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დიახ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე ბერლინის "ჰერტას" ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილიც დაფიქრდა.

თუმცა ამ ამბავს მისი ახლო მეგობარი, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ჯერჯერობით უარყოფს: "ეს საკითხი სერიოზულად ჯერ არ განხილულა. მე ლევანის მეგობარი ვარ და პრეზიდენტობა რომ სურდეს, ეს ნაღდად მეცოდინებოდა. თანაც, კობიაშვილს "ჰერტასთან" კონტრაქტი აკავშირებს. მგონია, რომ ახლა უნდა შევქმნათ პრეცედენტი, პრეზიდენტმა საარჩევნო ვადა დაასრულოს და მერე სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს".

და მაინც: დეტალებზე ზუსტად ვერაფერს მოგახსენებთ და ვერ გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილს კარიერის დასრულება და კანდიდატურის წამოყენება უკვე გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჩვენთვის დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ამ საკითხზე მეგობრებთან ერთად, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ფიქრობს და გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებებიც ჰქონდა.

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ეროვნული გუნდიდან მადლობის გარეშე დაითხოვეს.

18-წლიანი (?!) კარიერის განმავლობაში უთამაშია რუსთავის "გორდაში" (1994-1995), თბილისის "დინამოში" (1995-1997), ვლადიკავკაზის "ალანიაში" (1997-1998), "ფრაიბურგში" (1998-2003), "შალკეში" (2003-2009), 2009-წლიდან დღემდე კი ბერლინის "ჰერტაშია"; გახლავთ გუნდის კაპიტანი და კიდევ - გერმანიაში შეარქვეს მეტსახელი "მისტერ საიმედოობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩატარდეს არჩევნები და გირსეულმა გაიმორჯვოს ..
0
კობის, რომ უნდა პრეზიდენტობა ეს საიდან გაიგეთ? მის ერთ მეგობარს ახსენებთ მარტო და ისიც უარყოფს. თქვენ თვითონ გამოიგონეთ?
Rati
14:33 22-10-2012
0

სიახლეები პოპულარული